სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილთა ჩასახლებებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

ქალაქ ჯვარში, სარალიძის ქუჩა N1-ში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 19 ოჯახი ცხოვრობს, სახურავის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.

დღესვე, გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად, ქალაქ ფოთში, ახალ რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და გაგრისა და აფხაზეთის ქუჩებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.

აღნიშნულ მისამართებზე 10 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი სახურავის მოწყობა განხორციელდა, ასევე, დამონტაჟდა 18 ერთეული ლითონის კარი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

2026-06-10
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება და ის ძირითადი გამოწვევები განიხილეს, რომლებსაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობასა და გადაადგილების თავისუფლების საკითხებს.

მხარეებმა სამომავლო აქტიური თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა გამოთქვეს.

2026-06-08
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებაზე „მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“. 

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის გამართვა 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს არის დაგეგმილი.

2026-06-03
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა.
 
კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
 
სამედიცინო აქციაში ქვეყნის წამყვანი ექიმები ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პედიატრი და ბავშვთა პულმონოლოგი ივანე ჩხაიძე, პედიატრი თემურ მიქელაძე, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ბიძინა კანაშვილი, ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა, ნევროლოგი გვანცა არველაძე, პედიატრი ჯაბა ყიფიანი, ორთოპედ- ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, უროლოგი პაატა გიორგაძე, ოტორინოლარინგოლოგი ვაჟა ქათამაძე, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე, ოფთალმოლოგი ქეთი ოქრუაშვილი და ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს.
 
დევნილი მოზარდებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები, ქვეყნის წამყვან ექიმ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.
2026-06-01
მთავრობის აპარატი
კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
 
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა, აფხაზეთის თემაზე სხვადასხვა კონკურსების ჩატარების აუცილებლობაზე და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუა და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
 
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების ვიდეოკოლაჟის ჩვენება.
 
კონკურსის გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დააჯილდოვეს.
 
აფხაზეთის თემისადმი მიძღვნილი კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და მასში 10-დან 17 წლამდე 300-მდე მოზარდი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთიდან.
2026-05-30
მთავრობის აპარატი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამშვიდობო სწავლების ცენტრი“ გაიხსნა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამშვიდობო სწავლების ცენტრის“ საზეიმო გახსნა გაიმართა, რომელიც ხელს შეუწყობს სამშვიდობო ინიციატივებში სტუდენტების ჩართულობის გაძლიერებას.
 
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა. მთავრობის თავმჯდომარემ სამშვიდობო პროცესებში სოხუმის სახელმწიფო უნივერისიტეტის როლის გაძლიერებაზე და სტუდენტების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა.
 
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მაკეტის გახსნა და თეატრალური წარმოდგენა - „სოხუმში დაბრუნება“, რომელიც რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ გურამ ოდიშარიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა.
2026-05-29