სიახლეები

მთავრობის აპარატი
ბაკურიანში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ხორციელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ბაკურიანში პროექტის „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ დახურვის ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს შეხვდა.

გიორგი ჯინჭარაძემ მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

ხუთდღიანი პროექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება და აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

2025-09-23
მთავრობის აპარატი
ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად დიღმის ძმათა სასაფლაოზე მიაგო პატივი.
 
„ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი, რომელიც სამუდამოდ დარჩება მთელი ჩვენი ერის მეხსიერებაში. ამ ადამიანების თავგანწირვა გვავალდებულებს, გავაგრძელოთ ქვეყნის გამთლიანებისკენ მიმართული სამშვიდობო პოლიტიკა და ყველაფერი გავაკეთოთ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერის აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.
 
1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი. მოლაპარაკებების შედეგად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ეტაპობრივად მიმდინარეობს ცხედრების მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება.
2025-09-22
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიმართა, რომელმაც ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც სექტორის კიდევ უფრო მეტი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

2025-09-18
მთავრობის აპარატი
ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის მიმდებარედ საინფორმაციო სივრცე გაიხსნა

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მხადაჭერისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ენგურის ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა საინფორმაციო სივრცე, სადაც სპეციალური „თაჩპადი“ - ციფრული საინფორმაციო დაფა დამონტაჟდა.

„თაჩპადში“ ინტეგრირებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ. ინოვაციურ სისტემაში ასევე ხელმისწავდომია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები. „თაჩპადის“ გამოყენებისას სრულად არის დაცული მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რადგან სისტემა არ საჭიროებს პერსონალური ინფორმაციის შეყვანას.

„თაჩპადის“ გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად დაესწრო. გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების საქმეში, ასევე ხელს უწყობს მათ ინფორმირებულობასა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაზრდას.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-09-17
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ქუთაისში ბინები გადაეცათ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ 720 დევნილ ოჯახს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და სრულად გარემონტებული ბინა გადასცა.

ბინების გადაცემის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად დაესწრო.

720 დევნილ ოჯახზე გათვლილი, 3 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 77 347 872 ლარი შეადგინა. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ბიუჯეტიდან, 2 940 000 ლარი გამოიყო.

2025-09-16
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე - ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ აფხაზეთიდან დევნილ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №1 საჯარო სკოლას ეწვია და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება ზუგდიდიდან მიულოცა.

გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ოქროს მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.

„დღეს ზუგდიდში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე და სწორედ აქედან ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას აფხაზეთიდან დევნილ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებენ ქართულ ენაზე განათლების მიღებას.

აქვე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პედაგოგებს, რომლებიც დიდი რისკისა და შიშის ფასად ახერხებენ სასწავლო პროცესის ქართულ ენაზე წარმართვას და ამით აფხაზეთში საქართველოსა და მის მომავალს ინარჩუნებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

დღესვე, ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.

2025-09-15