აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შეხვდნენ, დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მეცნიერულ მუზეუმ „ექსპერიმენტორიუმში“ გაიმართა და მასში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე დევნილი ოჯახების ბავშვები მონაწილეობდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას სხვადასხვა არაფორმალური, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობის მეშვეობით.

2024 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება ჩატარდა, სადაც 2024 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ჩემპიონატში აფხაზეთის საჯარო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.

2024 წლის „ეტალონი მოსწავლე“ აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე რაულ შენგელია გახდა. მეორე ადგილზე აფხაზეთის №21 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ანა კვარაცხელია გავიდა, ხოლო მესამე ადგილი აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე თამარ კიკალიშვილმა დაიკავა.

პირველ 10 ადგილზე გასული მოსწავლეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვა.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი თავადების ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების დარბაზი გაიხსნა. დარბაზში განთავსდა ჩხოტუების ცნობილი საგვარეულოს საოჯახო არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებული პროექტის ფარგლებში ესპანეთიდან ჩამოიტანეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და ჩხოტუების ოჯახის წარმომადგენლებმა.

აფხაზი თავადების საარქივო მასალების საქართველოში ჩამოტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით პროექტის „აფხაზური არქივები“ ფარგლებში განხორციელდა.

ჩხოტუების ოჯახის გადაწყვეტილებით ჩარლზ ჩხოტუას ფერფლი, მისი ანდერძის თანახმად თბილისში ჩამოიტანეს და დღეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ჩარლზ ჰოვარდ ჩხოტუას ბებია, მამიდა და მამის ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას გული განისვენებენ. ადგილზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთი“ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ჩარლზ ჩხოტუას ოჯახის წევრები - მეუღლე, შვილები, დისშვილი და შვილიშვილი ჩამოვიდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმსარულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის ეკლესიაში პარაკლისი აღევლინა

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წალკელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა (კაცია) პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.

2024 წლის 21 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა განიხილეს მთავრობის დადგენილების პროექტები აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაქვემდებარების ცვლილებების თაობაზე.

მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ - „სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ“ და აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერების ცენტრის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 იანვრის № 10 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებსა და მათდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის კუთხით არსებული მდგომარეობისა და დაგეგმილი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა დასრულდა

ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში აფხაზეთის ღია პირველობის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ, რომლებმაც „აფხაზეთის თასის“ მონაწილეები თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს. 

შეჯიბრი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ.

„სქილვილში“ პროგრამის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

ნეო უნივერსიტეტ „სქილვილში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი გაბედავა პროგრამის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ ახალ და ძველ მონაწილეებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი სტატუსის მქონე პირები, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, სრული დაფინანსებით სწავლობენ თანამედროვე პროფესიებს, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს შრომით ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები. 

მიმდინარე სემესტრში, მაღალი მოთხოვნის გამო დაემატა ახალი მიმართულებები. დევნილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ 7 ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა, მათ შორის: IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მარკეტინგი. 

სასწავლო კურსი 3-დან 7 თვის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემათ.

პროგრამა „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის და ნეო უნივერსიტეტი „სქილვილის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილი ადამიანების სამოქალაქო ინტეგრაციასა და დასაქმებას.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი იმყოფებოდნენ.

რუსლან აბაშიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან ერთად აღავლინა.

წირვის დაწყებამდე, სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.

სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ბავშვთა თავშესაფარს სააღდგომო საჩუქრები გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა ბესიკ სილაგაძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ მოინახულეს. მთავრობის თავმჯდომარემ ბავშვებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ყოველწლიურად ხორციელდება.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გუანჯოუში შეხვედრები გამართეს

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის  მთავრობის  წარმომადგენლები  ქალაქ გუანჯოუს მთავრობის წევრებს და  მეწარმეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.

შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმდჯომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს ”ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ჩინური მხარის მიერ  საქართველოში ვიზიტის და  ვითარების ადგილზე გაცნობის სურვილი გამოითქვა.

მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე გუანჯოუს რამდენიმე ყველაზე მძლავრი მსუბუქი მრეწველობის საწარმო დაათვალიერეს.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გუანდუნის პროვინციაში შეხვედრა გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გუანდუნის პროვინციაში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.  

შეხვედრისას მხარეებმა საინვესტიციო ჭრილში, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მხარდასაჭერად სამომავლო თანამშრომლების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობდნენ.

აღნიშნული სავაჭრო ცენტრი უმსხვილესია გუანდუნის პროვინციაში და სხვადასხვა პროდუქციის მეწარმეთა ასოციაციას აერთიანებს.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ,  აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში, სენაკსა და ფოცხოეწერში განსახლებულ დევნილებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.

დღესვე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად იმართება და სასურსათო პროდუქტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებიან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა „სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ ხელმძღვანელთან,  საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთან ქალაქ გუანჯოუში, ბექა მიქაბერიძესთან გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელშეწყობის, ჩინური ინვესტიციების მოზიდვისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებასა და მეწარმეების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობენ.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები საქართველოს ბიზნეს სახლის ხელმძღვანელის ორგანიზებით იმართება.

ბიზნეს სახლის მთავარი მისიაა ახალი აბრეშუმის გზაზე მყოფი ქვეყნები გააერთიანოს ერთი პლატფორმის ქვეშ და მათ შორის განავითაროს სავაჭრო-ბიზნეს ურთიერთობები.