სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ ახალი ფორმის პრეზენტაციას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ ახალი ფორმის პრეზენტაციას დაესწრო.
 
ღონისძიების ფარგლებში, კლუბმა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებსა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს ქალაქ გაგრის არქიტექტურით შთაგონებული, ახალი სათამაშო ფორმა წარუდგინა.
 
პრეზენტაციაზე მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბის მნიშვნელობაზე და აფხაზეთის მთავრობის მიერ კლუბის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
 
გიორგი ჯინჭარაძემ, ასევე, გუნდის თითოეულ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს სამომავლო წარმატებები უსურვა.
 
საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ ახალი ფორმის დიზაინი ისტორიულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ესთეტიკასა და იმ ღირებულებებს აერთიანებს, რომელიც კლუბის იდენტობას განსაზღვრავს. პროექტის მთავარ მიზანს ერთიანობის იდეის გაძლიერება და კლუბის თანამედროვე ხედვის საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენს.
2026-07-13
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გლდანის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
 
შეხვედრაში აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, გლდანის რაიონის დელეგატი პარლამენტში ვლადიმერ ბოჟაძე და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე მონაწილეობდნენ.
 
შეხვედრაზე მათ ადგილზე არსებული საჭიროებები შეისწავლეს და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
 
აღნიშნულ მისამართზე აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, განახლდა არსებული და ასევე დამონტაჟდა ერთი ახალი ლიფტი.
2026-07-12
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ელჩს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ძირითადი გამოწვევები გააცნო.
 
გიორგი ჯინჭარაძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.
 
შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
2026-07-09
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ანაკლიაში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ანაკლიაში, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა.
 
შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ 2026 წელს წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის, სოციალური მხარდაჭერის, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოფლის მეურნეობის პროგრამული ნაწილის დაფინანსება.
 
მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რამაც ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდა გახადა შესაძლებელი.
„როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს წელს, შესაბამისად, გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ყველა მიმართულებით თვისობრივად ახალი პროექტები, პროგრამები", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად, კვლავ ჯანდაცვის მიმართულება რჩება. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროგრამების დაფინანსება, რომელიც დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხორციელდება.
 
„დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანით - ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ სამჯერ და ბიუჯეტი გახდა რვა მილიონ ოთხასი ათასი, ეს არის პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც მიემართება უშუალოდ დევნილების ჯანმრთელობის დაცვას. მომართვიანობა გაზრდილია და შეადგენს 12 ათას ბენეფიციარს. 12 ათასი ბენეფიციარიდან 500 იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოცემულობა, სადაც ჩვენი ჩართულობით 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ეს ერთი წლის შედეგია და შემდეგი წლები ჯანდაცვის მიმართულებას მეტ შესაძლებლობას მისცემს.
 
მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა პოლიკლინიკები უმთავრესი პრიორიტეტია, ამ კუთხით სამი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურულ აღჭურვას, ასევე ტექნიკურს. სიახლეა ის, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად ჩვენ გვექნება ახალი პოლიკლინიკა წყნეთში და სამომავლოდ, ფოთში ვგეგმავთ ახალი პოლიკლინიკის აშენებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს პროექტებზეც ისაუბრა.
 
„სოციალური მიმართულება, რა თქმა უნდა, რჩება უმთავრეს გამოწვევად აფხაზეთის მთავრობისთვის, თუმცა ღირსეულად ვუმკლავდებით ჩვენი რესურსის ფარგლებში და ციფრები ამაზე მეტყველებს.
 
მინდა დავიწყო გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოებით, რომელიც ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ, წლევანდელი წელი ჩვენთვის არის მოტივაცია, რომ მეტი სიკეთე შევთავაზოთ ჩვენს დევნილ მოსახლეობას“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
 
მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, საანგარიშო პერიოდში, ახალგაზრდების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, წარმატებული ახალგაზრდების სტიპენდიით უზრუნველყოფაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგებსა და ახალგაზრდულ ბანაკებზე.
 
„როდესაც ვსაუბრობთ აფხაზეთზე და ჩვენს მშვიდობიან, ღირსეულ დაბრუნებაზე, უმთავრესია ჩვენი მომავალი თაობა და განათლება, შესაბამისად, განათლება არის უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც აფხაზეთის მთავრობა ყველაზე დიდ აქცენტს აკეთებს. საკმაოდ კარგი ინიციატივები დავნერგეთ მიმდინარე წელს, ჩემი ინიციატივით, პირველად დაწესდა ყოველთვიური სტიპენდია წარმატებულ სტუდენტებზე, 221-მა წარმატებულმა სტუდენტმა ისარგებლა აღნიშნულით, ასევე, 185 ახალგაზრდას დაუფინანსდა სწავლის გადასახადი, ჯამში, 500-მა სტუდენტმა ისარგებლა ფინანსური მხარდაჭერით“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
 
გიორგი ჯინჭარაძის თქმით, აფხაზეთის მთავრობის შერიგების პოლიტიკა უცვლელია და ის აფხაზებთან ურთიერთობის ღირსეულად, პატივისცემითა და ურთიერთნდობით აღდგენას ითვალისწინებს.
 
„რაც შეეხება ნდობის აღდგენის და შერიგების მიმართულებას, როგორც უკვე ბევრჯერ აღვნიშნე, ეს არის ჩვენი მისია, რომ ღირსეულად, პატივისცემით, ურთიერთნდობით, რომელიც საუკუნეები აფხაზ ძმებთან და დებთან გვაკავშირებდა, მოხდეს ურთიერთობის ღირსეული აღდგენა. ამ კუთხით, 15 პროექტი განვახორციელეთ, სადაც ჩართული იყო სამასამდე ადამიანი და რა თქმა უნდა, სამომავლოდ ვგეგმავთ ბევრი პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
მოხსენების შემდეგ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.
2026-07-08
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

2026-07-02
მთავრობის აპარატი
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი დასრულდა

2026 წლის 30 ივნისს-1 ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს.

ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.

ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.

2026-07-02