აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესტუმრნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ოჯახის წევრებთან ერთად  ესტუმრნენ.  მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები, სამშობლოსათვის კვლავაც ერთგული მსახურება და წარმატებული ცხოვრება უსურვა.

რუსლან აბაშიძე ბაღდათში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესლუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ბაღდათში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებმა მთავრობის წარმომადგენლებს მათ წინაშე არსებულ პრობლემურ საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და გეგმებზე რომლებიც დევნილთა თვითდასაქმებას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

დღესვე, რუსლან აბაშიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერ არჩილ გოგსაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ბაღდათში მცხოვრებ დევნილთა საჭიროებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრებში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რუსლან აბაშიძე ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ხონში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ პრობლემურ საკითხებს, დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. რუსლან აბაშიძემ დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.  

რუსლან აბაშიძე ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან  ერთად გაეცნო ხონის №2 ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგაც ბაღი ძირითადად აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მოემსახურება. ასევე მოინახულეს ხონის №4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, სადაც 200-მდე დევნილი მოსწავლე სწავლობს.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.

რუსლან აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, გაითვალისწინოს აფხაზეთის მთავრობის წინადადება რესპუბლიკური ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.

დღეს, ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები ითხოვს სწრაფ და ადექვატურ რეაგირებას, რისთვისაც საჭიროა საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივი მიმართვა. აღნიშნულ კონტექსტში საგულისხმოა, რომ ტრანსფერის გაზრდა საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის პროგრამული ნაწილი, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და დევნილი მოსახლეობას აგრარულ და ბიზნეს საქმიანობაში ჩართულობას, განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაძლიერებას, სამოქალაქო ინტეგრაციას და მაქსიმალურად იქნება მორგებული აფხაზეთის საზოგადოების საჭიროებებზე. იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გაჟღერებული ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ.

რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

დეპუტატებს ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ მიაწოდეს.

სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ასევე, აფხაზეთის საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და აფხაზური ენის შეზღუდვებთან და რუსული ენის დომინანტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დღესვე, დახურული სხდომის ფორმატში ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე მოისმინეს ინფორმაცია.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ იაპონიის ელჩს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატთან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ასევე, იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, კერძოდ, სოფელ რუხში მოწყობილ სასათბურე მეურნეობაზე, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებულნი. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი მასატაკა ობატა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე სპექტაკლის „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ პრემიერას დაესწრო

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში  დიმიტრი ხვთისიაშვილის და ანანო მირიანაშვილის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ პრემიერა გაიმართა. 

სპექტაკლი მაყურებელს მოუთხრობს ორი ახალგაზრდის, ქართველი ლუკას და აფხაზი სოფიას სიყვარულის ისტორიას, რომელმაც საოკუპაციო ზოლის მავრთულხლართები გადალახა და  26 წლიანი მტრობა დაამარცხა.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ესწრებოდნენ.

სპექტაკლის პრემიერა  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხარდაჭერით შედგა.

რუსლან აბაშიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის ელჩს გააცნო ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდომარეობაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება.

მთავრობის თავმჯდომარემ ჩეხ დიპლომატთან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

რუსლან აბაშიძე იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ იტალიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მძიმე სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები ლევან გერაძე და ნანა გოგოხია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე „ეგრისობის“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრო

სენაკში „ეგრისობა 2019“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ლევან კუპრეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჟიული შარტავას მუზეუმი მოინახულა, ასევე გვირგვინით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

„ეგრისობაზე“ სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. ნოქალაქევის უძველეს ციხე-გოჯში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერება, ხალხური რეწვისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა.

სახალხო დღესასწაულის ბოლოს ქუჯის ისტორულ ქალაქში გალა-კონცერტი და საპატიო სენაკელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

„ეგრისობის“ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი ესწრებოდნენ.

წყალტუბოში დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქალაქ წყალტუბოში იმერეთის რეგიონის დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ორი დღის განმავლობაში დევნილებს ჩაუტარდათ ტრეინინგი და მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს. მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს პრობლემური საკითხები, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში არსებულ საჭიროებებს გაეცნენ და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ამხანაგობების თავმჯდომარეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) დაურიგდათ. 

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

პროექტის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში. პროექტი აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"-ს პარტნიორობით ხორციელდება.

რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იმერეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და საჭიროებები, მათ შორის, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების საკითხი იყო.

იმერეთის გუბერნატორმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სამომავლო  თანამშრომლობის საკითხებზე და პროექტებზე იმსჯელეს.

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იმერეთის თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის წყალტუბოშიც არიან ჩასახლებული, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პროექტი იწყება. ქუთაისსა და წყალტუბოში ასევე მიმდინარეობს იმერეთის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი ბინების  მშენებლობა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სოლო-კონცერტი გაიმართა

დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელას  სოლო-კონცერტი გაიმართა. 

კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა  ჯგუფ „The Georgian Six“-თან ერთად 6 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლეში, დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმს საზეიმოდ გახსნის. სტრასბურგში შესრულდება აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო  კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის მიერ საგანგებოდ ამ კონცერტისთვის არანჟირებული ქართული და უცხოური კომპოზიციები. 

დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმი 6-8 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ევროპის საბჭოს 47 წევრი და ექვსი დამკვირვებელი ქვეყნის) 2000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა პირდაპირი ეთერით  მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სოლო-კონცერტი ასევე „Respire Temple Neuf“-ის ტაძარში გაიმართება, რომელსაც ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

2019 წლის 31 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგების შესახებ.

განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“.

ასევე, მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგების შესახებ.

რუსლან აბაშიძე „FINSOL"-ის პრეზიდენტ ხულიო გარსია კარპიოს შეხვდა

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ მადრიდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძისა და ესპანური ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL"-ის პრეზიდენტ ხულიო გარსია კარპიოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი ჰუმანიტარული და სოციალური ხასიათის პროექტები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და „FINSOL“-ის თანამშრომლობით წლების განმავლობაში მიმდინარეობს. მხარეები არსებული პროექტების გაგრძელებასა და  ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე მადრიდის რეგიონის ქალაქ ტრეს კანტოს მერი ხესუს მორენო გარსია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL“ 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტები ხორციელდება.