აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაში  ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ანტონ კორინევიჩი,  პირველი მოადგილე დარია სვირიდოვა და მოადგილე თამილა ტაშევა მონაწილეობდნენ.

კონფერენციის დაწყებისას მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა დააფიქსირეს.

რუსლან აბაშიძემ და ჯემალ გამახარიამ უკრაინულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. საუბარი შეეხო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვას, იძულებით პასპორტიზაციას, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების აკრძალვას, ქონების საკუთრებაში ფლობის უფლების ჩამორთმევას, ჯანდაცვის კუთხით არსებულ რთულ ვითარებას, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მილიტარიზაციისა და ბორდერიზაციის პროცესებს.

თავის მხრივ უკრაინულმა მხარემ კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკაში არსებული ვითარების შესახებ.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის მსგავსებებზე.

შეხვედრის ბოლოს ქართულმა და უკრაინულმა მხარემ ოკუპაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ვიდეოკონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში უკრაინის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ინფექციის გავრცელების თითოეულ ეტაპზე  საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

26  მაისი  საქართველოს  სუვერენიტეტის  აღდგენის  დღეა,  რისთვისაც  თაობები  იბრძოდნენ. 

აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის  სახელით  ვულოცავ  სრულიად  საქართველოს,  აფხაზეთის  საზოგადოებას  ისტორიული  სამართლიანობის  აღდგენას. 

ჩვენი  ქვეყნის  საზოგადოების  სულიერმა  და  მორალურმა  სიძლიერემ  განაპირობა,  რომ  ქვეყანას  არ  მოკლებია თავისუფლებისთვის  მებრძოლი  პიროვნებები. 

დღევანდელი  დღეც,  ყოველ  ჩვენთაგანს  გვავალდებულებს  გავითავისოთ   ქვეყნის,  ერის  და  მომავალი  თაობების  წინაშე  არსებული  ჩვენი  წილი  პასუხისმგებლობა,  ვინაიდან  დამოუკიდებლობა  სრულყოფილი  ვერ  იქნება, ვიდრე  ოკუპირებული  ტერიტორიები  არსებობს.

მჯერა,  რომ  საქართველო  იქნება  ერთიანი,  ძლიერი,  დემოკრატიული  სახელმწიფო,  რომელიც  ღირსეულ  ადგილს  დაიმკვიდრებს ერთიან ევროპულ  ოჯახში“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

23 მაისი „აფხაზეთის დღეა“

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.

2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნებოდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებდა მონაწილეობას.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო „აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდა.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

„აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ადგილებში განთავსებულ მონიტორებზე, ოთხი დღის განმავლობაში, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება. ვიდეორგოლში გადმოცემულია თითოეული ადამიანის გულში დაგროვილი, მონატრება, სიყვარული და ფიქრები აფხაზეთზე. კლიპის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მუსიკის ავტორი დავით ევგენიძე.

რუსლან აბაშიძესა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის თავმჯდომარემ იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს იტალიის ხელისუფლების მხრიდან იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

რუსლან აბაშიძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება, მათ შორის იქ მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტები და სხვა მიმდინარე მოვლენები.

ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროებში შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან  4 წელი გავიდა

„გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან  4 წელი გავიდა.

19 მაისი ყოველი ჩვენთაგანისთვის მტკივნეული დღეა, ვინაიდან, ადამიანის სიცოცხლის დაცვის უფლება საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი პრინციპების უმთავრესი კრიტერიუმია, რომელიც სამწუხაროდ ამ დღეს არ იქნა დაცული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახის წევრებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება სამართლის აღსრულება და დამნაშავე პირი პასუხს აგებს სისხლის სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის მილოცვა ევროპის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო შეუქცავადად ადგას ევროპული განვითარების გზას და ერთგულია იმ ევროპული ღირებულებების, როგორიც არის ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა. დღეს, საქართველო, ისე როგორც არასდროს არის ახლოს ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ევროპის დღე მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომელთაც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად მომავალი თაობებისთვის უზრუნველყვეს მშვიდობიან და უსაფრთხო სამყაროში ცხოვრება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი ჯგუფის ინვალიდებს სასურსათო პროდუქტი და პირბადეები დაურიგდებათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ შამუგიას შეხვდნენ და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი, ასევე, ვაზიანის საწარმოში დამზადებული პირბადეები გადასცეს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი ჯგუფის ინვალიდებს საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ.

ფოცხოეწერსა და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერის კომპაქტურ ჩასახლებასა და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სასურსათო დახმარება მიიღეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად ფოცხოეწერში იმყოფებოდა, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა.

დევნილთა სასურსათო დახმარების აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

რუსლან აბაშიძე ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს
„დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 29 წელი გავიდა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ვულოცავ ყველა სამხედროს, საქართველოს ღირსეულ შვილებს, რომლებიც აგრძელებენ ჩვენი წინაპრების გზას და საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს ღირსებას, დამოუკიდებლობას და ქვეყნის მომავალს იცავენ.
 
დიდია თქვენი მისია ქართული ჯარის უახლეს ისტორიაში. თქვენ, საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებით ქართული სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოებას და ღირსეული წვლილი შეგაქვთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.
 
პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
2020 წლის 30 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 3 თვის შედეგების შესახებ. ასევე, განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე საკითხები.

ანზორ მარგიანმა კოდორის ხეობიდან დევნილ ოჯახებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და  ზემო აფხაზეთში მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი ქალაქ გარდაბანში იმყოფებოდნენ, სადაც აღმაშენებლის ქუჩაზე  მცხოვრებ კოდორის ხეობიდან დევნილ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, ხანდაზმულ  ბენეფიციარებს  პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი პირადად გადასცეს. 

ვაზიანის დასახლებაში მდებარე სოციალურ საწარმოებში პირბადეების და პურის წარმოება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი ვაზიანის დასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც სოციალური სამკერვალო და პურის საცხობი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ საწარმოო პროცესს.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა (TİKA) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ვაზიანის დასახლებაში არსებულ სამკერვალოში პირბადეები დამზადდება, რომელიც დევნილ მოსახლეობას ახალი კორონავირუსისგან დასაცავად გადაეცემა. ასევე ვაზიანში არსებულ სოციალურ საწარმოში პურის ცხობა დაიწყო. პროდუქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებს დაურიგდებათ.

პირბადეების დასამზადებლად და პურის გამოსაცხობად საჭირო მასალა საწარმოებს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ გადასცა. ორივე საწარმოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ თბილისში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ქალაქ თბილისში მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაონებში, ასევე დაბა წყნეთში განხორციელდა, სადაც სპეციალური ხსნარით სულ 187 ობიექტი დამუშავდა.

სამუშაოები სსიპ  „აფხაზეთის   გარემოს, გეოლოგიის  და  მინერალური  რესურსების  სააგენტომ“ განახორციელა.