სიახლეები

მთავრობის აპარატი
ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. ღონისძიება აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა, რომელშიც თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

სამედიცინო აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ, უფასოდ ჩაიტარონ მრავალპროფილური გამოკვლევები, ექიმის დანიშნულების შესაბამისად კი მათ უფასო მედიკამენტები გადაეცემათ.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გაეცნენ.

მთავრობის თავმჯდომარე ასევე დევნილ ბენეფიციარებს შეხვდა და იმ პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილთა საჭიროების გათვალისწინებით 2026 წელს განახორციელებს.

სამედიცინო გამოკვლევების პროგრამის მიზანია დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა და ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

2025-11-01
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის საპილოტე პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო

აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის ფსიქოსოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის მხარდამჭერი საპილოტე პროგრამა დაიწყო, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და პირველ ბენეფიციარებს შეხვდა.

გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, ვეტერანების მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ყველაფერი კეთდება მათი კეთილდღეობისთვის.

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდა ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომელთა ბენეფიციარები დღეს მოვინახულე. მიხარია, რომ ასეთი კარგი საპილოტე პროგრამა გამოვიდა და სამომავლოდ, აფხაზეთის მთავრობა ყველა იმ პროგრამას, რომელიც ახალი წლიდან განახორციელებს მორგებული იქნება ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებასა და კეთილდღეობაზე“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები იმყოფებიან.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური თერაპიის სესიები, ფიზიკური რეაბილიტაცია და პროფესიული კონსულტაციები.

2025-10-31
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში 1 500 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება დაიწყება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ძირითადად სახურავების გადახურვის, ფასადების რეაბილიტაციის, კომუნიკაციების მოწესრიგების და საერთო სარგებლობის სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და 2026 წელსაც მოიცავს. საერთო ჯამში პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს მიაღწევს.

დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება მიმდინარე წელს, უშუალოდ გიორგი ჯინჭარაძის და აფხაზეთის მთავრობის წევრების მიერ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე განხორციელდა.

2025-10-30
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

სტუმრებს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიმართეს.

საზეიმო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

2025-10-29
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიმართეს. მათ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მრავალწლიანი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისთვისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო - 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

2025-10-28
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე  საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე, როგორც ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო, ასევე, ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტებზე.

ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

მხარეებმა ასევე, სხვადასხვა მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.

2025-10-21