სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრად ალიონა ჩხოტუა დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე ალიონა ჩხოტუა დანიშნა.

ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

ალიონა ჩხოტუა 1976 წელს გაგრაში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. მას საჯარო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ალიონა ჩხოტუამ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ძიგუა შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2024 წლიდან იკავებდა.

2025-07-11
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის კლუბების ვარჯიშს დაესწრო და დევნილ სპორტსმენებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციას ესტუმრა, სადაც დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა და მათ ვარჯიშს დაესწრო. შეხვედრაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი მონაწილეობდა.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძემ სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ფედერაციის წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს გაესაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომელთა წინაშეც ახალგაზრდა დევნილი სპორტსმენები დგანან.

გიორგი ჯინჭარაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სპორტის, როგორც ახალგაზრდების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის როლს და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობასა და სპორტული მიმართულების აქტიურ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

2025-07-11
მთავრობის აპარატი
სოხუმის დრამატულ თეატრში ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში, საქართველოს დამსახურებული არტისტის, მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო რეალურ ისტორიებზე შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენა. სცენაზე მსახიობებმა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გააცოცხლეს.

საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო, რომელმაც ლიანა მიქაშავიძეს იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, აფხაზეთის მთავრობის სახელით სპეციალური ჯილდო გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ლიანა მიქაშავიძის წიგნის „სოხუმის თეატრი გისმენთ“ პრეზენტაცია.

შემოქმედებითი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით გაიმართა.

2025-07-07
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ წიგნის მუზეუმში ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების პირადი ნივთების გამოფენა დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში აფხაზი თავადების ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების პირადი ნივთების გამოფენა დაათვალიერა.

ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარემ და ეროვნულ ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ ჩხოტუების მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და შერიგების პროცესში ქართულ-აფხაზური კულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„იმ პირობებში, როდესაც მიდის ისტორიის გაყალბების მცდელობა, უმნიშვნელოვანესია ჩხოტუების არქივის მნიშვნელობა. ეს ფოტომასალა, კულტურული მემკვიდრეობა და გამოცემები ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ისტორიულ კავშირს, რომელიც ჩვენ აფხაზი ხალხის მიმართ გვაქვს და ქართველებისა და აფხაზების საერთო კულტურულ მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის მთავრობის მკვლევრები აქტიურად მუშაობენ მსგავსი ისტორიის წინ წამოწევაზე და პოპულარიზაციაზე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნდობის აღდგენისა და ერთიანობის სურვილს, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის წლების მანძილზე არსებობდა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

აფხაზი თავადების საარქივო მასალების საქართველოში ჩამოტანა, 2024 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის „აფხაზური არქივები“ ფარგლებში განხორციელდა.

2025-07-07
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლს „ზღვის თეატრი“ დაესწრო

მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ზღვის თეატრი“ დაიდგა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა თეატრის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. სპექტაკლი დროებით დევნილობაში მყოფ, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთაც ქალაქში ახალი თეატრის გახსნას სურთ.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-07-05
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კამანის ტრაგედიის დროს დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში მომხდარი ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
მემორიალთან ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა, მამა ლევან ჯანაშიამ კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
 
მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
 
1993 წლის 5 ივლისს აფხაზეთის რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი „ბოევიკები“ და კაზაკები შედიოდნენ სოფელ კამანზე შეტევა განახორციელეს. მიუხედავად ადგილობრივი მცველების გმირული წინააღმდეგობისა, სოფლის დაცვა ვერ მოხერხდა და მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა. სოფლის დაკავებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო მოსახლეობის მასიური წამება და ხოცვა-ჟლეტა.
2025-07-05