სიახლეები

მთავრობის აპარატი
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.

პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები ეთერი ლაშხია, გულნაზ ბაციაშვილი, მზიანა ბოკუჩავა, ზაირა გვაგვალია, მანანა გიორხელიძე, ნანული ჯახუა და თინათინ კალანდია ასევე, აფხაზეთის საჯარო სკოლების 2025 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები ირმა კილასონია, თეა კუხიანიძე და ნინო ფარულავა სამინისტროს სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თეონა სართანიას, რიტა კეთილაძეს, მანანა ჯოლოგუას, ლონდა ღურწკაიას, მაყვალა მეფორიას და მადინა ცირდავას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები და დირექტორები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.

2025-10-07
მთავრობის აპარატი
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გაგრის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ, 1992 წლის ოქტომბერში, გაგრაში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. რამდენიმე დღეში კი, 5 ოქტომბერს სეპრატისტებმა და რუსმა ბოევიკებმა განთიადი და ლესელიძე აიღეს და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე ტერიტორია დაიკავეს. გაგრის აღების შემდეგ, აფხაზი სეპარატისტები ქალაქში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ.

2025-10-05
მთავრობის აპარატი
თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაში საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და სოლისტ-ინსტრუმენტალისტები მონაწილეობდნენ. კონცერტზე შესრულდა ნოდარ მამისაშვილის, მერაბ გაგნიძის, იოსებ ბარდანაშვილის და ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებები.

ქართული საგუნდო მუსიკის კონცერტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, 33-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში გაიმართა.

2025-10-03
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიასთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„დღეს უმძიმესი დღეა, 2 ოქტომბერი, გაგრის დაცემის დღე. დღე როდესაც დაიწყო ის ტრაგედია, რამაც აფხაზი და ქართველი ხალხის გახლეჩა გამოიწვია.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობის პრაგმატულ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის საფუძველზეც აუცილებლად ახდება ჩვენი გმირების ოცნება და საქართველო იქნება ერთიანი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

2025-10-02
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებსა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილ გამოწვევებზე.

ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

გიორგი ჯინჭარაძემ დიპლომატს წლების განმავლობაში დევნილი მოსახლეობის სასარგებლოდ განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე, სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

2025-09-30
მთავრობის აპარატი
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სპექტაკლი „ზღვის თეატრი“ დაიდგა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ზღვის თეატრი“ დაიდგა.

რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა თეატრის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი "ზღვის თეატრი“ დევნილობაში მყოფ, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთაც ქალაქში თეატრის გახსნას სურთ, უამრავი თავგადასავლის და წინააღმდეგობის მიუხედავად, მიზანს მაინც მიაღწევენ, თუმცა ეს როდემდე გასტანს, არავინ იცის.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ეროვნული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

2025-09-28