სიახლეები

მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი ზუგდიდში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ დავით მორგოშიასთან ერთად ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებში, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო საკითხებზე.

მიმდინარე წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში დაგეგმილია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა მოსწავლეებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი.

2025-01-25
მთავრობის აპარატი
2025 წლის 24 იანვრის აფხაზეთის მთავრობის სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ცხელი ხაზი - 143 ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხზე, სწრაფი და ამომწურავი პასუხის მიღება შეუძლიათ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ინფორმირებისა და მთავრობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანდაცვის, განათლების და სოციალური მიმართულებით არსებული სერვისები. ამ მიზნით, მთავრობის წევრებთან ერთად სხვადასხვა რეგიონში, დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელსაც დევნილ მოსახლეობას პირადად მინისტრები გადასცემენ, ცხელი ხაზის - 143-ის ამოქმედებამ კი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ცხელი ხაზის ნომერზე - 143 დაკავშირება უფასოა და შესაბამისი ინფორმაციის მიღება უკვე აფხაზურ ენაზეც არის შესაძლებელი.

2025-01-24
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.

შეხვედრაზე ვეტერანებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.

მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრაზე ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თბილისში მცხოვრებ დევნილ ვეტერანებს უკვე შეხვდა. ვეტერანების დახმარებისა და რესოციალიზაციის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

2025-01-23
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილმა ვეტერანებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობაში, ვეტერანებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების საკითხებს, ასევე მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვეტერანების დახმარებისა და რესოციალიზაციის მიზნით, სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს.

2025-01-18
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.

სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე საუბარი შეეხო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს, სოციალური მიმართულებით არსებულ პროექტებს და ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხებს.

მხარეებმა ასევე აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

2025-01-17
მთავრობის აპარატი
საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა.

ლევან მგალობლიშვილი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც პაციენტს და ოჯახის ახლობლებს შეხვდა.

მისი განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ოჯახს ფინანსურად სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.

„უმძიმესი ტრაგედია მოხდა საბერიოში. ძნელია ამ ვითარებაში გამონახო სიტყვები, რომლითაც  შეიძლება ანუგეშო ოჯახი, რომელსაც ეს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს.

დღეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ბავშვების ბებია მოვინახულე. მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაცილებით რთულია სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მძიმე დროს, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ ჭოლარიების ოჯახს და შევუმსუბუქოთ ეს ტკივილი. აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ ფინანსურ დახმარებას, რომელიც ოჯახის სოციალური რეაბილიტაციის და სხვა საჭიროებებისთვის იქნება აუცილებელი“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში 5 იანვარს გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2025-01-07