სიახლეები

მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ევროპის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს.

მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის მთავრობაში საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რაზვან როტუნდუსთან გაიმართა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული პროცესები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

2024-11-26
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა.

ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე ასევე, სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

2024-11-21
მთავრობის აპარატი
2024 წლის 20 ნოემბრის აფხაზეთის მთავრობის სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა იქნება.

მომავალ წელს დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა, რაც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

2024-11-20
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ლაშა დოლბაძე წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ლაშა დოლბაძე უხელმძღვანელებს. ახლად დანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.
 
აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა დოლბაძემ ლევან თევზაია შეცვალა. ლევან მგალობლიშვილმა ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მინისტრი თავის გუნდთან ერთად ღირსეულად უპასუხებს ყველა გამოწვევას, რომელიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას.
 
ლაშა დოლბაძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2024 წლის სექტემბრიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2024-11-19
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი ხონში აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ხონში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაში ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ლევან მგალობლიშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზე ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკასა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე ისაუბრეს, ასევე საუბარი შეეხო აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობასა და პროექტებს, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობის უწყებები აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებისთვის ახორციელებენ, მათ შორის განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა.

2024-11-18
მთავრობის აპარატი
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ ოთხ კატეგორიაში გამოავლინა.

სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გასული, აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი - მამუკა ყუფარაძე, აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში - ლევან ურიდია, პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას - დეა ბაძაღუა და ჟურნალისტური საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი - დალი ჯონჯუა (სიკვდილის შემდეგ).

გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გულიადა ჭკადუამ დააჯილდოვეს.

ალექსანდრე ბერულავას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ის იყო აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა გაზეთებში - „საბჭოთა აფხაზეთი“ და „აფხაზეთის რესპუბლიკა“. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ის სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა, სოხუმის დაცემამდე კი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელი.

ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს.

ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება წელს პირველად გაიმართა, რომელიც ტრადიციად იქცევა და ყოველი წლის 11 ნოემბერს გაიმართება.

2024-11-12