სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლს „ზღვის თეატრი“ დაესწრო

მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ზღვის თეატრი“ დაიდგა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა თეატრის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. სპექტაკლი დროებით დევნილობაში მყოფ, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთაც ქალაქში ახალი თეატრის გახსნას სურთ.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-07-05
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კამანის ტრაგედიის დროს დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში მომხდარი ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
მემორიალთან ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა, მამა ლევან ჯანაშიამ კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
 
მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
 
1993 წლის 5 ივლისს აფხაზეთის რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი „ბოევიკები“ და კაზაკები შედიოდნენ სოფელ კამანზე შეტევა განახორციელეს. მიუხედავად ადგილობრივი მცველების გმირული წინააღმდეგობისა, სოფლის დაცვა ვერ მოხერხდა და მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა. სოფლის დაკავებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო მოსახლეობის მასიური წამება და ხოცვა-ჟლეტა.
2025-07-05
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ზუგდიდში დაესწრო
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ მამუკა წოწერიასთან ერთად ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დაესწრო.
 
მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ აბიტურიენტებს გაესაუბრა და გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვა.
 
"დღეს ჩვენი აბიტურიენტებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც თავისი როლი უნდა შეასრულონ საქართველოს გამთლიანებასა და წარმატებაში.
 
მინდა ყველა მათგანს ვუსურვო წარმატებები გამოცდებზე, რადგან ქვეყნის მომავალი, ერთიანობა და ნდობის აღდგენა მათ წარმატებაზეა დამოკიდებული.
 
ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ზუგდიდიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები შეზღუდულები და მოკლებულები არიან ქართულ ენაზე სწავლებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ახალგაზრდების ჩართულობითა და სახალხო დიპლომატიით ეს პრობლემები გადაიჭრება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“,- განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა და 22 ივლისს დასრულდება.
2025-07-03
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ტამიშის ბრძოლა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ეს მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ჩვენმა გმირებმა საქართველოს ერთიანობისთვის გაწირეს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე.

დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც ეს ადამიანები ჩვენს სამშობლოს შეეწირნენ აუცილებლად იქნება აღსრულებული და საქართველო იქნება ერთიანი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

2025-07-02
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად თენგიზ ნასარიძე წარადგინა.

თენგიზ ნასარიძე ქალაქ სოხუმში დაიბადა. განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში. მას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისა და „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის თანამდებობებს.

თენგიზ ნასარიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა დოლბაძე შეცვალა.

დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ ახლად დანიშნული მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

2025-07-01
მთავრობის აპარატი
ჟურნალ „რიწის“ 50-ე წლის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია და „მე, აფხაზეთისთვის“ 2025 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჟურნალ „რიწის“ 50-ე წლის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

ჟურნალი „რიწა“ 1975 წლიდან გამოიცემა, თავდაპირველად სოხუმში, ხოლო შემდეგ დევნილობაში განაგრძო არსებობა. განახლებული გამოცემა ორენოვანია და მასში შესულია აფხაზეთელი პოეტებისა და მწერლების ნამუშევრები ქართულ და აფხაზურ ენებზე.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის „მე, აფხაზეთისთვის“ ნომინანტების დაჯილდოება გაიმართა.

2025 წლის წარმატებული აფხაზეთელები სიმბოლური საჩუქრებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ დააჯილდოვეს.

მიმდინარე წლის ნომინანტები გახდნენ:

  • გურამ ოდიშარია - ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ათზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი;
  • ილია თოფურია - აფხაზეთიდან დევნილი ქართველი სპორტსმენი, UFC-ის ჩემპიონი;
  • ბაჩანა ჭანტურია - ქორეოგრაფი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი;
  • გიორგი ეთერია - სოხუმში დაბადებული მხატვარ-მოქანდაკე;
  • ელენე მიქაბერიძე - აფხაზი რეჟისორი; 
  • დაურ ბუავა - აფხაზი ბლოგერი;
  • ანზორ კუდბა - აფხაზი მწერალი, რომანებისა და მოთხრობების კრებულის ავტორი; 
  • თორნიკე ჯობავა - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • ირინა ხაბურზანია - აფხაზეთიდან დევნილი ფეხბურთელი; 
  • სოფო ფანცულაია - სოხუმელი ბალერინა;
  • მურმან (მურო) გაგოშიძე - ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ სოლისტი და ქორეოგრაფი.

პროექტი „მე, აფხაზეთისთვის“ ყოველწლიურ სახეს ატარებს, რომლის მიზანია საზოგადოებამ გაიცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-07-01