ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  01 02 06
11 12 13
14 15 19 20
26 27
28 29 30 31      

 

ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი" გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დირექტორის მრჩეველმა ბადრი გალდავამ მოხსენება გააკეთა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ  შედეგებზე.

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში დიდი ხნის განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებს ინერტულ მასალას. ამ პროცესმა განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო  ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს მიაღწია. აღნიშნული ქმედების გამო კატასტროფულად შემცირდა მდინარეების მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალის რაოდენობა, რამაც თავის მხრივ სანაპირო ზოლში ძალიან მძიმე ვითარება წარმოშვა. განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა ოჩამჩირეში, მდინარე გუმისთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოქმედ კარიერზე და სოხუმში. გარდა ამისა ეს პროცესები აფხაზეთის გარდა, საფრთხეს უქმნის შავი ზღვის მთელ სანაპიროს. ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა დროული რეაგირება და სანაპირო ზოლის ხელოვნური ჩარევის გზით აღდგენა.

კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და მხარი დაუჭირეს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღებას, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ემილ წერეთელმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მელორ ალფენიძემ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტექის" წარმომადგენელმა თემურ ვეკუამ და გეოლოგმა ვახტანგ დეკანოიძემ.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

<< უკან