ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ინტერვიუები

„აფხაზეთის წარსულში მოხსენიება სამარცხვინოა და წარმოუდგენელი, ვინაიდან სწორედ ის არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ამ განწყობით გადმოვიხვეწეთ აფხაზეთიდან და ასე გაგრძელდება მუდამ”

 

27 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ABKHAZIA NEWS-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას

ბატონო ვახტანგ, 25 წელია 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან  დაკავშირებით უამრავ  ადამიანურ ისტორიებს ვისმენთ, ახალ-ახალ ფაქტებზე გვიხდება ყურადღების გამახვილება. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ აფხაზები ამ დღეს ზეიმობენ, ჩვენ კი დაღუპულ მეომრებს ვგლოვობთ და ვიგონებთ აფხაზეთიდან ძირფესვიანად აყრილი  მოსახლეობის დევნილობის ხვედრს. როგორ გაიხსენებთ ამ დღეს?

27 სექტემბერს სისხლით მორწყული აფხაზეთის მიწა დავტოვეთ, 300 ათასი კაცი  დედა- ბუდიანად ავიყარეთ ჩვენი კუთხიდან. ცრემლი გვახრჩობდა, ფეხები უკან გვრჩებოდა,   გვრცხვენოდა საკუთარი თავის. ერთმანეთს  კი  ვამშვიდებდით, რამდენიმე დღეში დავბრუნდებითო. ეს გულუბრყვილობა იყო, მაგრამ, განა შეიძლებოდა სხვაგვარად გვეფიქრა?  ეს ის დროა, როცა მოწინავე კაცობრიობა  მშვიდობას ქადაგებს, სადაცაა  ოცდამეერთე  საუკუნეს კარს გავუღებთ, გვგონია, რომ პროგრესი და საღი აზრი  გადაგვარჩენს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი  უკუღმა ტრიალდება. მშვიდობას ომი ანაცლებს, ომი კი  გაუგონარი  უსამართლობითა და ტრაგედიით სრულდება. მთელი მსოფლიო შემოიარა კოდორის უღელტეხილის დათოვლილ გზაზე მომავალი  ადამიანების კოლოსალურმა ნაკადმა, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. აკი  მწერალმა გურამ ოდიშარიამ თავის მხატვრულ- დოკუმენტურ ნარკვევს, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს და იქ განვითარებულ მოვლენებს ასახავს, „დევნილთა უღელტეხილი" უწოდა. შეიძლება ვცდები, მაგრამ  არ მახსენდება მსოფლიოში ისეთი მაგალითი, რომ 300 ათასი კაცის  ასეთი  ულმობელი, დაუნდობელი გამოდევნა შესაძლებელი გამხდარიყო.  ვინმემ შეიძლება იკითხოს, რატომ დაადგა ამდენი ათასი ადამიანი  გზას, რომელიც არ იცოდა  სამშვიდობოს გაიყვანდა თუ არა? გგონიათ, იოლია ამ შეკითხვაზე   პასუხის გაცემა?

როცა ათასი ჯურის ბანდიტური დაჯგუფება დათარეშობს, ირგვლივ არავის ინდობენ, ვისაც წაასწრებენ ქუჩაში ხვრეტენ, ყველა გზა მოჭრილია და არჩევანის საშუალება აღარა გაქვს, ოჯახის, ბავშვების, მოხუცების სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობა დგება. მხოლოდ  გარდაუვალი სიკვდილის შიშს თუ  შეუძლია სახლ-კარი მიგატოვებინოს, საკუთარი ნაშრომ-ნაღვაწი უპატრონობისთვის, გავერანებისთვის გაგაწირინოს, ძვირფასი საფლავებისთვის ზურგი გაქცევინოს და დევნილის გზა აგარჩევინოს. ეს არის სინამდვილე, რომელიც შელამაზებას არ საჭიროებს.  სწორედ 27 სექტემბერს დახვრიტეს ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია,  მამია ალასანია, რაულ ეშბა, არშაველ(ერიკ) შენგელია და უამრავი  ჩვენი თანამემამულე.  აუნაზღაურებელი ადამიანური ზარალი მოგვადგა, დავკარგეთ უამრავი  ვაჟკაცი, თავდადებული მებრძოლები, ნამდვილი პატრიოტები, რომელთა საფლავებთანაც დღეს თავდახრილები  ვდგავართ.  ბევრჯერ მითქვამს, რომ არ შეიძლება ჩვენი გმირები წარსულს ჩავაბაროთ, ისტორიის ფურცლებს მივანდოთ. აფხაზეთის წარსულში მოხსენიება სამარცხვინოდ და წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვინაიდან სწორედ ის არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ამ განწყობით გადმოვიხვეწეთ აფხაზეთიდან და ასე გაგრძელდება მუდამ.

ბატონო ვახტანგ, ჟიული შარტავას, რომელსაც როგორც ვიცი, ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებაში, უამრავი აფხაზი  ახალგაზრდა ჰყავს  თბილისში გამოზრდილი და გზაზე დაყენებული,  დღესაც ყველასუკვირს,როგორ გაიმეტეს  აფხაზებმა  ჟიული შარტავა საწამებლად და დასახვრეტად?

ჟიულის განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა აფხაზი ახალგაზრდებისადმი.   ალბათ იცით, რომ წარსულში ის საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო.  აფხაზეთიდან  ჩამოსულმა უამრავმა ახალგაზრდამ  გაიარა მის ხელში,  ყოველ მათგანს ყოფითი პირობები გაუუმჯობესა, გამოცდილება შესძინა, პერსპექტიულები გახადა. მართლაც არაფერი დაუშურებია მათთვის. სერგეი ბაგაფშის წინსვლაში ხომ ჟიულის ლომის წილი უდევს.  მას უნდოდა ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი  დაწინაურებული და გამარჯვებული ენახა. ბაგაფშსაც უყვარდა ქართველები, ცოლადაც ქართველი შეირთო. ქორწილიც თბილისში გადაიხადა, მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება.

ჟიულის ქართველი და აფხაზი ცალ-ცალკე არასოდეს უხსენებია. აფხაზებს შორისაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

საქართველოს გაყოფა, გახლეჩა, დანაწევრება მისთვის შეუთავსებელი იყო.  საკუთარ რესურსს ბოლომდე იყენებდა,  ბოლო წუთამდე  თავდადებითი ბრძოდა.

ბედის უკუღმართობაა, რომ ადამიანს, რომელსაც ამდენი ამაგი ჰქონდა აფხაზებზე, სწორედ აფხაზეთში დაიღუპა, რომელიღაც ბანდიტური დაჯგუფების მიერ დაიხვრიტა. დარწმუნებული ვარ, ჟიულის სიკვდილმა აფხაზებს გული ატკინა. მათ იცოდნენ ჟიულის ფასი  და ასეთ სიკვდილს მისთვის არ ისურვებდნენ. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვები,  რომელიც 1993 წლის 27 ოქტომბერს, ჟიული შარტავას წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოების დღეს  წარმოთქვა:  „არის ისეთი ისტორიული მოვლენები,რომელიც არ იცი, როგორ შეაფასო. დღეს ჩვენაღვიშნავთ  დღეს, როცა დაეცა სოხუმი და აფხაზეთი. ვინ არის გამარჯვებული? არავინ არ არის,ყველა წაგებულია, საქართველოც, აფხაზეთიც, რუსეთიც და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში." განა, შეიძლება არ დაეთანხმო უწმინდესის სიტყვებს?  ამას დღეს განსაკუთრებით კარგად ხვდება აფხაზეთის მოსახლეობა. მახსოვს, აფხაზები ღიად ამბობდნენ: „უმჯობესია დავიხრჩოთ დიდ ოკეანეში, ვიდრე პატარა ტბაშიო. „დღეს ამგვარ ეპითეტებს თავს არიდებენ.  უფრო საკუთარ გასაჭირს უფიქრდებიან. ისინი ხედავენ, რომ ეგრეთწოდებულმა აფხაზეთის მთავრობამ საკუთარი ხალხის  კეთილდღეობას და მათ სამომავლო ინტერესებს რუსეთის ბაზები ანაცვალა. ქაოსმა და მოსახლეობის უკმაყოფილებამაც არ დააყოვნა, რაც სოხუმს  დიდ თავის ტკივილად შემოუბრუნდა.  რუსებისა და სოხუმის ე.წ. მმართველობისადმი მოსახლეობის ნეგატიური განწყობები ღრმავდება და არავინ იცის ეს რაში გადაიზრდება. ამას გულისტკივილით აღვნიშნავთ და  ამიტომაც ვუწვდით ძმურ ხელს, შერიგებას, წარსულის დავიწყებას, ერთიან ქართულ სახელმწიფოში ცხოვრებას ვთავაზობთ, მაგრამ რუსეთის დიდი „მეცადინეობით", ეს ჯერ-ჯერობით მიუღწეველია. თუმცა, ზოგიერთი აფხაზი პოლიტიკოსის გამონათქვამები საქართველოს შესახებ მაფიქრებინებს, რომ აფხაზეთში რუსების თარეშმა, განუკითხაობამ და  გამალებულმა მილიტარიზაციამ აფხაზების მოთმინების ფიალა აავსო და, როგორც ჩანს, ეს მოთმინება უსაზღვრო არ არის. ასე, რომ 25 წლის წინ ქართველებზე" გამარჯვების ზეიმი" კარგავს აქტუალობას და დღეს ისე აღარ ეზეიმებათ, როგორც ადრე. ეგრეთწოდებულ აფხაზ" პატრიოტებს"   უნდა სცოდნოდათ, რომ აღვირახსნილ სეპარატიზმს არავისთვის დაუყრია ხეირი და არც მათ გადახდებოდათ თავს რაიმე სასწაული. დღეს უკვე  კარგად ვხედავთ, სეპარატიზმის შედეგები რამდენად სავალალო და ტრაგიკულია ყველასთვის, მათ შორის, აფხაზებისა და ქართველებისთვისაც.

ბატონო ვახტანგ, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ გკითხოთ გურამ ოდიშარიას წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც პრაღაში გაიმართა."დევნილთა უღელტეხილი"   ჩეხურ ენაზე ითარგმნა, რომელიც  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ მწერლის ხედვებს ასახავს. იქ თქვენც ბრძანდებოდით და იქნებ მოკლედ მოგვითხროთ ამ პრეზენტაციამ თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?

დიახ, ამ წიგნის ჩეხურ ენაზე გამოცემას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. პრაღაში, წიგნის მაღაზია „აკადემიაში" ორშაბათს გაიმართა გურამ ოდიშარიას მოთხრობის, „დევნილთა უღელტეხილის" პრეზენტაცია. წიგნი, რომელიც ჩეხურად თარგმნა ლიბორ დვორჟაკმა, გამომცემლობა Jonatan Livingston-ში დაიბეჭდა. იქ მყოფ საზოგადოებას გურამ ოდიშარიამ  ასე მიმართა: „ეს წიგნი 1993 დეკემბერში გამოვეცი. იგი იმ ადამიანის განცდებზე მოგითხრობთ, რომელმაც აფხაზეთიდან ათასობით დევნილთან ერთად გადაირა კოდორის უღელტეხილი, რათა სამშვიდობოს გასულიყო. დავწერე ემოციით, არაფერს მოვრიდებივარ". სასიხარულოა, რომ მოთხრობის სიუჟეტის მიხედვით ფილმს იღებს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. ვფიქრობ, რომ ეს წიგნი-მოთხრობა სხვა ენებზეც უნდა ითარგმნოს. ვფიქრობ იმასაც, რომ მწერლის ენას, მითუმეტეს, როცა ის ამ პროცესების მნახველი და უშუალო მონაწილეა,  ისეთი მძლავრი ემოციების გამომწვევა შეუძლია, რომ არ იცი როგორ გაუმკლავდე მოძალებულ გრძნობებს და თავს როგორ მოერიო. დაუვიწყარია  შეხვედრები, რომელიც  ჩეხეთში ჩვენი საელჩოს ორგანიზებით და ჩეხეთში მცხოვრები მეცენატის სოსო მატკავას მონაწილეობითა და უშუალო მხარდაჭერით ჩატარდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ, ჩეხები მეგრულად და აფხაზურად ასე ლამაზად შეასრულებდნენ ჩვენთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს.   შეხვედრებზე ბევრი ისეთი რამ მოხდა, რომელიც ცალკე საუბრის თემაა. მწერალ გურამ ოდიშარიასთან შეხვედრას ჩვენ ცალკე მოვაწყობთ დიდი აუდიტორიის თანდასწრებით, სადაც მწერალი თავად უპასუხებს ყველა შეკითხვას.

ბატონო ვახტანგ, დღევანდელ დღეს კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჩვენი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.  როგორ წარიმართა ალპინიადა, რომელსაც ასეთი საპატიო მისია ჰქონდა?

ეროვნული ალპინიადა 21 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების ცენტრი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, ალპინიადას წინ უზარმაზარი სამუშაო უძღოდა, რომლის შედეგიცაა  ალპინიადის წარმატებული სტარტი და მწვერვალის  დალაშქვრა. ალპინიადის მონაწილეებმა დალაშქრეს კავკასიონის ქედზე, ქსნის ხეობის უსახელო მწვერვალი, რომელიც ზღვის დონიდან 3800 მეტრზე მდებარეობს. გვეამაყება, რომ ჩვენმა მთამსვლელებმა წარმატებით გაართვეს თავი დასახულ მიზანს. ამიერიდან საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად,  უსახელო მწვერვალს ჟიული შარტავას სახელით მოვიხსენიებთ.

27 სექტემბერს ჩვენ იმედის და მომავლის დღეს  ვუწოდებთ. ალპინიადის მონაწილეების გამარჯვებაც იმ იმედის ნაწილია, რომლისკენაც  ყველანი მივისწრაფით. მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს, ყველას, ვინც ამ ალპინიადის წარმატებით დასრულებისთვის შრომა და ენერგია არ დაიშურა.

დღეს, 27 სექტემბერს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ომში დაღუპული გმირი მეომრების ხსოვნას. ამ ვაჟკაცებმა სამშობლოსათვის უანგაროდ გაწირეს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე. ვიზიარებთ ომში დაღუპული მეომრების დედების უზომო მწუხარებას,  მათ შორის აფხაზების, ოსების და სხვა ერის წარმომადგენლებისას.  მათი უკვდავი სახელების ხსოვნას  მარადისობის ნათელი ადგას.

<< უკან