ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
02 07
12 13 14
15 19 20 21
25 26 27 28
29 30 31        

 

ინტერვიუები

ვახტანგ ყოლბაია: აუცილებელია ენგურის ხიდზე ამოქმედდეს საერთაშორისო კონტროლის მექანიზმი

- ბატონო ვახტანგ, რამდენიმე დღის წინ, შემზარავი ფაქტი მოხდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურჩაში, რუსმა მესაზღვრეებმა 29 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას?

- შემზარავი ფაქტი მოხდა ხურჩაში. 29 წლის  გიგა ოთხოზორია, ორი  შვილის მამა შეეწირა საზღვარზე  დადგენილი უსაფრთხოების ზომების სრულ უგულებელყოფას, რასაც ეს ტრაგედია მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, თურმე რუსეთს, საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან არავითარი კავშირი არა აქვს.  რუსეთის  მიერ მსგავსი განცხადებების ტონი და  სულისკვეთება ჩვენთვის არახალია.გადაბრალების პოლიტიკა რუსეთის მთავარი იარაღია. რუსეთი აკონტროლებს აფხაზეთის ე. წ. საზღვარს და ეს ყველასათვის ცხადია. ეს ჩანს იმ ე.წ. ხელშეკრულებიდანაც, რომელიც სოხუმსა და კრემლს შორის გაფორმდა. აქედან გამომდინარე, რუსეთის ე. წ. მესაზღვრეები თავიდან ბოლომდე აკონტროლებენ ადმინისტრაციულ საზღვარს მდინარე ენგურზე. თუ აკონტროლებენ, თუ დადგენილი წესებით მოქმედებენ, მაშინ გაუგებარია, როგორ დაუშვეს, რომ გასროლა ჯერ ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს მოხდა, შემდეგ კი  აფხაზეთის ე.წ. მესაზღვრეები გამოედევნენ გამოქცეულ ახალგაზრდა კაცს ზუგდიდის ტერიტორიაზე, სადაც ჩაიდინეს ეს სასტიკი მკვლელობა.

- რუსები ქართულ მხარეს პროვოკაციაში ადანაშაულებენ...

- არსებობს ვიდეომასალაც, სადაც ყველაფერი ასახულია - ვინ, სად და როგორ დაედევნა ამ ყმაწვილს, როგორ მოუსწრაფა სიცოცხლე მეექვსე, საკონტროლო გასროლით. რუსეთის საგარაეო  საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან იგრძნობა, რომ ეს უწყება შეეცდება, გაამართლოს ეს უბედურება და  ყველაფერი პროვოკაციას მიაწეროს.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გუშინვე განაცხადა, რომ დადგენილია კონკრეტულად ამ მკვლელობის ჩამდენი პიროვნება. უახლოეს დღეებში მიიღებენ ამ საქმეზე სამართლებრივ გადაწყვეტილებას და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ. მიუხედავდ ყველაფრისა, იმედი მაქვს, რომ სოხუმი და კრემლი გაერკვევა იმაში, რაც მოხდა  და ყურად  იღებენ გამოძიების მიერ დადგენილ უტყუარ ვერსიას.

- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს ურჩევს ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში, ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის განახლებას. რა ხდება ამასთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  შეგონებას, რომ „ქართულმა მხარემ უნდა იზრუნოს ამ მექანიზმის ამოქმედებაზე...", რაც თითქოს ადრე აფხაზური მხარის კეთილი ნებით მოხდა. შესწორება მინდა შევიტანო ამ საკითხის არასწორ ინტერპრეტაციაშიც. ვეტოს დადების დღიდან ქართული მხარე გამუდმებით  ცდილობს ამ მექანიზმის ამოქმედებას, მაგრამ ამაოდ.

სწორედ ქართული მხარის კეთილი ნებით მოხდა ამ მექანიზმის შეთანხმების მიღება ჟენევაში, რაც შემდეგ აფხაზურმა მხარემ გაუგებარი მიზეზების გამო  დაბლოკა. ეს ძალიან კარგად იციან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომდგენლებმაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და სოხუმმაც. მე რომ მკითხოთ, ასეთი პრევენციის მექანიზმი ამგვარი დანაშაულის წინააღმდეგ, ეფექტიანი ვერ იქნება. აუცილებელია რუსეთის  და სოხუმის კეთილი ნებით ენგურის ხიდზე ამოქმედდეს საერთაშორისო კონტროლის მექანიზმი, რომელიც გაცილებით ეფექტიანი უსაფრთხოების გარანტია გახდებოდა ყველა მოქალაქისთვის, რომელიც ენგურის ხიდის გავლით მოძრაობს.

მე მინდა მივუსამძიმრო ტრაგიკულად დაღუპული გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. თანადგომას ვუცხადებ მათ  ამ საშინელი განსაცდელის ჟამს.

Abkhazia News

<< უკან