ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
03 07
12 14 15 16
17 18 22
25 26 27 28 29 30

 

ინტერვიუები

ვახტანგ ყოლბაია: „საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთთან სერიოზულად უნდა იმუშაოს“

 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია „ახალ თაობასთან" აცხადებს, რომ შეიძლება კარასინი-აბაშიძის ფორმატი სხვა ფორმატში გადავიტანოთ.

-ბატონო ვახტანგ, ბოლო დროს რუსეთის დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარე გააქტიურდა. ისე წარმოაჩენს საქმეს, თითქოს რუსეთი საქართველოსთან აფხაზეთსა და ცხინვალში კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულია. თქვენ აცხადებთ, რომ აფხაზეთში მუდმივად ვერ გაგრძელდება ის მდგომარეობა, რაც დღეს არის და აფხაზებს მოუწევთ ქართველებთან შეთანხმება და ცხოვრება. რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

-ის, რაზეც რუსეთის დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს, შემდეგ ის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. თუმცა, გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევის თაობაზე მოარული ხმები რომ დადის, ერთმანეთთან ბმაში არ მოდის.

-„მოარული ხმები" დადისო, რატომ თქვით, მგონი, პუტინმა განკარგულება გამოსცა.

-ამგვარი განკარგულება არის და  გამომდინარე აქედან ჩვენ სიტუაციის შეცვლას ველოდებით. ეს ჩვენ უნდა გვცოდნოდა. თუ სახელმწიფო მზად არ არის, თუ არ აკვირდება მოვლენებს, რა ხდება რუსეთის  მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, მაშინ ის რა სახელმწიფოა.

რუსეთმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, ასევე კრიმინოგენურ სიტუაციასთან სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით რეჟიმის გამარტივებას სოხუმთან, ე. ი. მოსალოდნელია რაღაც ქმედებები რუსეთის მხრიდან.

-რა იქნება ეს ქმედებები?

-რა იქნება ეს ქმედებები, უნდა დავსხდეთ და გავაანალიზოთ. რუსეთი თავის ნამოქმედარს შუა გზაზე რომ არ დატოვებს, ფაქტია. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად რომ იცვლება, ცხადია. რუსეთი მთლიანად იქნება იქ არსებული შენაერთების ბატონ-პატრონი.

-რუსეთის ამ ქმედების საპირისპიროდ რის გაკეთება შეიძლება?

-აქ დასავლეთმა თავისი გაბედული სიტყვა უნდა თქვას. თუმცა, ჩემს თავს შევეწინააღმდეგები. იმაზე გაბედული უფრო, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთმა თქვა, ვერ იტყოდა, მაგრამ რა შედეგი გვაქვს? შედეგი გვაქვს ემბარგოებით მოცული რუსეთი, რომელიც თავის პოლიტიკას არ იშლის. ამის მიუხედავად, დასავლეთმა უფრო გაბედულად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია მემორანდუმსა თუ რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ.

-საქართველოს ხელისუფლების პოზიცია როგორია?

-ძალიან მომეწონა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ჩვენი იარაღია საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ჩვენ ამ რუტინაში ყოფნას არ ვაპირებთ და კონფლიქტის მოგვარების პროცესში რაღაც გარღვევაა საჭირო.

-რა უნდა იყოს ეს გარღვევა?

-არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაღაც საპასუხო ქმედებები აქვს განსაზღვრული იმგვარი ქმედებების მიმართ, რასაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს, კონკრეტულად კი, გალის მიმართ. დარწმუნებული ვარ, თვითონ აფხაზებმაც არ იციან, რას აპირებს რუსეთი.

აფხაზების ხვალინდელი დღე საქართველოსთან ურთიერთობაშია. სხვანაირად არ შეიძლება. ეს, პირველ რიგში, აფხაზებს სჭირდებათ. ეს, პირველ რიგში, აფხაზებს სჭირდებათ. არანაკლებ გვჭირდება ქართველებს,რომ ურთიერთობაში ვიყოთ აფხაზებთან და სამაჩაბლოელებთან. ხვალინდელი დღე ერთად ყოფნაშია.

-ამას რა სჯობს, თუ რუსეთი მისცემს მათ ჩვენთან ურთიერთობის საშუალებას.

-გეთანხმებით, მეც ეს მქონდა მხედველობაში. რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი იარაღია საერთაშორისო თანამეგობრობა. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთთან სერიოზულად უნდა იმუშაოს და ისეთივე მკაცრი უნდა იყოს, როგორც უკრაინის გამო იყო. თუ რუსეთს შეუტევენ, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო, შეიძლება ეს მისთვის სერიოზული პრობლემა იყოს.

-დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარე კალაშნიკოვი ხელისუფლებისგან, იგივე პუტინისგან დამოუკიდებლად შეიძლება რააც გარკვეულ შემოთავაზებებს აკეთებდეს?

-არა, არავითარ შემთხვევაში.

-როდესაც გალის ძლიერ სამხედრო ნაწილად გარდაქმნის პარალელურად, დუმის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე გვთავაზობს, რომ კონფედერაცია კარგი იქნება საქართველოსთვის და მისი კონფლიქტების მოგვარებისათვის, ეს რას ნიშნავს, უნდა გავჩუმდეთ, დავთანხმდეთ ამას და თან სამხედრო ნაწილი უმტკივნეულოდ დაამაგროს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე?

-ეს იმას ნიშნავს, რომ რუსებს უნდათ კონფლიქტის მოგვარება თავისთვის ყველაზე უმტკივნეულო ფორმით. ასე რომ არ გამოვა, თვით რუსეთის დიდმა პოლიტიკოსებმაც კარგად უწყიან. პუტინის გარეშე შემოთავაზება არ იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის მიპატიჟება საუბრისთვის.

-როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე, რას ატყობთ სიტუაციას, მოლაპარაკება რუსეთთან შესაძლებელია იმ საკითხზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს, კერძოდ, ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით? რაიმე სივრცე არის მოლაპარაკებებისათვის?

-გარდა ჟენევისა, არის კარასინი-აბაშიძის ფორმატი.

-ისინი არ საუბრობენ დეოკუპაციაზე.

-ორივე ფორმატი უფრო გაბედულად არის გამოსაყენებელი. ერთ-ორდღიანი მოლაპარაკებების პროცესი არ იძლევა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის საშუალებას. საგნობრივი განხილვაა საჭირო იმ თემების გათვალისწინებით, რაც ახლა რუსულ-ქართულ ურთიერთობაშია. ამიტომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი შეიძლება სხვა ფორმატში გადავიტანოთ.

 

დეოკუპაციის, სამხედრო ბაზების განთავსებისა და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილებოდეს პერმანენტულ შეხვედრებზე. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდება უპირობოდ შეხვედრების გამართვა, მაგრამ ის, რასაც ახლა კალაშნიკოვი ლაპარაკობს, იძლევა საშუალებას, კულუარებში მოეწყოს საუბრები. თუნდაც ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატში.

-პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი ამ საკითხებზე საერთოდ არ საუბრობს. ჟენევის ფორმატში ამ საკითხებს განიხილავთ?

-ჩვენი დღის წესრიგი განსაზღვრულია. არის პოლიტიკური საკითხი ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ჰუმანიტარულ-სოციალური ხასიათის პრობლემებზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დევნილთა დაბრუნების საკითხი. ჟენევის ფორმატი სხვა საკითხებს არ ითვალისწინებს, რადგან, როცა ის შეიქმნა, ტერიტორია ოკუპირებული არ იყო.

 


გულიკო ბალაძე


ახალი თაობა

<< უკან