ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
03 04 06 07
08 09 13 14
15 18 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

 

ანალიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევები (იანვარი - მარტი, 2018წ.)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

 

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეადამიანის უფლებების დარღვევები

(იანვარი - მარტი, 2018.)

აპრილი, 2018

 

შინაარსი

1. ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვადაკავებები

2. პასპორტიზაცია

3. უძრავი ქონების საკითხი

4. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა

5. ომბუდსმენის საკითხი  ოკუპირებულ ტერიტორიაზე

 

1.ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვადაკავებები, გატაცებები  

2018 წლის დასაწყისში, გასული წლის ამავე პერიოდის მსგავსად, რუსი და აფხაზი „მესაზღვრეები" ისევ აგრძელებდნენ ენგურის პერიმეტრის „უკანონოდ" გადაკვეთის ბრალდებით ადამიანთა დაკავებას, მათი წინასწარი გამოძიების იზოლატორში გადაყვანასა და დაჯარიმებას.

მ.წ   6 თებერვალს, შუადღისას,  რუსმა "მესაზღვრეებმა" განმუხური-ფიჩორის გამყოფ ხაზზე  ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს  გალის რაიონის სოფელ ფიჩორის მცხოვრები, მ.შ. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. დაკავებული  ე.წ. საზღვარზე მდინარის ფონით აპირებდა გადასვლას.

რუსმა „მესაზღვრეებმა" დედა და ბავშვები სოფელ ოტობაიის სამხედრო ბაზაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მ.შ-ს მეუღლე ი.ჯ. დაიბარეს და ბავშვები მას გადასცეს, დაკავებული კი  გალის მილიციაში გადაიყვანეს და  ჯარიმის სახით 4800 რუსული რუბლის (220 ლარამდე) გადახდა დააკისრეს. მ.შ.  მხოლოდ გვიან ღამით გაათავისუფლეს. 

22 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ენგურის გამშვებ პუნქტთან ე.წ. „საზღვრის უკანონოდ კვეთის" ბრალდებით ზუგდიდის მკვიდრი მ.წ. დააკავეს,აფხაზური მედიის ინფორმაციით, მ.წ. ენგურის გავლით გალში მოხვედრას ცდილობდა.

იმის გამო, რომ  გასულ წლებში საოკუპაციო და სეპარატისტულმა ძალებმა გამშვები პუნქტები დახურეს და მხოლოდ ორი მათგანი დატოვეს (ენგურის ხიდი და საბერიო-წყოუშის  გადასასვლელი) ამ გამშვებ პუნქტებზე მუდმივად რიგებია. ადამიანები ხშირად ორი-სამი საათის განმავლობაში უცდიან თავიანთ რიგს, რათა ე.წ. საზღვარზე გადავიდნენ. მათ შორის არიან ავადმყოფები, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადადიან და მოსწავლეები, რომელთაც სასწავლებლად ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონებში  უწევთ გადასვლა, რადგანაც გალის რაიონში ქართული სკოლების დახურვის გამო ბავშვებს ადგილზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არა აქვთ.

27 თებერვალს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა გამყოფ ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებზე და ამის დამადასტურებლად შესაბამისი სტატისტიკაც მოიყვანა, რომლის თანახმად 2017 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა  გამყოფ ხაზზე დახლოებით 1000 ადამიანი დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საუბარია  ორივე მიმართულებით მოძრაობაზე.

„და ეს მაშინ, როცა ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წელს  ამ რიცხვმა 3000 შეადგინა. ეს კლასიკური მაგალითია იმისა, როგორ ხდება ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვა და დროის გარემოებათა გათვალისწინებით, როგორ მცირდება ადამიანების მცდელობები გადაკვეთონ საოკუპაციო ხაზი, რაც, ცხადია, გამოწვეულია ე.წ.  ხელისუფლების მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებებით გადასასვლელების დახურვასთან დაკავშირებით".-აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდზე ჟურნალისტებთან საუბარში ქართული დელეგაციის ერთ ერთმა წევრმა.

მარტის თვეში გამყოფი ხაზის ტერიტორიაზე ადამიანების უკანონოდ დაკავების კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

13 მარტს რუსმა სამხედროებმაე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, ზუგდიდში მცხოვრები გ.ზ. დააკავეს. გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სახელმწიფო საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე.Ipn.ge, 14.03.18

 აფხაზური მედიის ინფორმაციით, მარტის თვის მეორე ნახევარში ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში საქართველოს მოქალაქე, ფოთში მცხოვრები ი.გ. დააკავეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს განცხადებით, ი.გ.-მ აფხაზეთის ე.წ. საზღვარი "უკანონოდ" გადაკვეთა. მოგვიანებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. Accent.com.ge, 20.03.18

ამავე პერიოდში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ადამიანებს „საქართველო-აფხაზეთის საზღვრის" უკანონოდ  გადაკვეთისკენ აქეზებს.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის რაოდენობა გაიზარდა. როგორც ჩანს, ამგვარ პრაქტიკას საქართველოს ხელისუფლება აქეზებს, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მიზეზით საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს პროპაგანდისტური მიზნებისათვის იყენებს, აფხაზურმა მხარემ, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, არაერთხელ გააფრთხილა ქართული მხარე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დაუშვებლობაზე. - განაცხადა ირაკლი ტუჟბამ.Ipn.ge, 15.03.18

მ.წ. 6 თებერვალს ათთვიანი პატიმრობის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ დრანდის  ციხიდან საქართველოს მოქალაქე პ.რ.  გაათავისუფლა.

27 თებერვალს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ გალის შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ სხვა საკითხებთან ერთად, ენგურის ხიდზე დაკავებული მ.წ.-ს გათავისუფლებაც მოითხოვა და აფხაზური   ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა, აღნიშნული შემთხვევა ჰუმანიტარულ ჭრილში განეხილათ.Ipn.ge, 27.02.18

2. პასპორტიზაცია

მიმდინარე წლის 23 იანვრის მონაცემებით,  ოკუპირებულ აფხაზეთში  ამ გაცემული იყო ე.წ. აფხაზეთის მოქალაქის ახალი ნიმუშის 49 763 პასპორტი. განხილვის პროცესში იყო 2 628 განცხადება. აფხაზური მხარის თქმით, 2500 დოკუმენტი უკვე დამუშავდა. ზოგადად, გამოსაცვლელია დაახლოებით 140 ათასი პასპორტი.- ამის შესახებ „აბხაზია ინფორმს" აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს საპასპორტო სამმართველოს უფროსმა ედუარდ მანარგიამ განუცხადა.

რაც შეეხება ბინადრობის უფლებას,  მისი თქმით, ასეთი დოკუმენტი ჯერჯერობით მხოლოდ გალის მოსახლეობაზე გაიცემა. მომავალში ბინადრობის მოწმობები სხვა რაიონებშიც გაფორმდება.

მანარგიას თქმით, ამ დროისთვის გალის რაიონში უკვე გაცემულია 1 573 ბინადრობის მოწმობა, წარმოებაშია 4 447  დოკუმენტი.

„მიუხედავად იმისა, რომ გალის რაიონში ადრე გაცემული აფხაზეთის მოქალაქის პასპორტები   პარლამენტის  გადაწყვეტილებით  ჯერ კიდევ 2013 წელს უმოქმედოდ ჩაითვალა, მოსახლეობის ხელში მაინც რჩება 17 ათასი აფხაზური პასპორტი".- აღნიშნა მანარგიამ.

გავრცელებული ინფორმაციით,აფხაზური მხარის მიერ გაცემული პასპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და პროცედურების გავლა დაახლოებით 4 500 რუბლი ჯდება. ამ თანხაში შედის როგორც რეჟიმის მიერ დაწესებული "ოფიციალური" გადასახადი, ასევე, არაოფიციალური ბაჟი, ანუ ქრთამი. საქმე ისაა, რომ "აფხაზური პასპორტის" მფლობელისთვის შედარებით ადვილია შემდეგ რუსეთში საცხოვრებლად  საჭირო "საზღვარგარეთის პასპორტის", ან სულაც რუსული პასპორტის აღება.

ამ პერიოდში მოსახლეობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბინადრობის უფლების  მისაღებად ადგილობრივებს  წლის ბოლომდე მათ ხელთ არსებული ძველი ნიმუშის   ე.წ. აფხაზური პასპორტები უნდა ჩაებარებინათ.

როგორც აფხაზური ადმინისტრაცია აცხადებს, იმ ადამიანებმა, რომლებსაც  ახალი ნიმუშის აფხაზური პასპორტის აღება სურთ, ე.წ. „მწვანე" პასპორტებთან ერთად დამატებითი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინონ სპეციალურ კომისიას, რომელიც წელიწადში ორჯერ შეიკრიბება და ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული მოქალაქის განცხადებას.

ამასთან, როგორც ამბობენ, აფხაზური პასპორტის მისაღებად მნიშვნელოვანია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამურზაყანოს" ხელმძღვანელობის რეკომენდაცია

მიმდინარე წლის მარტის თვის დასაწყისში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სპეციალური თათბირი ჩაატარა პასპორტიზაციის საკითხზე.

ხაჯიმბამ  ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები „მოქალაქეობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე არსებული სამართლებრივი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომელიც ხელოვნურ პრობლემებს უქმნის აფხაზეთის მოქალაქეებს ძველი ნიმუშის  აფხაზური  დოკუმენტის ახალი  პასპორტებით შეცვლის საქმეში.

როგორც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაიონების საპასპორტო მაგიდების უფროსებმა მოახსენეს, მარტის დასაწყისისთვის სულ გაცემულია 52 800  აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი.

ე.წ. პრეზიდენტმა ე.წ. შს სამინისტროს საპასპორტო სამმართველოს დაავალა დააჩქარონ ბინადრობის მოწმობის  გაცემა.apsnypress, 07.03.18

აფხაზური პასპორტების გაცემის პრობლემები განიხილეს ე.წ. საზოგადოებრივ პალატის სხდომაზეც, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატები,  შს სამინისტროს საპასპორტო სამმართველოს წარმომადგენლები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, ის მოქალაქეები, რომელთაც  ძველი ნიმუშის აფხაზური პასპორტის ახალი პასპორტით გამოცვლაზე უარი უთხრეს იმის გამო, რომ ისინი 1994-1999 წლების პერიოდში აფხაზეთიდან გასული იყვნენ.

საზოგადოებრივი პალატის იურისტმა ოლეგ პაპასქირმა კომენტარი გააკეთა აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით: "პრობლემა მდგომარეობს აფხაზეთის რესპუბლიკის ორ კანონში. ეს არის კანონი, რომელიც მიღებულ იქნა 1993 წელს, და მეორე, რომელიც მიიღეს 2005 წელს და, რომელმაც თავისი მოქმედება წარსულისკენ მიმართა. ეს დაუშვებელია, რადგანაც ის  აუარესებს ადამიანთა მდგომარეობას და არღვევს ზოგიერთი მოქალაქის უფლებას. ადამიანებს, რომლებიც 1994-1999 წლებში აფხაზეთიდან გავიდნენ, არ ესმოდათ, რომ არღვევენ კანონს, და ამის გამო შეიძლება, რომ დაკარგონ მოქალაქეობა. ასეთი კანონის გამოყენება არამართლზომიერია".Apsnypress, 21.03.18

 

3. უძრავი ქონების საკითხი

ოკუპირებულ აფხაზეთში პერიოდულად ცხარე დებატები მიმდინარეობს უძრავი ქონების თემაზე. რუსეთი  მოითხოვს აფხაზურმა ხელისუფლებამ  დააჩქაროს კანონის მიღება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის უფლებას მისცემს.

 აფხაზური ე.წ. სახელისუფლებო ელიტისა და საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ  ამ კანონის დაჩქარებული  წესით მიღება აფხაზეთს კარგს არაფერს მოუტანს, პირიქით, კანონის  მიღება გამოიწვევს იმას, რომ გაღატაკებული მოსახლეობა ყველაფერს გაყიდის და საბოლოოდ აფხაზებს მთებში გახიზვნა მოუწევთ. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ უძრავი ქონების გაყიდვა  არარეგალურად მაინც ხდება, ამიტომ საჭიროა მისი კანონის ფარგლებში მოქცევა, რათა  სახელმწიფო ბიუჯეტში ამ ქონების გაყიდვიდან ფული შევიდეს.

რუსული მხარის წარმომადგენლები, ნებისმიერ თემას, რომელიც  ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე სფეროს ინვესტირებას ეხება, უძრავი ქონების საკითხს უკავშირებენ. ერთ-ერთი ასეთი თემაა 2019 წელს ენგურჰესზე კაპიტალური რემონტის ჩატარების პერიოდში   აფხაზეთში არსებული ენერგოდეფიციტის აღმფხვრისა და ენერგო სისტემის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნების საკითხი. ცოტა ხნის წინ ამ საკითხებზე იმსჯელეს აფხაზეთის  ე.წ. საზოგადოებრივ პალატაშიც. ექსპერტების თქმით, დარგის მასშტაბურ მოდერნიზაციას ათეულობით მილიონი დოლარი სჭირდება. ინვესტიციებისა და ერთობლივი საწარმოოს შექმნის გარეშე კი ენერგეტიკული დარგის ეფექტური განვითარება ვერ მოხერხდება.

მათი თქმით, ეელქტროსადგურის შერემონტების პერიოდში აფხაზეთისთვის დენის მიწოდების ალტერნატიულ წყაროდ შეიძლება იქცეს კრასნოდარის მხარიდან ელექტროენერგიის მოწოდება, რისთვისაც საჭიროა ახალი  მაღალვოლტიანი გადამცემი ხაზების აშენება. როგორც ითქვა, რუსული კომპანიები მზად არიან  ამ პროექტის ინვესტირება განახორციელონ, რათა რესპუბლიკაში ენერგოდეფიციტის პრობლემა  აღმოიფხვრას. თავისი მხრიდან რუსული ბიზნესი დიდი ხანია აფხაზეთის ხელისუფლებას სთავაზობს „ინვესტორების ქონების დაცვის გაძლიერებას" და რუსეთიდან მოწოდებულ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ინვესტიციებზე შეზღუდვების მოხსნას, რადგან, ისინი თვლიან, რომ  აფხაზური პარლამენტის მიერ 2017 წლის 31 ივლისს ელექტროენერგეტიკის სფეროში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შეუძლებელი გახადა აფხაზეთში  რუსული ინვესტიციების განხორციელება. ფაქტიურად რუსული მხარე აფხაზეთს ენერგოსისტემის ინვესტიცირების სანაცვლოდ უძრავი ქონების შეძენაზე შეზღუდვების მოხსნას სთავაზობს, რასაც აფხაზური საზოგადოების უმეტესი ნაწილი ეწინააღმდეგება.

აფხაზური სააგენტოების მონაცემებით, ამჟამად აფხაზეთში უცხოელი ინვესტიციების  უდიდესი ნაწილი რუსულია. რესპუბლიკის ტერიტორაზე დარეგისტრირებულია 230 კომპანია ასპროცენტიანი კაპიტალით და 240 აფხაზურ-რუსული ერთობლივი საწარმოო,-აღნიშნავს სააგენტო. (sputnik, 22.02.18)

 ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტაციამ  პრივატიზაციას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალში შეიტანა ქ. გალის კინოთეატრის, რესტორნისა და ყოფილი  მე-14-ე მოძრავ-მექანიზებული კოლონის შენობა.

„საუბარია მიგდებულ ობიექტებზე, რომლებიც  წლების განმავლობაში არ გამოიყენებოდა,- აღნიშნეს „აბხაზია ინფორმთან" საუბარში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.  (Abkhazia inform, 17.02.18).

არსებობს არცთუ უსაფუძვლო  ეჭვი იმისა, რომ  ე.წ. მიგდებულ ობიექტების ფიქტიური  მყიდველების უკან, მომავალში  რუსეთის მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ.

ამის თქმის საფუძველს იძლევა    აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მიერ 2016 წლის 2 თებერვალს გაკეთებული განცხადება:

 „სამწუხაროდ, უძრავი ქონების გაყიდვის საკითხში ცნებათა აღრევა ხდება. უძრავი ქონების ობიექტების, კერძოდ საკურორტო ობიექტებისა და სხვადასხვა საწარმეობის უცხოელი მოქალაქეებისთვის მიყიდვა უკვე დიდი ხანია პრივატიზაციის შესახებ კანონის შესაბამისად ხორციელდება".-თქვა ხაჯიმბამ.

„რაც შეეხება აფხაზეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ბინებისა და სახლების გაყიდვას,  ეს საკითხი ჯერ კიდევ სერგეი ბაღაფშის დროს იდგა, დღეს, ბინებთან და სახლებთან დაკავშირებით სიტუაცია არაკონტროლირებად ხასიათს ატარებს. სწორი მიდგომის შემთხვევაში ეს პრობლემა გადაწყდება",-განაცხადა იმდროინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა.abkhazia inform, 02.02.16

ამასთან, თავად აფხაზებმა არაერთხელ გააჟღერეს, რომ ისეთ დეპრესიულ რაიონებში, როგორიცაა გალის რაიონი, აუცილებელია მიგდებული ობიექტებისა და ნგრევადი შენობების  რუსებზე გაყიდვა, რათა  ბიუჯეტში შესულმა ფულმა  ამ მხარის „გამოცოცხლებას ხელი შუწყოს".

როგორც ცნობილია, აფხაზეთში ყოველწლიურად ტარდება რუსეთ-აფხაზეთის საქმიანი ფორუმი, სადაც რუსული მხარის წარმომადგენლები ცდილობენ  ძალით გაიტანონ აფხაზეთში  უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, და პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვის დაშვების თემა.მათ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ აფხაზეთში ინვესტორების მოზიდვა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია.

 

4.მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა

გასული წლის ნოემბრის დასაწყისში კიდევ ერთი სკოლით შემცირდა გალის რაიონში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა. გალის რაიონის სოფელ თაგილონში საბაზო სკოლა დაiხურა. დღეისათვის გალის რაიონში 30 სკოლა ფუნქციონირებს.

როგორც ცნობილია აფხაზეთის ომამდე გალის რაიონში არსებული 58  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან მხოლოდ ორი იყო რუსული, დანარჩენში სწავლება ქართულად მიმდინარეობდა. გასული წლის დასაწყისში გალის რაიონში  31  სკოლა იყო დარჩენილი, აქედან 20 ქართული სკოლა იძულებითი წესით რუსულ სწავლებაზე გადაიყვანეს, ხოლო 2017 წლის სექტემბრიდან დანარჩენი 11 სკოლაც ეტაპობრივად გადაჰყავდათ რუსულენოვან სწავლებაზე მილევადი პროგრამით..

 

აფხაზური ხელისუფლება გალის რაიონის სკოლებში ქართული ენაზე სწავლების შეზღუდვასთან ერთად  ყოველმხრივ ცდილობს ადგილობრივ სკოლებში  გააძლიეროს აფხაზური ენის სწავლება. ამ მიზნით, გალის დაბალი ზონის სკოლებში სოხუმიდან აფხაზი პედაგოგები მოავლინეს, რომლებსაც   რაიონულმა ადმინისტრაციამ  ბინები გალში დაუქირავა.

 „თავისთავად აფხაზური და რუსული  ენების სწავლებაში ცუდი არაფერია, მაგრამ, ცხადია,  ეს არ უნდა მოხდეს ქართული ენის   საათების  შემცირების  ხარჯზე", თვლიან ადგილობრივები.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდა აფხაზური ენის  გაძლიერებული სწავლებისა,  სოხუმიდან გალში მივლინებულ მასწავლებელებს ადგილობრივ სკოლებში მიმდინარე პროცესებზე თვალყურის  დევნებაც ევალებათ. მათი მიზანია, მაქსიმალურად გააკონტროლონ  სასკოლო პროცესი და ადგილზე „აღმოფხვრან" ქართული ენის „უკანონოდ" სწავლების შემთხვევები.

 

5.ომბუდსმენის საკითხი  ოკუპირებული აფხაზეთის  ტერიტორიაზე

მიმდინარე წლის 9 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო „აბხაზია ინფორმმა" დაანონსა, რომ 12 თებერვალს ჩატარდებოდა ე.წ. აფხაზური პარლამენტის სესიის სხდომა, სადაც ერთ-ერთ საკითხად აფხაზეთის ე.წ. ომბუდსმენის არჩევა იყო შეტანილი. დეპუტატებს მოუწევდათ ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატურის-ასიდა შაკრილისა და ოდისეი ბიგუაას კანდიდატურების  განხილვა.

მაგრამ, საქმე წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვამდე არ მისულა, რადგანაც 12 თებერვლის სესიაზე აღმოჩნდა, რომ ამ ორი კანდიდატურიდან ერთ ერთი აფხაზეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, რის შემდეგაც ე.წ. დეპუტატებმა  ომბუდსმენის საკითხი დღის წესრიგიდან გაურკვეველი დროით მოხსნეს.

21 მარტს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს ასიდა შაკრილი ე.წ. აფხაზეთის ადამიანის უფლებათა  საკითხებში რწმუნებულის თანამდებობაზე.

ე.წ. ომბუდსმენის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ორი პიროვნების- ასიდა შაკრილის და ოდისეი ბიგვავას კანდიდატურები.

შაკრილს 23-მმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 5-ის წინააღმდეგ, ოდისეი ბიგვავამ კი 4  ხმა მიიღო.

ასიდა შაკრილი ოკუპირებულ აფხაზთში რიგით მესამე ე.წ.  სახალხო დამცველია. მის არჩევამდე ამ თანამდებობაზე გიორგი ოტირბა და  დიმიტრი მარშანი მუშაობდნენ. 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

<< უკან