აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორთან თეა ჯუღელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე ისტორიული მეხსიერების დაცვასა და იმ მნიშვნელოვან მისიაზე, რომელსაც უნივერსიტეტი ასრულებს ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და ერთობლივი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები.
გიორგი ჯინჭარაძე შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსაც ესაუბრა. შეხვედრის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე გაკეთდა, განსაკუთრებით სამშვიდობო პროცესებსა და ქართულ-აფხაზური დიალოგის გაღრმავების კუთხით.
მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და სამაგალითო პროფესიონალიზმისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბესიკ კუსიდი დაინიშნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და დევნილი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.
ბესიკ კუსიდი 1985 წელს სოხუმში დაიბადა. განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვან მენეჯერულ და ადმინისტრაციულ პოზიციებზე საქმიანობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან კულტურის სამინისტროში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე დევნილი საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტიპენდიატებს მიღწეული წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
სტიპენდიატთა მიღებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე წარდგნენ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, პარტნიორი ქვეყნების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.
2025-2026 სასწავლო წლისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლა 249 ახალგაზრდას დაუფინანსა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ცოდნის მიღებას.
დაფინანსება გაიცა სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence, ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა, აკადემიური პროგრამები იტალიაში, აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში Stipendium Hungaricum და სხვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ფოთის მერ ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ფოთის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.
ღონისძიების მიზანი იყო დევნილი ოჯახების საჭიროებების უშუალოდ მოსმენა და მათი ყოფითი და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. დევნილებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსახლეობასთან კონსტრუქციული კომუნიკაციის დამყარებას და თითოეული დევნილი მოქალაქის საჭიროებაზე მორგებული სამომავლო განვითარების გეგმების დასახვას.