აფხაზეთის N2 საჯარო სკოლამ კონკურსში „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ მეორე ადგილი მოიპოვა

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლამ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სასკოლო კონკურსში ,,როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ მეორე ადგილი დაიკავა.

ლიკა ჯიქიამ და ანასტასია სანიკიძემ თავიანთი თანაკლასელების, მასწავლებლებისა და მეგობრების აფხაზეთთან დაკავშირებული ემოციები, მოგონებები, ფიქრები მოაგროვეს და 3D ფორმატში ციფრული კულტურული გამოფენა შექმნეს.

ვებგვერდის შექმნისა და განხორციელების პროცესში კონკურსანტებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ხელოვნების მასწავლებელმა, ნათია თურქიამ, რომელმაც გოგონებს პროექტის 3D კონცეფციის სახით აწყობა შესთავაზა.

,,იდეა ჩვენმა ხელოვნების მასწავლებელმა მოგვაწოდა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, დავიწყეთ იმ პლატფორმის შესწავლით, სადაც უნდა შეგვექმნა ჩვენი გამოფენა. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჩამოვართვით ინტერვიუები და შემდეგ გავაციფრულეთ ისინი. ყველა ძალიან დაგვეხმარა, გვგულშემატკივრობდა მთელი სკოლა, მასწავლებლები და დირექტორი. გვიხარია, რომ ჩვენი შრომა, ენერგია და ემოცია, რაც ამ პროექტში ჩავდეთ, დაგვიფასდა“, - აღნიშნავენ ლიკა და ანასტასია.

გამარჯვებულები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა დააჯილდოვეს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო.

სასკოლო კონკურსში ,,როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ 400-მდე სკოლის 2500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. აფხაზეთის N2-მა საჯარო სკოლის პროექტი 1270 ნამუშევარს შორის გამოირჩა. გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.