საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

        საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია  გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებები მართავენ საჯარო შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4-5 აპრილს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა რიგით მეორე საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, ქ. ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში განსახლებულმა დევნილებმა, ასევე, მათმა წარმომადგენლებმა ფოთიდან, სენაკიდან და წალენჯიხიდან. ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის წარმომადგენლებიც.  
      დეპარტამენტის სპეციალისტებმა დაინტერსებულ პირებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის მიზნების, მოთხოვნების, საგრანტო კონკურსის განაცხადის ფორმისა და ბიზნეს-გეგმის შედგენის შესახებ. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, პოტენციურ ბენეფიციარებთან განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.