რეზო ქობალია ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ წარმომადგენელს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ წარმომადგენელს ირაკლი ქოჩუას შეხვდა. შეხვედრას ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, მათი დასაქმების, მეწარმეობის განვითარებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” და „ASB საქართველო“ აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს ,,დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების უზრუნველყოფის გზით. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში ზუგდიდში საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC) შეიქმნა, რომელიც დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დოკუმენტაციის მომზადებაში კონსულტაციას გაუწევს.