რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტს, იუნესკოს კლუბების, ცენტრებისა და ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს (WFUCA) ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, იოანეს მარონიტისს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვის მიზნით იმყოფება.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სტუმარს მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივები გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ და კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი გააცნეს.

შეხვედრის მონაწილეებმა კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრომ პირველადი ფინანსური დახმარება გაუწია ხანძრით უკიდურესად დაზარალებულთა ოჯახებს. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს სახლების აღსადგენად საჭირო მასალებისთვის მიზნობრივი ვაუჩერი გადაეცათ. ხოლო იმ დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის შედეგად არასაცხოვრებელი ნაგებობები დაეწვათ, მატერიალური დახმარება გაეწია.

ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესწავლისა და აღმოფხვრის მიზნით შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კვლავ აგრძელებს ინტენსიურ კომუნიკაციას ხანძრით დაზარალებულ  ადგილობრივ მოსახლეობასთან და რეგულარულად მუშაობს მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, ლევან თევზაიამ და საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ხათუნა საგანელიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებასა და სარეაბილიტაციო-სპორტული პროექტების განხორციელებას. ასევე, დევნილ არასრულწლოვან შშმ პირთა ჩართვას პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში, მათი რეაბილიტაციისა და სპორტის სახეობების შესწავლის მიზნით.
თანამშრომლობის მიზანია საქართველოში პარასპორტის სახეობების განვითარება და ხელშეწყობა.

საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტი იოანეს მარონიტისი აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს გაეცნო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეწვია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იოანეს მარონიტისი - საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტი, იუნესკოს კლუბების, ცენტრებისა და ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ( WFUCA) ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
 
სტუმარს შეხვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია.
 
იოანეს მარონიტისის საქართველოში ვიზიტის მიზანია საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO ოფიცილური წარმომადგენლობის გახსნა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა. ის სწორედ ამ თვალსაზრსით გაეცნო აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს - გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთს“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები ჩაინიშნა.
შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ორგანიზებით 2021 წლის 8 ივნისს ZOOM პლატფორმის საშუალებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ბექა ძამაშვილთან.
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი ავთანდილ ხაზალია, მინისტრის აპარატის თანამშრომლები და სტაჟიორები.
 
შეხვედრაზე, ბატონმა ბექა ძამაშვილმა იმ ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მიაღწია.
 
საუბარი შეეხო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო იმ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს დაგეგმილი და ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე არაღიარების პოლიტიკისა და ქვეყნის დეოკუპაციის პროცესისათვის.
 
შეხვედრის მონაწილეებმა, ყურადღება გაამახვილეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვარის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო.
 
მონაწილეებმა განიხილეს, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლისა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების ძირითადი ასპექტები.
 
შეხვედრის მიზანია სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში არსებული გამოწვევების თეორიული და პრაქტიკული ანალიზი.
შეხვედრა სტუდენტებთან

იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტრგაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციის – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ მიერ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე შორენა ახალაია, დამფუძნებელი და გამგეობის წევრი მარინა ხანთაძე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე.

მონაწილეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად არსებული მდგომარეობა, ისაუბრეს ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.

„ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

შეხვედრაზე განვიხილეთ სტუდენტების საინტერესო ინიციატივები. ახალგაზრდებმა გამოხატეს სურვილი მეტი აქტიურობით ჩაერთონ სამშვიდობო პროცესების ხელშემწყობ ღონისძიებებში.

სტუდენტებს გავუზიარე, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხებზე ხედვები, მოსაზრებები და გავაცანი, ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

მსგავსი შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ვიმსჯელებთ და დავგეგმავთ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზ და ქართველ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასა და შერიგებას.“ - აღნიშნა დავით ფაცაციამ

შეხვედრების მიზანია ოკუპაციის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და მისი მოგვარების გზების მოძიების პროცესში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ – განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა დაფინასება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხორციელდება. ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებიც COVID-19 პანდემიის პირობებში დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

2020 წელს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობის უმთავრეს მიზანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობისათვის აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანება, მოსახლეობაში სამშვიდობო ტენდენციების გაძლიერება და დევნილი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს შეკითხვებს უპასუხა.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებს ხონის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილები გაეცნენ

დევნილ მოსახლეობას სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი, თანამშრომლებთან ერთად შეხვდა და მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემებიც მოისმინეს და მათი გადაჭრის შესაძლებლობები განიხილეს.
სამინისტრო ტერიტორიული ორგანოებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთანაც გამართავს .

 

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა: ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის ფედერაციის  მიერ გახშირებულ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” განხორციელების ფარგლებში მიმდინარე მუშაობას; მზარდ მილიტარიზაციას; ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს; საქართველოს მოქალაქეთა გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევებს. მინისტრის მოადგილემ დასვა ზაზა გახელაძის ისევე, როგორც  ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთებით კი გალისა და ახალგორის რაიონებში, არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის დაკეტვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე შედეგებზე, რასაც ბოლო ორი თვის პერიოდში საქართველოს ხუთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ხაზი გაესვა ადგილობრივი მცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, აღინიშნა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას.

შეხვედრაზე კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროების საკითხი.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამართლებრივად დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და ეფექტური კონტროლის განხორციელება. აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტი ეფექტიანად იქნას გამოყენებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საქმეში.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდებზე შესაძლებელი გახდეს რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კორდინაციის სააგენტოს (TIKA) ერთობლივი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კორდინაციის სააგენტოს (TIKA) თანამშრომლობით,  აფხაზეთიდან დევნილი სამედიცინო სფეროში მომუშავე მედდებისათვის ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე „შაქრიანი დიაბეტის მართვა“. ტრენინგში მონაწილეობდა აფხაზეთიდან დევნილი 19 პირი. პროგრამის ფარგლებში, ტრენინგის ხუთი მონაწილე შაქრიანი დიაბეტის მართვის კუთხით, პროფესიულ გადამზადებას გაივლის თურქეთის რესპუბლიკაში.

 

15 ივნისს,  ქ. თბილისში აღნიშნული ტრენინგის შემაჯამებელი ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა - ივანე დოლიძემ და თურქეთის თანამშრომლობისა და კორდინაციის სააგენტოს (TIKA), თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორმა - ნეჯლა დემირდაღმა.

 

ცერემონიაზე აღინიშნა მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივად განხორციელებული პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

 

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა საქართველოს საპატრიარქოს მოზარდთა თავშესაფარსა და ღვთისმშობლის საფარველის სახელობის დედათა მონასტერში გამწვანების აქციები მოაწყო.
 
მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა საქართველოს საპატრიარქოს მოზარდთა თავშესაფრისა და ღვთისმშობლის საფარველის სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე ნარგავები დარგეს.
 
გამწვანების აქციები გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო და მისი მიზანი გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და გარემოს გამწვანების ხელშეწყობა არის.
წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, მწერალთა სახლში, ცნობილი მკვლევარისა და მეცნიერის, ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაციას დაესწრო.
 
სსიპ "კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" მიერ გამოცემული ნატო მარშანიას წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნა ფონდ - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტის, თიკა სვანიძე ვენკოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
 
წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მათ მცდელობაზე, ქართველ ემიგრანტებთან ერთად თავიანთი წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.
 
ღონისძიებაზე, ასევე, მოეწყო კინოჩვენება, რომელიც ასახავდა მე-20 საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებელი, საერთო ქართული სახელმწიფოს შენებაში აფხაზ მოღვაწეთა ფასდაუდებელ დამსახურებას.
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ბექა ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ ყოლბაია და გია გვაზავა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი - დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი - ეკა ხოფერია, სსიპ "კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" დირექტორი - ლიკა კვარაცხელია, ფონდ - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი, თიკა სვანიძე ვენკო, გორისა და ატენის ეპისკოპოსი მეუფე ანდრია.
 
ღონისძიება მიეძღვნა, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, 1919 -1921 წლებში აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის იუბილეს, რომელსაც 26 ოქტომბერს დაბადებიდან 140 წელი შეუსრულდა.
 
“ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების გულშემატკივარი თითოეული ადამიანისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია წიგნში აღწერილი ისტორიები, რომლებიც წარმოაჩენს ემიგრაციაში მყოფი აფხაზი არისტოკრატიის ერთიან, ეროვნულ – ქართულ ცნობიერებას, მათ მცდელობას, ქართველ ემიგრანტებთან ერთად, წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.
 
მადლობას ვუხდი წიგნის ავტორს, ქალბატონ ნატო მარშანიასა და გამოცემის მხარდამჭერს - სსიპ "კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვის, რომლითაც ჩვენი საერთო ისტორია, ტრადიცია და კულტურა წარმოჩნდება.
 
მინდა ავღნიშნო, რომ მსგავსი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჭეშმარიტი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზი თანამოქალაქეების ცხოვრება ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია.
 
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმანისა და გამოცემის ფინანსურ მხარდამჭერს, ფონდ - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტს თიკა სვანიძე-ვენკოს, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, რომელიც ამ ღონისძიების გარდა, სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერითა და განხორციელებით არის ცნობილი.
 
მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი აქტიურობით ჩავერთოთ მსგავს ღონისძიებებში, რათა თითოეული ჩვენგანის ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ქართულ-აფხაზური პოზიტიური ურთიერთობების წარმოჩენა, ჩვენი საერთო ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ფასეულობების შესანარჩუნებლად!” - აღნიშნა დავით ფაცაციამ.
შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსთან - სალომე დოლიძესთან ერთად, შეხვდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გლობალური პროგრამის „მიგრაცია და დიასპორის“ კოორდინატორს, ქალბატონ ირმა წერეთელსა და დიასპორის ექსპერტს, ქალბატონ ნათია კიკალეიშვილს.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გლობალური პროგრამა „მიგრაცია და დიასპორა“, რომლის ფარგლებშიც გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარებს, ცოდნის გაზიარებისა და გაღრმავების მიზნით შეასწავლის გერმანულ ენას.
 
შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად განსახორციელებელ სხვა პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
2021 წლის 4 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრებმა მთავრობის წევრებს 2021 წლის იანვარში ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურების (ხანძრის) შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გაწეული მიზნობრივი დახმარებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სხდომაზე მოისმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის ჩართულობით „ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ ძირეული ასპექტების შესრულების თაობაზე და სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინადადებები.

ასევე, განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

რეგიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობით საჭიროებებისა და მათი პრობლემების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ - გიორგი ჯინჭარაძემ, ონლაინ შეხვედრა გამართა საქართელოში იაპონიის საელჩოს ეკონომიკური სექციის მდივანთან - თეონა მაჭარაშვილთან და პროგრამა „Grassroot”-ის საგრანტო კონსულტანტთან - მერი ჩაჩავასთან. შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, საჭიროებები და მათი პრობლემები. დისკუსიის ფორმატში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მოწყვლად რეგიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსმა - დავით გახარიამ და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის სამმართველოს უფროსმა - ვასილ ბაბუნაშვილმა.