საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

    საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა  და 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყო ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“. პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის/ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, აგრეთვე, თანამშრომლობას და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნას, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.
    საგრანტო პროგრამის საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებები მართავენ შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი ასეთი შეხვედრა  მ.წ 1 აპრილს ქ.ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამეტის თავმჯდომარემ ვ.ბასარიამ  და   იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზ.ჩაჩავამ გამართეს ქ.ქუთაისში  დევნილთა  კოლექტიურ ჩასახლებებში არსებული ამხანაგებობის თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე განმარტებულ იქნება საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“ შინაარსი და  ძირითადი მოთხოვნები.
    შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს პროგრამის მიმართ და გამოთქვეს მზადყოფნა მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული საგრანტო პროგრამის შესახებ დევნილთა  კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას. საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, რათა მაქსიმალურად იქნას მოცული საგრანტო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარები.

ქ. ქუთაისში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა- „,საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია“ გაიმართა

   მ.წ. 1 აპრილს ქ.ქუთაისში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „,საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეობის სექტორში მომუშავე 150-ზე მეტმა მეწარმე-სუბიექტმა, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილმა მეფუკტრეებმა.

   შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო: შიდა და გარე ბაზრებზე კონკურენტუნარიანი თაფლის წარმოების შესაძლებლობა და პროდუქციის მოცულობის ზრდა, თაფლის სტანდარტიზაციის სისტემის სრულყოფა, მეფუტკრეობის პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე დარგში დასაქმებულთა პროფესიული დონის ამაღლება. ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელები, რომლებმაც მავნებლის წინააღმდეგ 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფუტკრის დაცვის სისტემის შესახებ ისაუბრეს.

   შეხვედაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ.ბასარიამ და დეპარტამენტის სპეციალისტებმა.

დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესი გრძელდება

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩა №112/3-ში,  დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტისთვის სასმელი წყლის ტუმბოს შეკეთება დევნილთა თანადაფინანსებით.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

 2019 წლის 1 აპრილს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან თანამშრომლებს გააცნო  ა/წლის 29 მარტს ჩატარებულ  აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ სხდომაზე სამინისტროს მიერ გატანილ საკითხებზე: 1. ,,აფხაზეთის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი და 2. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ –აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი. მინისტრმა ისაუბრა გასულ კვირას,  ა/წლის 25 მარტს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის სხდომაზე გატანილ საკითხზე – ,,სამინისტროს სარგებლობაში არსებული ავტომანქანების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე’’, აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო)  კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)–ების საქმიანობაზე, დისციპლინაზე და სხვა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი პროგრამები გააცნო

2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის საინფორმაციო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სამინისტროს ახალი პროგრამები, რომლებიც უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მათ საჭიროებებზეა მორგებული.

ახალი პროგრამები ემსახურება აფხაზეთიდან დევნილი სხვადასხვა სფეროში წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას, აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას, სტუდენტთა პოტენციალის წარმოჩენას, მხარდაჭერასა და სწავლების თანადაფინანსებას. შეხვედრა გაიმართა დიალოგის ფორმატში. სტუდენტებმა დასმულ შეკითხვებზე და მათ შორის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების დაწესების თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

აფხაზეთის ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე,  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წელს ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში დაიღუპა.

საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილე არ არის რიგითი მოვლენა. სახელგანთქმული კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟის, სამეცნიერო-ლიტერატურული სფეროს გამორჩეული მოღვაწის, დისიდენტის და პრეზიდენტის საქმენი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ.

ინფორმაცია, მეხსიერება, ლოგიკა ანალიზისათვის საჭირო საყრდენებია და ამ საყრდენების გამოყენებით, ჩვენ უნდა ვთქვათ:

დიდია მისი ღვაწლი რუსთველოლოგიის განვითარების, ქართული კულტურის, ისტორიის შესწავლის საქმეში. ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, მონოგრაფიები, წერილები დღევანდელ ეტაპზე უფრო საკრალურ და ღრმა დატვირთვას იძენს.

საბჭოთა სისტემაში ძნელი იყო „გეცურა“ დინების წინააღმდეგ, მაგრამ მან ეს შეძლო მერაბ კოსტავასთან, სხვა თანამოაზრეებთან ერთად და გაიმარჯვა.

ზვიად გამსახურდია 1978 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ წარგენილი იყო ნობელის  მშვიდობის პრემიაზე და ეს ნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდია არ იყო მხოლოდ ქართული მოვლენა, მისი სულიერი, ფიზიკური თუ ინტელექტუალური დონე მსოფლიო სტანდარტებს უტოლდებოდა.

ღირს გახსენებად ზვიად გამსახურდიას და მისი თანამოაზრეების ღია ბრძოლა „საქართველოს მოამბით“, განათლების სფეროს მოსკოვის იმ ჩინოვნიკთა მიმართ, რომელთაც სასწავლო პროგრამებიდან ამოიღეს საქართველოს ისტორიის გაკვეთილები, შეფასებები და შესაბამისად აკრძალეს ატესტატებში საგნის აღნიშვნა.

ზვიად გამსახურდია მხოლოდ ერთი წელი,ერთი თვე და რამდენიმე დღე იყო  ხელმძღვანელი პირველი პირი საქართველოში, მაგრამ მოასწრო იმის გაკეთება, რასაც ათეული წლები შეალიეს და ვერ მოახერხეს თაობებმა. მან ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო რეფერენდუმის ჩატარება 1991 წლის 31 მარტს და ამ რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი დაუდო 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: დაპირისპირების, ღალატის, არასახელმწიფოებრივი, არაეროვნული აზროვნების დრო წარსულშია, ერის მსახურება კი დღევანდელობის, ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი – აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ა/რ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“– გააცნო  აფხაზეთის ა/რ ფინანსთა  და ეკონომიკის მინისტრმა  მურმან ფარფალიამ. მოისმინეს აფხაზეთის ა/რ  ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს  სსიპ  გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ინფორმაცია „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება – გატანისა და აფხაზეთის სანაპირო ზოლის ეკოსისტემის შენარჩუნებისათვის პრევენციულ ღონისძიებათა შესახებ.“ მოწონებულ იქნა აფხაზეთის ა/რ  მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“

 

დევნილთა მინისტრის მაოდგილე გრიგოლ გიორგაძე იმერეთში

2019 წლის 29 მარტს ქუთაისში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის თანამშრომლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი სანთელაძე, ასევე, დევნილი კურსამთავრებული სტუდენტები და ომის ვეტერანი დევნილები. 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზური ენის  მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. მასში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და წიგნის ავტორებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს, რომ წიგნი აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოსცეს.

წიგნი აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მოცემული გაკვეთილები და თემები დაეხმარება მსურველებს, ისწავლონ წერა-კითხვა, სიტყვები და ფრაზები აფხაზურ ენაზე, შეიძინონ დიალოგისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

პრეზენტაციის მონაწილეებმა აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას. პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

აფხაზეთიდან დევნილ დიტო ოკუჯავას მოპედი და საწვავი გადაეცა

აფხაზეთიდან დევნილ 11 წლის დიტო ოკუჯავას მოპედი და 300 ლიტრი საწვავი გადაეცა. მოზარდს საჩუქარი  ბიზნესმენმა გიორგი დევაძემ დაუფინანსა.

ზუგდიდის „ბაიას“ სტადიონზე მოზარდ ფეხბურთელს საჩუქარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ გადასცეს.

დიტო ოკუჯავა 3 წელია, თითქმის ყოველ დღე, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გაგიდიდან ზუგდიდამდე და უკან 90 კილომეტრს მოპედით დედასთან ერთად გადიოდა და ზუგდიდში „ბაიას“ საფეხბურთო საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა. მოპედის მწყობრიდან გამოსვლის გამო, მიმოსვლა პრობლემებთან დაკავშირებული გახდა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რეზო ქობალიასა და მამუკა ცოტნიაშვილს ერთობლივი ინიციატივით მოძიებულ იქნა ბიზნესმენი გიორგი დევაძე, რომელმაც გამოიჩინა კეთილი ნება და უანგაროდ დაეხმარა დიტო ოკუჟავას.

სტაჟირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით აცხადებს სტაჟიორთა მიღებას. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და  უმაღლესი  განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე. დეპარტამენტში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტადრება გასაუბრების ფორმით. კანდიდატმა დეპარტამენტში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) დიპლომის ასლი/ ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

გ) CV.

გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დეპარტამენტის სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისიის წარდგინებით.

მოცემული სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი და არ გულისხმობს სამომავლო დასაქმების ვალდებულებას, თუმცა, ჩვენი სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.

საბუთების მიღება წარმოებს 2019 წლის 26 მარტიდან 2019 წლის 8 აპრილის ჩათვლით, როგორც ელექტრონულად (justminabkhazia@gmail.com),(justice@abkhazia.gov.ge),   ასევე მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე:   ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ, N17ე.

საკონტაქტო პირი სოფიო ყოლბაია, ტელ: 599 50 03 55, 222 12 05.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკს (AIESEC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნებას. ის ასევე გულისხმობს მთელ საქართველოში და მათ შორის გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების საერთაშორისო კავშირებში ჩაბმას და მათში საერთაშორისო, კონკურენტუნარიანი ლიდერების აღზრდას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ (AIESEC) საქართველოს კომიტეტის პრეზიდენტმა თათია ბაგაშვილმა.

აისეკი (AIESEC) 1948 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კულტურული ბარიერების დასაძლევად შეიქმნა. 2006 წელს ორგანიზაციამ საქართველოშიც დაიწყო საქმიანობა და ის წარმოდგენილია სამ ქალაქში; თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამჟამად აისეკი 120-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს და მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს საზღვარგარეთ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ასოციაცია DRONI-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ასოციაცია DRONI-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ა(ა)იპ ახალგაზრდული ასოციაცია DRONI-ს შორის გაფორმდა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართვას მათი კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით.

ახალგაზრდული ასოციაცია DRONI არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თანამედროვე, ჯანსაღი, განათლებული და სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება. ამ ამოცანის შესასრულებლად ასოციაცია ახორციელებს არაფორმალურ საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის განვითარების პროგრამებს.