აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „არ დავიწყება"-ს მიერ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა.

ლიტვაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ ანიქშიაიში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენა ლიტვის „ანგელოზის მუზეუმის" ორგანიზებით იმართება და მასში აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრები - ნერსე ბაცაში, მერაბ ფიფია, ამირან კუპრავა და მერაბ ეფაძე მონაწილეობენ.

გამოფენა 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება 30 დევნილი მხატვრის 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

გამოფენა სახელწოდებით „27 სექტემბერი" სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს ეძღვნება.

აფხაზეთის ხელისუფლებამ და საზოგადოებამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემა 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს დაემთხვა. ამ დღეს აფხაზეთის მოსახლეობა გოლგოთის გზას - დიდი ტანჯვისა და განსაცდელის გზას შეუდგა იმ იმედით, რომ „გოლგოთა და ჯვარცმა სიკვდილით არ დამთავრებულა, არამედ მას აღდგომა და ამაღლება მოჰყვა“. სწორედ ამ იმედითა და რწმენით სრულდება აფხაზეთის წართმევიდან 24 წელიც.


ამ იმედითა და რწმენით მივიდნენ წლევანდელ 27 სექტემბერსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან, რომელიც ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთაც მაისურებზე სიმბოლურად აფხაზეთის ქალაქების სახელები ეწერათ, ასევე ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. 


შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პატივი მიაგო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავებს.

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 24 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტმა და ომის ვეტერანებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.

გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. სტუდენტებს აფხაზეთის რაიონების დასახლებებით სიმბოლური მაისურები ემოსათ.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას  საფლავები.

90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

გზა ფერმერობისკენ

2017 წლის 25-26 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო “Holiday Inn”-ში გამართულ
კონფერენციაზე საქართველოს ფერმერთა სათათბირო ოფიციალურად
დაფუძნდა.
26 სექტემბერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, სათათბიროს
პრეზენტაციასთან ერთად, დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი 3 ახალი
პროექტიც წარმოადგინა: საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია,
მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“ და წიგნი „გზა ფერმერობისკენ“.
წიგნი „გზა ფერმერობისკენ“ 2017 წელს გამოიცა. წიგნში აღწერილია
საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული 60-ზე მეტი სასოფლო
სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგია, ასევე, მათი წარმოებისათვის
აუცილებელი ფაქტორების – კლიმატის, ნიადაგის ტიპების, სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების მოცულობისა და სხვა პირობების მიმოხილვა ქვეყნის რეგიონების
მიხედვით (9 რეგიონი, აჭარის ა/რ და აფხაზეთის ა/რ).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ ინფორმაცია მომზადებულ
იქნა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების დეპარატამენტის სპეციალისტების მიერ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და საქართველოს ფერმერთა
ასოციაციას შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, რომელიც
მიმართულია დევნილი ფერმერების საქმიანობის შემდგომი განვითარების
ხელშეწყობაზე, ხოლო წიგნი „გზა ფერმერობისაკენ“ ამ პარტნიორული
ურთიერთობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად საკურატორო რეგიონის რიგ ქალაქებში ღონისძიებები გაიმართა. კერძოდ, ხონის მუნიციპალიტეტში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა  აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლინობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.  ასევე, იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები. დღესვე , ცნობილი გახდა , რომ თვითმმართველობაში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ახალი მემორიალის დადგმაზე მუშაობენ. მაკეტებს დღეს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი და საზოგადოება გაეცნო.

ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლინობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალზე შეიკრიბა ქალაქის თვითმმართველობის წევრები, მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პარლამენტის წევრები, ქალაქის მერი, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე და ვეტერანები, კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელი და კურსანტები,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები. მათ გვირგვინი შეამკეთ მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მემორიალზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის  ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბმა (სუბელიანმა)პარაკლისი გადაიხადა.

გრძელდება დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსდა  ქ. თბილისში, დევნილთა ორგანიზებული ჩასახლების ორ ობიექტზე, სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩა №13-ში, შენობის შესასვლელი ორფრთიანი კარის სამონტაჟო და ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-4 მ/რ, კ 28ა-ში, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობის სარდაფში ჩასასვლელი ორი გარე კიბის დამცავი საშუალებებით შემოფარგვლის სამუშაოები.

აფხაზეთის ხელისუფლებამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.

ქალაქ ზუგდიდში ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ქალაქ ზუგდიდში, 23-24 სექტემბერს, დევნილთა ახალ ჩასახლებასა და „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის" შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობდნენ  „ნ.პატარკაციშვილის სახ. მრავალპროფილური კლინიკა „დედაშვილობის", კარდიოლოგიური კლინიკა „ადაპტის", თვალის კლინიკა  „ახალი მზერა"-ს, კლინიკა „Heirline"-ის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერას", კლინიკა New Hospitals-ის, „კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის", უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, აგრეთვე, დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები.  სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი,ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი,  მამოლოგი, უროლოგი, ფლებოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი. ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები (მუცლის ღრუს ორგანოებისა და ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოსკოპია; ელექტროკარდიოგრაფია), ასევე, ლაბორატორიული კვლევა (გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში) აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.

ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

ღონისძიების ფარგლებში ქ.ზუგდიდში ორივე დღეს გაისინჯა 350-მდე მოქალაქე, ექიმ-სპეციალისტებთან განხორციელდა 1400-მდე  ვიზიტი.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე  და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათს ატარებდა.

თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთში ომამდე და მის შემდეგ არსებული ვითარების შესახებ. აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობის შესახებ. მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

თავის მხრივ იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

ვახტანგ ყოლბაია მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტის: „მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის - ჩვენ შევქმნით ახალ, უკეთეს მომავალს!" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტის მონაწილე ქართველი, აფხაზი, ოსი ახალგაზრდები და ასევე სტუდენტები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

პროექტის პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა შეასრულეს ქართული და აფხაზური სიმღერები, წაიკითხეს საკუთარი ლექსები.

მშვიდობის საერთაშორისო დღე 21 სექტემბერს აღინიშნება.

კლარა ბერაიას უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ შპს. „გაგუას კლინიკის" ღვაწლმოსილ თანამშრომელ კლარა ბერაიას 70 წლის იუბილე მიულოცეს და უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცეს.

კლარა ბერაია 1970-1993 წლებში სოხუმის სამშობიარო სახლში, ბებიაქალის თანამდებობაზე მუშაობდა. 1993 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მას უმაღლესი კატეგორიის ბებიაქალის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომის შემდეგ იგი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მე-8 სამშობიარო სახლის ექთნად დაიწყო მუშაობა. 1995 წელს საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ საქართველოში მოღვაწეობს. 2010 წელს საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციამ კლარა ბერაია ასოციაციის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

ღონისძიებას შპს. „გაგუას კლინიკის" დირექტორი დავით გაგუა და საავადმყოფოს პერსონალი ესწრებოდნენ.

სამმართველოს სპეციალისტები კომისიის მორიგ სხდომას დაესწრნენ

მიმდინარე წლის  21 სექტემბერს, 11 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოოდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“  მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია, მთავარი სპეციალისტები ეკატერინე ბიგვავა და ნანა ნაჭყებია.

კომისიამ განიხილა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები და წარმოდგენილი დოკუმენტების, მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ თითოეულ მათგანზე მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს მხატვართა კავშირში შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს მხატვართა კავშირში შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე და აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ლიტვის ქალაქ ანიქშიაიში დაგეგმილი დევნილი მხატვრების გამოფენის დეტალებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მხატვართა კავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

8 ოქტომბრის ჩათვლით, ლიტვის ქალაქ ანიქშიაის „ანგელოზის მუზეუმის" ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 27 ფერწერული ნამუშევარი. გამოფენა ეძღვნება სოხუმის დაცემის დღეს 27 სექტემბერს და მისი სახელწოდებაა „27 სექტემბერი".

ვახტანგ ყოლბაია ბაზალეთში საერთაშორისო ბანაკის გახსნას დაესწრო

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ბაზალეთში საერთაშორისო ბანაკი „Connecting Youth Through Art: EU-EaP Summer Camp 2017" საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

საერთაშორისო ბანაკი მიზნად ისახავს ინტერკულტურული მეგობრობის გაღრმავებას, არაფორმალური დიალოგისათვის პლატფორმის შექმნასა და ევროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.