67 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი გარდაიცვალა

სრულიად საქართველომ, ქართულმა თეატრმა, საზოგადოებამ, ჯაიანების ოჯახმა, გვარმა, მრავალრიცხოვანმა ნათესაობამ და სამეგობრომ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - 67 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ქ. სენაკის საპატიო მოქალაქე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ათეული წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი (დიმა) ჯაიანი.

დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ სენაკში, თავადური წარმოშობის ოჯახში. საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდან დაჰყვა და, საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მთელი ცხოვრება ხელოვანის ნარეკლიანი გზებით იარა, ყველასგან გამორჩეული პიროვნული და პროფესიონალური ნიშნით.

თეატრის უპირველესი დანიშნულება ხომ ისაა, დაგაინტერესოს, ჩაგითრიოს, შეგძრას, ზოგადს, ცხოვრებისეულს და პიროვნულსაც შეეხოს. დიმა ჯაიანის მრავალრიცხოვანი როლები, შესანიშნავი სცენური თუ ეკრანული სახეები სწორედ რომ გაინტერესებდა, ჩაგითრევდა, შეგძრავდა...

,,როცა მის ნამუშევრებს ვუყურებ, არ შეიძლება, მან არ აგაღელვოს, გულგრილი დაგტოვოს...ის გამორჩეული მსახიობია! არიან ისეთებიც, რომელნიც მას ჭარბ ემოციურობას, თავდაუზოგავ ენერგეტიკას, თამაშის ზეაწეულ, რომანტიკულ მანერას ნაკლადაც უთვლიან! მე მათ რიცხვს არ განვეკუთვნები, პირიქით, მე სწორედ ეს თვისებები მხიბლავს, მას ყველაზე დიდ სიამოვნებას სცენური თავდავიწყება სძენს.“
ასე აფასებენ ამ მართლაც გამორჩეული ინდივიდუალობის, თვითმყოფადობის და განსხვავებული პროფესიული ხასიათის მქონე მსახიობის შემოქმედებას მისი უპირველესი შემფასებლები, ქართული თეატრის კორიფეები, პირველი მასწავლებლები, ისინი, ვისთანაც გაიზარდა, ჩამოყალიბდა, შედგა!

დიმა ჯაიანს თითქოს თან დაჰყვა მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერის თვისებები... - არა პირველობის, არამედ ლიდერობის. იგი იყო მზრუნველი, ყურადღებიანი, შემოქმედებითი დისციპლინის, წესრიგის და სამართლიანი ურთიერთობების მკაცრი მცველი და ქომაგი... უამრავი საქმიანი შეხვედრის თუ მეგობრული თავშეყრის ორგანიზატორი, შეუცვლელი თამადა ყველას იუბილეზე, თავკაცი ჭირსა თუ ლხინში....
მას უპრეცენდენტოდ ახალგაზრდულ ასაკში, 38 წლისას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის , კიდევ უფრო ადრე სოხუმის კოლორიტის, ცოტა მოგვიანებით კი ,,ადამიანი-სიმბოლოს” წოდება. არ შეიძლება არ დავეთნხმოთ ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტოროს, პროფესორ მერაბ გეგიას შეფასებას: ,,დიმა ჯაიანი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი, იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც მთლიანად გაიზიარა დიდი ტრაგედიების მქონე მებრძოლი დევნილი თეატრის ბედი და თავადაც იქცა ამ თეატრის მომავლის არქიტექტორად. მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობა, შეუპოვრობა, საკუთარი საქმისადმი უსაზღვრო სიყვარული რომ არა, რა გადაარჩენდა შენობის გარეშე დარჩენილ თეატრს, უსახლკაროდ დარჩენილ სოხუმელთა დასს. ქვეყანაში შექმნილ ისედაც გაუსაძლის პირობებში, სიცივესა და სიბნელეში. ასეთი თეატრის ხელძღვანელობა ხომ ტვირთია. თუმცა კი წმინდათა-წინდა, მაგრამ მაინც ტვირთი.“

ეს სიმძიმე დიმამ საკუთარი მხრებით ზიდა.

დიმა ჯაიანის ცხოვრება მისი წარმატებული შემოქმედებით, არაერთგვაროვანი და ზოგჯერ მოულოდნელი პარალელებით ისეთივეა, როგორც მისი სათაყვანებელი ქვეყანა და მშობლიური თეატრი - ტრაგიკული მოვლენებით, სევდით, გულისტკივილით, თავბრუდამხვევი წარმატებითა და მოულოდნელი სიხარულით.

ბოლო წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა დიმა ჯაიანის, როგორც ლიდერის, ხელმძღანელის ორგანიზატორულმა თვისებებმა, საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ, მოგვევლინა შესანიშნავი ტელეწამყვანის როლშიც, როგორც გონიერი, ფართო დიაპაზონის მსახიობი, შესანიშნავი მთხრობელი, ორატორი, პოეზიით გატაცებული და საინტერესო დეკლამატორი, წარსულის აწმყოსთან შემაკავშირებელი, განსაკუთრებული სიყვარულის და პატივისცემის წარმომჩენი საკუთარი ქვეყნის, ხალხის, მისი სათაყვანებელი აფხაზეთის მიმართ.
,,შენ რომ ვინმემ გული ამოგგლიჯოს და ხატის წინ დადოს, მასზე დიდი ასოებით იქნება ამოტვიფრული ერთადერთი სიტყვა ,,აფხაზეთი“ ... ,,მახსოვს, პირველივე ლექციაზე ყველა სტუდენტს გამოვკითხე, ვინ სად აპირებდა სამუშაოდ წასვლას, შენ თქვი - სოხუმშიო, იმ მხარის კაცი ვარო...“

სტუდენტობის დროს აღიარებულ ამ პიროვნულ ჭეშმარიტებას დღეს უკვე ზეციურ საქართველოში გადასული ჩვენი დიმა თითქოს ,,მთვარის მოტაცების” ერთ-ერთი გმირის სიტყვებით ეხმიანება: ,,უთქვამი სიტყვის ბატონი ვარ და მბრძანებელი, ხოლო ნათქვამის - სიკვდილადე მონა-მორჩილი”.


ასე სწამდა, ასე იცხოვრა, ასე წავიდა!

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის მთავრობაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პირველ მდივან ალექს შრენკს  და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელ ჯონ ჰეინსს შეხვდა. შეხვედრას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

შეხვედერაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საელჩოს წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. მათ შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელების დახურვით გამოწვეულ პრობლემებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე.

საელჩოს წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების საქმიანობისა და მათ მიერ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთობლივად განხორციელებული პროექტების, მათ შორის იძულებით გადაადგიულებულ პირებთან, ცენტრალურ სტურქტურებთან ურთიერთობის ფორმების შესახებ.

აფხაზეთის მთავრობაში ევროპის ჩემპიონ დავით კვარაცხელიასთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის მთავრობაში რალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ დავით კვარაცხელიასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ევროპის ჩემპიონ დავით კვარაცხელიას მიღწეული წარმატება მიულოცა და კლასიკურ რალიში მოპოვებული წარმატებისა და მსოფლიო არენაზე აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის წარმოჩენისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანი სპორტსმენები და სპორტსმენის მეგობრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი დავით კვარაცხელია ბულგარეთში მოღვაწეობს და იგი მრავალი ტიტულის მფლობელია, მათ შორის ბალკანეთის თასის გამარჯვებული.

2017 წლის 17-18 ნოემბერს, პორტუგალიაში გამართულ რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია"-ს წევრებმა დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ERT -2  კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები.

დავით კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილია. ის თავის ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის, ხოლო ავტომობილზე სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA".

სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობაში მოქმედ კომისიებთან

მიმდინარე წლის  5 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოოდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“  მორიგი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის  სამმართველოს თანამშრომლები.

ასევე, შედგა სამუშაო შეხვედრა „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი“ და „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით“ შექმნილ კომისიების წევრებთან, სადაც განხილულ იქნა მიმდინარე საკითხები.

ქ.ქუთაისი, გუმათის მარცხენა დასახლება, ყოფილი გუმათის #2-ე სკოლა პანსიონატში „საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სამუშაოების განმსაზღვრელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით ქ.ქუთაისი, გუმათის მარცხენა დასახლება, ყოფილი გუმათის #2-ე სკოლა პანსიონატში მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა შენობის ფოიესა და კიბის უჯრედების ფანჯრებში მინის ჩასმა. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 800 ლარს. (რვაასი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ჩაბარდა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ერთი ობიექტის სახურავი გამოიცვალა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით   დასრულდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილთა  კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის, ყოფილი „საწარმოო კომბინატის“ შენობის გადახურვა თუნუქის ტალღოვანი ფილებით.

სამუშაო შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში

აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გ. ბულისკერიამ და სამმართველოს უფროსმა რ. კოკაიამ აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა უკვდავსაყოფად წიგნის „მარადისობაში მომავლისათვის“ ახალ გამოცემასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ასევე, განიხილეს „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ივლისის №366 დადგენილების შესრულების მიზნით მიღებული სამხედრო სავალდებულო სამსახურში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევის მიმდინარეობა. წარმომადგენლობას, ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მიზნით,  დაევალა, უზრუნველყოს შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გატარება.

ევროპის ჩემპიონი დავით კვარაცხელია საქართველოში ჩამოვიდა

რალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დავით კვარაცხელია საქართველოში ჩამოვიდა და ჩემპიონის თასი ჩამოიტანა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩემპიონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან დევნილები და მეგობრები დახვდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი დავით კვარაცხელია ბულგარეთში მოღვაწეობს და იგი მრავალი ტიტულის მფლობელია, მათ შორის ბალკანეთის თასის გამარჯვებული.

2017 წლის 17-18 ნოემბერს, პორტუგალიაში გამართულ რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია"-ს წევრებმა დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ERT -2  კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები.

დავით კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილია. ის თავის ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის, ხოლო ავტომობილზე სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA".

დევნილთა ჩასახლებას წყლის მიწოდება აღუდგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, სოხუმის ქუჩა, I ჩიხი, №13-ში, ყოფილი ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე არსებული წყლის ავზიდან დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებისათვის წყლის მიმწოდებელი ტუმბოს შეცვლა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ესხვერპლა 2017 წლის 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაეშვა სახელმწიფო დროშები. ტრაგედიის ადგილი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ბათუმის ოფისის თანამშრომლებმა.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ლიტველ ჟურნალისტებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი ლომინაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ოფიცერ დიანა ზარემბიენეს, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველ მარუნე კუბილიუტესა და ლიტვის რესპუბლიკის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს შეხვდნენ.

შეხვედერაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მიაწოდეს ქრონოლოგიური ინფორმაცია აფხაზეთში შეიარაღებულ კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობისა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენების შესახებ. აგრეთვე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის პრობლემებზე, მათ შორის ქართული ენაზე განათლების მიღების  აკრძალვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა სახელწოდებით „XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოპორტრეტებში" გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იმ აფხაზების უნიკალური ფოტოები, პორტრეტები რომლებმაც კვალი დატოვეს უახლოეს ისტორიაში. ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მწერალმა ნანა ქარდავამ აუდიტორიას ფოტოპორტრეტების ისტორია გააცნო, ისაუბრა აფხაზთა ტრადიციებზე და ასევე ფოტოებზე ასახული გმირების ისტორიები გაიხსენა.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამეტის დეპუტატი ადა მარშანია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ნ. პატარკაციშვილის სახელობის კლინიკაში დევნილებისთვის უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა

ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ დედებს, უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ექიმი გინეკოლოგი, გინეკოლოგ ონკოლოგი, თერაპევტი, მამოლოგი, ექოსკოპია. აქციის ფარგლებში გაისინჯა 60 ბენეფიციარი.

ღონისძიების მსვლელობას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოდაგილე მარინა ონიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ჯანდაცვის საკითხებში მანონი გოგუა და ცენტრის დირექტორი კახა ტატუნაშვილი უწევდნენ.

ქუთაისში, ქ.ქუთაისი, სოხუმის ქ.#13 I ჩიხში მდებარე ობიექტზე მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები დასრულდა

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, ქ.ქუთაისი, სოხუმის ქ.#13 I ჩიხი, მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა შენობის ტერიტორიაზე დამონტაჟებული არსებული წყლის ავზიდან კორპუსებში წყლის მიმწოდებელი ტუმბო შეიცვალოს. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების ღირებულება შესადგენს დაახლოებით 800 ლარს. (რვაასი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

ვახტანგ ყოლბაია ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ხანძრის დროს დაშავებულ მოქალაქეებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.