სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძრიდან ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან  გადააბრძანეს, სადაც დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. ხატი აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა.

გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ყვავილებით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს. მოგვიანებით, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი თურქეთში

2015 წლის 27 სექტემბერიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თურქეთში პირველად 22 წლის განმავლობაში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით.

28 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, შეფიქ ვურალ ალთაისთან; 28-29 სექტემბერს ასევე გაიმართა შეხვედრები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საგენტოსა (TIKA) და თურქეთის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელობებთან, სადაც დაისახა კონკრეტული ორმხრივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები აფხაზეთის ა/რ ხელმძღვანელობასთან.

29 სექტემბერს ანკარაში საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში ომის 22-ე წლისთავს და საქართველო-რუსეთის ომის მე-7 წლისთავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ექსპოზიციის გამოფენები: ”დევნილები ფოტოკამერებში” (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და ”კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ” (აფხაზეთი), ასევე საელჩოს მიერ მომზადებული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო-ინსტალაცია. მიღებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ანკარაში აკრედიტებული 30-მდე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. ასევე, თურქეთის აკადემიური, არასამთავრობო, ბიზნესის და მედია წრეების, ქართული და აფხაზური დიასპორების წარმომადგენლები ანკარიდან, სტამბოლიდან, ინეგოლიდან, საქარიადან, იზმითიდან, ქოჯაელიდან და სხვა.

30 სექტემბერს, ქ. ინეგოლში შედგა დელეგაციის შეხვედრა საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჰუსეინ შაჰინთან, ინეგოლის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ქალაქის მერთან და ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან.

ამასთან, 1 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ქ. საქარიას გუბერნატორთან, საქარიის უნივერსიტეტის რექტორთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან. ასევე, გაიმართა შეხვედრები ისტორიული ქართული და აფხაზური დიასპორების წარმომადგენლებთან.

2 ოქტომბერს შედგა შეხვედრები ქ. ქოჯაელი/იზმითის მერთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან, ქ. სტამბოლის ქართალის რაიონის მერთან და ქართული ისტორიული დიასპორების ხელმძღვანელებთან.

ზემოაღნიშნული ვიზიტი უპრეცენდენტოდ ფართოდ გაშუქდა თურქეთის ცენტრალური პრესის და ტელევიზიის მეშვეობით: თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის „TRT“ საინფორმაციო გამოშვება, TRT-AVAZ, TRT-Radio ქართულ-ენოვანი გადაცემა, უდიდესი საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajans, ინგლისურ-ენოვანი გამოცემები: Diplomatic Observer, ISSUE, BITTER; ასევე, ინეგოლის, საქარიას, ქოჯაელი/იზმითისა და ქართალის რეგიონალურ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

ზესტაფონში აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რევაზ ლაღიძის სახელობის ზესტაფონის პირველ მუსიკალურ სკოლაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის გამგეობის ორგანიზებით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ზესტაფონის კულტურის ცენტის ანსამბლი, სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, ზესტაფონში მცხოვრები დევნილი ბავშვები, ადგილობრივი შემოქმედები, მოიგონეს ზესტაფონის მკვიდრი მეომრები, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ აფხაზეთის ომში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი აჭარა-იმერეთში ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის უმღლესი საბჭოს დეპუტატები რაისა ქარაია და თემურ მჟავია, ზესტაფონის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი თამარ გველესიანი, ომში დაღუპულთა ოჯახები და აფხაზეთიდან დევნილები.

ვახტანგ ყოლბაიამ საღამოს ორგანიზებისათვის ზესტაფონელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქალაქი დევნილთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა. ყოლბაიას თქმით, 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქართველთა და აფხაზთა ერთად ცხოვრება გარდაუვალია და ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება.

„არსებობს გამოთქმა, რომ თითქოს, დრო ტკივილებს კურნავს. 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დროებით დავკარგეთ სოხუმი, აფხაზეთი, მაგრამ ტკივილი არ ნელდება, პირიქით, უფრო მძაფრდება და ეს ძალიან კარგად გვიჩვენა დღევანდელმა საღამომაც, რომლის ინიციატორებიც ქალბატონი ციალა ნებიერიძე, ნუცა არდაშელია და მათი მეგობრები არიან. ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს გულებს არაფერი ავიწყდება, ჩვენ ვალდებულები ვართ მომავალი თაობის წინაშე, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოვაგვაროთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ყოველდღიურად ცდილობს ეს ტკივილიანი დღეები, თუნდაც წლები, დავიწყებას არ მიეცეს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ შესანშნავი ლექსები, მაღალ დონეზე შესრულებული მუსიკალური ნომრები, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთი, გავიხსენეთ ზესტაფონში. საოცარი სითბო გამოამჟღავნა ამ რაიონმა, რაც ყოველთვის ისედაც ასე იყო დევნილთა მიმართ. დღეს სოხუმის დაცემის წინა დღეა, ასევე, ჯვართამაღლება; ყოველ დაცემას აუცილებლად მოჰყვება ამაღლება. არ არსებობს სხვა გზა გარდა ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების შერიგებისა, ეს აუცილებლად მოხდება. მინდა ხვალინდელ ტკივილიან დღეს იმედით შევხედო ყოველ დევნილთან ერთად", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

თბილისში დევნილთათვის სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის ზღვაზე არსებულ აფხაზეთიდან დევნილთა 3 კომპაქტურ ჩასახლებაში, „ტურბაზა“, „ოქროს საწმისი“ და „თბილისის ზღვა“ მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ. აქციის ფარგლებში დევნილებს პირველადი დახმარების მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა, აგრეთვე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა ექიმ-სპეციალისტებმა. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, ულტრა-სონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი და ექიმი-ლაბორანტი. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები .

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

 სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზაურ ხუბუტიას სახელი მიენიჭა

გლდანის რაიონში, ილორის ქუჩა №14 -ში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „დიოსკურიას“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზაურ ხუბუტიას სახელი მიენიჭა და მემორიალური დაფა გაიხსნა.

ზაურ ხუბუტია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის, მესამე ბატალიონის სამედიცინო სამსახურის უფროსი კაპიტანი იყო. მან თავისი პროფესიონალიზმითა და თავდადებით უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. ზაურ ხუბუტია სიკვდილის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ზაურ ხუბუტიას მეუღლე და შვილები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაია წიგნის „გზავნილები მომავლიდან“ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სტუდენტური პროექტის „გზავნილები მომავლიდან" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას ეხება და რეალურ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, ცხრა სტუდენტის პროზაულ ნამუშევარს აერთიანებს.

ორენოვან, ქართულ-რუსულ წიგნში ახალგაზრდების მთავარი გზავნილი სამშვიდობოა და სახალხო დიპლომატიის, კულტურული დიალოგის ფორმატს ეხმაურება. ავტორთა უმრავლესობამ წიგნში შესული ნაწარმოებები აფხაზეთში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად შექმნა. პროექტში გამოყენებულია დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტის თათია ზუხბაიას მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტომასალა.

წიგნის „გზავნილები მომავლიდან" პრეზენტაციას დაესწრნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი იამზე გვათუა, პროექტის ავტორი, წიგნის რედაქტორი სალომე კაპანაძე, წიგნის ავტორები და სხვა მოწვეული სტუმრები.

„გზავნილები მომავლიდან" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.

ვალტერ სანაიას 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა გაიმართა

24 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო-არენა" ლეგენდარული ფეხბურთელის ვალტერ სანაიას 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ცნობილმა ფეხბურთელმა თამაში ჯერ კიდევ მშობლიურ ქალაქ ოჩამჩირეში, ახალგაზრდულ ნაკრებში „სტრელაში" (1940 წელი) დაიწყო, 1944 წლიდან კი უკვე თბილისის „დინამოში" გადავიდა. განსაკუთრებულ წარმატებებს ფეხბურთელმა მოსკოვის „დინამოში" გადასვლის შემდეგ მიაღწია, 1954 წელს კი კვლავ თბილისის „დინამოში" დაბურნდა. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი ვალტერ სანაია მისთვის დამახასიათებელი თამაშის მანერითა და მეკარის განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩეოდა.

დიდი ფეხბურთელის იუბილე დამსწრე საზოგადეობას მიულოცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ვალტერ სანაიას მეგობრებმა.

ღონისძიება ოჩამჩირელების კავშირის „ერთობის" ორგანიზებით გაიმართა.

საჯარო გამოსვლის ხელოვნება

2015 წლის 23 სექტემბერს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს პროფგაერთიანების საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა  ლექცია – ტრენინგი “საჯარო გამოსვლების ხელოვნება”, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, აფხაზეთის პროფგაერთიანების ხელმძღვანელი პირები. ტრენინგს უძღვებოდა “ახალი უმაღლესი სასწავლებელი”–ის პიარ დეპარტამენტის უფროსი, ტელეკომაპანია “იმედის” თანამშრომელი (ტრენერი) სოფო ქვარცხავა. ლექცია – ტრენინგი წარიმართა დისკუსიის რეჟიმში.

ოთარ ჟორდანიას 75 წელი შეუსრულდა

გამოჩენილ ქართველი საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის სოხუმის ფილიალის (სოხუმის უნივერსიტეტი) რექტორის (1993-2005 წლებში), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის ოთარ ჟორდანიას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიღება გაიმართა.

ოთარ ჟორდანიას დაბადების დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა დანიელმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.

ოთარ ჟორდანიას „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ქ.თბილისში ფუნქციონირების, აღდგენის, თანამედროვე დონის უმაღლესი განათლების კერად ჩამოყალიბების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.  

გალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.  სასწრაფო დახმარების მანქანას „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორი წევრი – ექიმი ლია ჩქოტუა და საშუალო მედპერსონალი თეა ჭედია, ასევე პაციენტი, რომელიც სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ. პაციენტის ოჯახის წევრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ავტმობილში იმყოფებოდა, ამჟამად გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი  მსუბუქი დაზიანებებით ამავე სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უხცადებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

მინი-ფეხბურთში ინვალიდ-ამპუტანტთა ნაკრებ გუნდებს შორის აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა

აფხაზეთის თასის გათამაშება ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის გოძიაშვილის სახელობის პარკის ხელოვნურსაფარიან მინიფეხბურთის მოედანზე ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის საქართველოს რეგიონალურ თასის გათამაშება ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთის, თბილისის, იმერეთისა და ქართლის გუნდები. ფინალური შეხვედრის შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა ქ.თბილისის გუნდმა, მეორე ადგილი აფხაზეთის გუნდმა, მესამე ადგილი კი გორის გუნდმა. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით, მედლებით, სპორტული ფორმებითა და ბურთებით დაჯილდოვდნენ. სპეციალური პრიზი გადაეცა საუკეთესო მეკარეს, ფეხბურთელსა და ბომბარდირს.

ტურნირის ორგანიზატორობა გასწიეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტული მომზადების ცენტრის და აფხაზეთის ამპუტანტ-ფეხბურთელთა ფედერაციამ. ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჯარაძე, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორი ენვერ თოლორდავა, აფხაზეთის ამპუტანტ-ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ ინალიშვილი, საქართველოს ინვალიდ ამპუტანტ-ფეხბურთელთა ლიგის პრეზიდენტი რუსლან ბაქრაძე და სხვები.

,, დავასუფთავოთ მსოფლიო–დავასუფთავოთ საქართველო”

აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველო ჩაერთო, მსოფლიოს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე დასუფთავების კამპანიაში ,, დავასუფთავოთ მსოფლიო–დავასუფთავოთ საქართველო”

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მასშტაბურ აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობდნენ, თავად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სამინისტროს წარმომადგელები, შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში ქ-ნი მარტინა ქვიქი, თავდაცვის სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, თბილისის მერიის თანამშრომლები. სხვადასხვა სამთვრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მოხალისეები.

18 სექტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დასუფთავების ყოველწლიური სართაშორისო კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში შექმნილია მსოფლიო გარემოსდაცვითი რუკა , რომელზეც დატანილია დასუფთავების აქციაში მონაწილე ქვეყნები.

მათ შორისაა საქართველო, რომელიც აღნიშნულ რუკაზე დატანილ იქნა 2010 წელს. რიგით 121-ე ქვეყანა, როგორც მსოფლიო დასუფთავების კამპანიაში მონაწილე ქვეყანა. შესაბამისად 2010 წლიდან საქართველოში მსოფლიო კამპანიის პარალელურად ტარდება ,,დავასუფთავოთ საქართველო’’ კამპანია.

2015 წლის კამპანიის მოწოდება ისევე ,როგორც წინა წლებში არის — ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა.

2010 წლიდან აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველო აქტიურად არის ჩართული ამ კამპანიის ყველა აქციაში. გასულ წლებში დასუფთავდა დევნილთა კოპაქტური ჩასახლებების ეზოები. თბილისის ზღვასთან არსებული სსიპ ვოვა ვეკუას სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. სამომავლოდ იგეგმება ასეთის აქციების ჩატარება საქართველოს დევნილებით ჩასახლებულ ქალაქებსა და რეგიონებში.

ლისის ტბის მიმდებაე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მონაწილება მიიღო 150 -მდე ადამიანმა. აქციის დროს შეგროვდა დაახლოებით 12 კუბური მეტრი ნარჩენი. რომელიც მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გატანილ იქნა ნაგავსაყრელზე.

საქართველოში კამპანია ,,დავასუფთავოთ მსოფლიო–დავასუფთავოთ საქართველო“ ტარდება პროექტის ,, დავასუფთავოთ საქართველო-საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩნების მართვის გაუმჯობესების პროცესში’’( ფაზა 3) რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი–საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები–საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,, ორქისი’’ და ,, ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მხარის ფინანსური
უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების კამპანიასთან თანამშრომლობით.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი აფხაზეთის №2 და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლებს ეწვივნენ. ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აფხაზეთის 13 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 2000-მდე მოზარდი სწავლობს. მოსწავლეებს უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, ხოლო პირველკლასელებს საჩუქრად ასევე ნეტ-ბუქები გადაეცათ.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტვილში დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მარტვილში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია.

დევნილებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილ მოსახლეობას ის მიმდინარე პროექტები გააცნეს, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა საქართველოს ცენტრალური მთავრობისა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ახორციელებს.

დევნლთა მოთხოვნები ძირითადად შეეხებოდა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საცხოვრებელი ფართებისა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. აფხაზეთის მთავრობის ხემლძღვანელობა დევნილებს მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემების მოგვარებას, გარკვეულ საკითხებში კი საქართველოს ცენტრალური მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ.

შეხვედრის ბოლოს აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია დევნილებს ინდივიდუალურად გაესაუბრა.