აფხაზეთის მთავრობის წევრებმა იმერეთის რეგიონში 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

დღეს ქუთაისში, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ქეთევან ბაკარაძემ, კონსტანტინე კუჭუხიძემ, ვალერი ბასარიამ, იგორ კოპალიანმა და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს და დევნილ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ბიზნესმენებს დოკუმენტური ფილმი ,,აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილობაში-თანამედროვე რეალიები" გააცნეს.

ანგარიშში ყურადღება გაამახვილდა განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, სპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებსა და დევნილთა დასაქმების საკითხებზე. ასევე, წარმატებული დევნილი ახალგაზრდების, ხელოვანი ადამიანების და მეცნიერების ხელშეწყობაზე, გალის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და მცირე ბიზნეს პროექტების განხორციელებაში დევნილთა ჩართულობაზე. ასევე ისაუბრეს 2015 წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე.

აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის საზოგადოებისთვის წარდგენის შემდეგ შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა. მთავრობის წევრებმა დევნილთა შეფასებები და მათი პობლემები მოისმინეს.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ,,სოლიდარობის ფონდი''-ს ორგანიზებით 100-მდე დევნილი ბავშვი კინოთეატრ ,,რუსთაველში'' უფასო კინოჩვენებას დაესწრნენ.

ამჟამად საქველმოქმედო აქცია თბილისის ზღვის კომპაქტურად დასახლების ობიექტში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის, აფხაზეთის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახების შვილებისთვის მოეწყო.

კინოთეატრ ,,რუსთაველი''-ს მხარდაჭერითა და აფხაზეთი მთავრობის ,,სოლიდარობის ფონდის" ორგანიზებით მსგავსი სახის საქველმოქმედო ღონისძიება მომავალშიც დაიგეგმება.

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებული რეგიონების საკითხებზე მუშაობენ. შეხვედრისას, მათ ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მწვავედ დგას ოკუპირებულ რეგიონებში.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულება და რუსეთის დუმაში მისი რატიფიკაცია იყო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, რათა ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით, უცხოელი პარტნიორების დახმარებითა და მხარდაჭერით მოგვარდეს. საუბარი შეეხო აფხაზებსა და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნების მოქალაქეებსაც.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსულტაციების მიზანი განსხვავებულ აზრთა შეჯერება და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაა.

პროექტის „სამშვიდობო რესურსები ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

„არტ-ჰოლში" პროექტის „სამშვიდობო რესურსები ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში საზოგადოების წინაშე ქართული ცეკვებითა და ხალხური სიმღერების ერთ საათიანი პროგრამით წარსდგა მარტვილის #2 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „აფსნი", რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები არიან. სცენაზე 100-მდე ვირტუოზი ცეკვავდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ანსამბლმა 2014 წელს ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ორი გრანპრი აიღო. ფესტივალზე 35 ქვეყანა იყო წარმოდგენილი.

დამსწრე საზოგადოებას და ანსამბლი ,,აფსნის" შემოქმედებით კოლექტივს სიტვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ბელა კოპალიანმა, ორგანიზაცია ,,აფხაზეთის" ხელმძღვანელმა ნენე კალანდიამ, ანსამბლის ხელმძღვანელმა პაატა ბართიამ და მარტვილის #2 სკოლის დირექტორმა მამუკა თვალაძემ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი შემოქმედებითი გუნდი აუცილებლად უნდა იქნეს ჩართული მშვიდობის, ნდობის აღდგენის და სახალხო დიპლომატიის პროცესში.

პროექტის ორგანიზატორებია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,აფხაზეთი".

სამძიმარი ვაზაგაშვილების ოჯახს

 

კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დაცვა ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრების, სტაბილურობის მთავარი გარანტიაა.

ჩემთვის, როგორც ოჯახის პატრონისთვის, მამისთვის, ხელმძღვანელისთვის თავზარდამცემია არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე“ ხელმძღვანელის, 2006 წლისს 2 მაისს კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის აფეთქება შვილის საფლავზე. 

ადამიანურ ენაზე ასეთ საზარელ ფაქტს სახელი არა აქვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოებას გამოწვევას უგზავნიან ის პირები, რომელთათვის არაფერს ნიშნავს ადამიანური სიცოცხლე და დაუსჯელობის განცდით ცხოვრობენ ჩვენს გარშემო.

ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს, სამართლიანობისთვის ბრძოლაში მის თანამოაზრეებს.

იმედს გამოვთქვამ, რომ შვილის და მამის მკვლელობა უსწრაფესად იქნება გამოძიებული.

 

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი                                        ვახტანგ ყოლბაია

ვახტანგ ყოლბაია დევნილი ბავშვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებას ,,ხელი შეუწყოთ დევნილ მოზარდებს“ დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილი ბავშვებისათვის გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში მოზარდებმა საკუთარი ნამუშევრები და ხელნაკეთი თოჯინები გამოფინეს.

პროექტის მიზანია დევნილობაში მყოფ მოზარდების მოტივაციის  ამაღლება.

ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვალერიან არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიმართა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი - დევნილთა დასაქმება

საქართველოს მთავრობის და, შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა იგპ-თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ კუთხით 2015 წლისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება. ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობამ უკვე დაიწყო აქტიური პარტნიორული თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის აფხაზეთის მთავრობის მიერ შემუშავებულია რიგი  სასოფლო-სამეურნეო პროექტები, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია ან მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მაგალითად: იაპონიის მთავრობამ გრასრუტის პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორასთვის" გამოყო გრანტი, რომელიც მოხმარდება სამეგრელოს რეგიონში სასათბურე მეურნეობის განვითარებას. ასევე,  მთავრობის აქტიური ჩარევის შედეგად, USAID-ის ქოლგის ქვეშ მყოფმა ორგანიზაცია NEO-მ დაგეგმა გრანტის გამოყოფა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონში ბიზნესინკუბატორისთვის სასათბურე მეურნეობის განვითარებისათვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სოფელ ვაზიანში მინი-სამკერვალო ფაბრიკა „იმედის" ამოქმედება. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოსთან და არაკომერციულ ორგანიზაცია „ჰეიფერ ინტერნეშენალ საქართველოსთან" აფხაზეთის მთავრობის აქტიური თანამშრომლობის შედეგად იგეგმება მეფრინველეობის დარგის განვითარება სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ წალენჯიხის რაიონში. ასევე, სამეგრელოს რეგიონში, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით დევნილებისათვის გადაცემულ 10 ჰ. მიწის ნაკვეთს (სადაც 2014 წელს დევნილებმა საკმარისი რაოდენობის სიმინდის მოსავალი მიიღეს) წლეულს დაემატება კიდევ 10 ჰ., სადაც დასაქმდება დევნილთა ახალი ნაკადი.

დევნილთა დასაქმების მიზნით აფხაზეთის მთავრობა ამჟამად აწარმოებს კონსულტაციებს თურქეთის საელჩოსთან, რათა შედგეს თანამშრომლობა საქველმოქმედო ორგანიზაცია „XXI საუკუნესა" და თურქეთის უმსხვილესი კომპანია „ჰაიატს" შორის თურქეთიდან სარეცხი საშუალებების ჩამოტანისა და ადგილზე დაფასოებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქციას – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საყოველთაო კამპანიას „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე!” შეუერთდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, მინისტრის მოადგილეებმა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა კამპანიისთვის სამი მთავარი გზავნილი შეარჩიეს:

1. ჯანსაღი ცხოვრების წესი;

2. აქტიური პრევენცია;

3. საზოგადოების კონსოლიდაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოწვევას უგზავნის აფხაზეთი ა/რ უმაღლეს საბჭოს.

2015 წელი საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის წლადაა გამოცხადებული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა მხარს უჭერს ჯანდაცვის სამინისტროს აქციას და მასში სერიოზულ მონაწილეობას გეგმავს.

„C ჰეპატიტთან ბრძოლა და მისი დამარცხება კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. მიხარია, რომ ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ბატონ დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით. ბუნებრივია, რომ ჩვენი, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად გამოეხმაურა ამ აქციას, რადგან აფხაზეთის მოსახლეობაში ეს დაავადება ფართოდაა გავრცელებული. ეს სენი კაცობრიობის ერთ-ერთ საშინელ დაავადებად იქცა, მასთან გამკლავება კი მხოლოდ საზოგადოების სრულ მობილიზებას შეუძლია. მადლობა პროექტის ინიციატორებს, რომ საზოგადოებას ეძლევა საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საშინელი სენის დამარცხების საქმეში. დარწმუნებული ვარ, მას საყოველთაო მხარდაჭერა ექნება.

ვუერთდებით ამ შესანიშნავ ინიციატივას და ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ამ მძიმე სენის დამარცხებას“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინსიტრის, ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, ეს აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებული აფხაზეთისათვის, ვინაიდან იქ ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ იქ მაცხოვრებელი ადამიანები აქციაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ვუერთდებით ამ აქციას; ეს არის წინ გადადგმული რევოლუციური ნაბიჯი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, რადგან რეგისტრირებული ფორმით, ამ დაავადებით მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია დაავადებული, თუმცა, არაოფიციალური ცნობებით ეს რიცხვი ალბათ გაცილებით მეტია. ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან C ჰეპატიტით დაავადებულია ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებიც თავიანთი სახსრებით წლების მანძილზე ვერ ახერხებდნენ ამ დაავადების დამარცხებას. ახლა მათ რეალური შანსი მიეცათ – უზარმაზარი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ეს პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ძვირადღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფას, არამედ დიაგნოსტიკურ კვლევებსაც. სოციალურად დაუცველთათვის ეს აქამდე მიუღწეველი მომსახურება იყო. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ცენტრალური ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალს, ჩვენ მათი ნაწილი ვართ; ყველა მათ ინიციატივას ჩვენ ვიზიარებთ, მხარში ვუდგავართ და რასაკვირველია ახლაც, ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით ამ საქმეში“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების ხელემძღვანელებთან შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ რეგიონებში წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ უკვე შესრულებულ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა თბილისის მერიასა და რეგიონებში თვითმმართველობის ორგანოებს გაწეული თანადგომისათვის.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მოუწოდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან უფრო აქტიური თანამშრომლობისაკენ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ოთარ ვახანიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ოთარ ვახანიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა.

საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ. ოთარ ვახანიას იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. კოლეგებმა და მეგობრებმა გაიხსენეს ოთარ ვახანიას მოღვაწეობა და ისაუბრეს პროფესორის შემოქმედებით მიღწევებზე. ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომელიც მის მოღვაწეობასა და ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.

საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის პროფესორ ოთარ ვახანიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადაეცა.

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში „ზუგდიდის რაიონში სათბურის მოწყობის პროექტის“ ხელმოწერის ცერემონია გაიმართა

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსებული „ზუგდიდის რაიონში სათბურის მოწყობის პროექტის" საზეიმო ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საქართველოს ოკოპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები დაესწრნენ. საგრანტო ხეშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ და კავშირ-ასოციაცია „აგორას" ხელმძღვანელმა თენგიზ სვანიძემ.

პროექტი უზრუნველყოფს სასათბურე მეურნეობის მოწყობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის ტერიოტირაზე. იაპონიის მთავრობა გამოყოფს სახსრებს სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და ასევე დაფარავს მეურნეობის მიმდინარე ხარჯებს საწყის ეტაპზე. გრანტის მიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ.

პროექტი ხელს შეუწყობს სოფელ რიყეში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს მათი ოჯახებისთვის და შეამცირებს უმუშევრობას. პროექტის ღირებულება 92,622 აშშ დოლარს შეადგენს. გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

ვახტანგ ყოლბაია პროფესორ ჯემალ ჯინჯიხაძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ჯემალ ჯინჯიხაძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ. მან პედაგოგიურ მოღვაწეობასა და მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის უნივერსიტეტის სახელით ჯემალ ჯინჯიხაძე უნივერსიტეტის საპატიო სიგელით და ცნობილ ქართველ მოღვაწეთა ხელნაწერების კრებულით -„წერილები პატრიარქს" დააჯილდოვა. პროფესორ ჯემალ ჯინჯიხაძეს 75 წლის იუბილე მიულოცეს: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდეტმა ოთარ ჟორდანიამ. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ ლომთათიძემ აკადემიის სახელით ჯემალ ჯინჯიხაძეს საპატიო სიგელი გადასცა.

ვახტანგ ყოლბაიამ რუსთაველის N37-ში ხანძრის შედეგად დამწვარი შენობა მოინახულა

აფხზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა რუსთაველის N37-ში, ე.წ. კაზარიანცის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი შენობა მოინახულეს.

ხანძარმა ე.წ. კაზარიანცის სახლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ცეცხლის შედეგად დაიწვა 300კვ მეტრი შენობის სახურავი და დაზიანდა 2500 კვ მეტრამდე ფართობი, სადაც განთავსებული იყო ააიპ აფხაზეთის ,,ხელოვნების სკოლა N1", ააიპ აფხაზეთის ,,ხელოვნების სამხატვრო სკოლა", აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა, აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის სულერებისა და კულტურის ცენტრი და კინოცენტრი აფხაზეთი.

ვახტანგ ყოლბაია და დიმიტრი ჯაიანი კოლექტივის თანამშრომლებს და ხანძრის შედეგად დაზარალებულ, აფხაზეთიდან დევნილ ზაზა მიქავას შეხვდნენ.

შენობის მფლობელმა უკვე დაიწყო დაზიანებული ფართის დასუფთავების სამუშაოები და საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს სახურავის შეკეთებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გაფართოებული თათბირი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით გაფართოებული თათბირი გაიმართა.

თათბირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ 2014 წელს აფხაზეთის მთავრობის მიერ ჩატარებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და გამართული ღონისძიებების შედეგები შეაჯამა.

საუბარი შეეხო მთავრობის მუშაობის ძირითად პრიორიტეტებს.

მომავალი საქმიანობის უკეთ დაგეგმარებისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის მიღწევისა და დევნილთათვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მთავრობის წევრებს 2015 წლის მუშაობის კონკრეტული გეგმების უმოკლეს ვადაში წარდგენა დაევალათ.

თათბირზე აღინიშნა იაპონიის მთავრობის, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და „USAID-ის“ ქოლგის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია „NEO-ს“ მიერ აფხაზეთიდან დევნილთა დასაქმების კუთხით ახლო მომავალში განსახორციელებელი ერთობლივი პროექტების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აფხაზეთის მთავრობის მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, სხვა პასუხისმგებელ პირებს, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ახალი პროექტების წარმოდგენისა და ნოვატორული იდეების შემუშავებისაკენ მოუწოდა.

გაფართოებულ თათბირზე საუბარი შეეხო სამინისტროებში ატესტაციის ღიად და გამჭირვალედ ჩატარების აუცილებლობის, კადრების კვალიფიკაციისა და მათი გამოცდილების მიხედვით შერჩევის საკითხებს.

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს ქართული თეატრალური ხელოვნების მდიდარი სასცენო ტრადიციების მქონე შემოქმედებით კოლექტივებს - კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას“ და კინოცენტრ "აფხაზეთი" ჩრდილების თეატრს.

ქართული თეატრის მატიანეში აფხაზეთიდან დევნილმა თეატრებმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს და შემოქმედებითი გამარჯვებით არაერთხელ გაახარეს მაყურებელი.

მშობლიურ ქალაქს იძულებით მოწყვეტილი სამივე თეატრი დღესაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებს, თავდაუზოგავად შრომობს, რათა არ ჩამორჩეს ქართული თეატრის განვითარების პროცესს და მის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებს.

ვინ მოთვლის, რამდენი ტკივილი განიცადა ამ სამი თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა დევნილობის პერიოდში, რამდენი ნიჭიერი შემოქმედი გამოაკლდა, მაგრამ დღესაც სამივე ამაყად დგას, რათა განსაცდელში გამობრძმედილები, მრავალფეროვანი რეპერტუარით ხელდამშვენებულნი ღირსეულად დაუბრუნდნენ აფხაზეთს და მშობლიურ სცენას.