აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ერთობლივი პროექტი „ევროპული არდადეგები“ დაიწყო

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში,  პროექტის „ევროპული არდადეგები“ პირველი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სემინარები, სადაც ყურადღება გამახვილდება ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროპა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უპირატესობები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელი შეუწყოს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.

პროექტი, ასევე, მიზნად ისახავს საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და სხვადასხვა რეგიონის/მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ.

„ევროპული არდადეგები“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მესამე წელია იმართება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის“ მხარდაჭერით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აქციის ფარგლებში, 500-მდე აფხაზეთიდან დევნილს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდა. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქცია COVID-19-ის პრევენციის მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  ჯანმრთელობის მდგომარეობის  სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

რუსლან აბაშიძე ზუგდიდში რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სექტორთშორის დიალოგს.

ფორუმში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის, სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

ფორუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა და მისი მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია სამეგრელოში.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ასევე ორგანიზაციების გამოფენა, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.

აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლას ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა ექნება!
 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლას ქ. ჩხოროწყუში 6300, 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, უვადოდ, გადაეცა.

აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მალე  ევროპის ბანკის დაფინანსებით ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლის შენობა აიგება.

აფხაზეთის ომიდან გასული 30 წლის თავზე ეს იქნება აფხაზეთის საჯარო სკოლებისთვის აგებული პირველი ახალი შენობა, მეორე სკოლის აშენებაკი  ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იგეგმება.

ნანა გაბელიამ და რუმინეთის ელჩმა საქართველოში რეზვან როტუნდუმ ორმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რეზვან როტუნდუმ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ნანა გაბელიამ რუმინეთის ელჩს მინისტრის აპარატის საქმიანობა, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რეზვანს მასპინძლობისთვის, მინისტრის აპარატის საქმიანობით დაინტერესებისათვის, სამომავლო თანამშრომლობის მზაობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც დევნილი  ახალგაზრდებისთვის და არამარტო, განვითარებისა და წინსვლის მყარი საფუძველი გახდება“-აღნიშნა მინისტრმა ნანა გაბელიამ.

საელჩოში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდა.

 

აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო

სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციაში სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა,  აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო ლობჟანიძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის (IHRC) ხელმძღვანელმა რაფალ მარცინ ვასიკმა მიიღეს მონაწილეობა.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და  საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.

აქციის მიზანია სკოლის ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა, ასევე, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის და გამწვანების საკითხებზე.

ნანა გაბელიამ ბაკურიანში ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი გახსნა

15 ივნისს, მინისტრის აპარატის ორგანიზებით ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი გაიხსნა. კონკურსის წესით შერჩეული 35 ახალგაზრდა ერთი კვირის განმავლობაში შემეცნებითი ტრენინგების პარალელურად სახალისო, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში ჩაერთვება.

პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი მოზარდების სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, კონფლიქტებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით მათთვის ცნობიერების ამაღლება.

 „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი  განაგრძობს იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებას, რომელთა მიზანია ჩვენი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. მოზარდებისთვის  საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო გარემოს შექმნა, სადაც ისინი თავისუფალ დროს ნაყოფიერად გაატარებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბანაკის მონაწილეებისთვის ზაფხულის ეს კვირა გამორჩეულ მოგონებად დარჩება“-აღნიშნა მინისტრმა ნანა გაბელიამ.

ბანაკის გახსნას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდა.

აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში ფრანგული ფილმის დღე გაიმართა
 ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით, ფრანგული ფილმის დღე გაიმართა. სკოლაში უჩვენეს ფრანგული მხატვრული ფილმი „უხილავნი“, რომელიც ქალთა უფლებების დარღვევასა და დისკრიმინაციას ეძღვნება.
 
 ფილმის ჩვენებას მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.
აფხაზეთის რეგიონული სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური შეჯიბრი მინიფეხბურთში
14 ივნისს ზუგდიდის სპორტკომპლექსში აფხაზეთის რეგიონული სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური შეჯიბრი მინიფეხბურთში ჩატარდა. შეჯიბრში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
 
შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი - თ. ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის გუნდმა, მესამე ადგილი კი ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლის გუნდმა.
 
აფხაზეთის რეგიონული სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ შეჯიბრს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი გოჩა ჩიქოვანი, აფხაზეთის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
 
სასკოლო ოლიმპიადის შეჯიბრებები საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის (სბსსეფ) სისტემითა და საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციის (ISF) მოთხოვნების შესაბამისად ტარდება.
თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადეს

თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ, რომლებმაც ტაძრის  მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს თითოეულ  იმ ადამიანს, ვისი შემოწირულობებითაც შენდება  ტაძარი.

დღესვე, ტაძარში აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის  „ილორიდან ილორამდე“ პრემიერა გაიმართა. ფილმი  ინფორმაციული ხასიათისაა და  წმინდა გიორგის ტაძრის მეტოქიონის მშენებლობის პროცესს ასახავს.  

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და უმაღლესი სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონი  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდება.

„დევნილთა მეფუტკრეობის საქმიანობის გაძლიერების” პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ

რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრ „აფხაზეთში” პროგრამის „დევნილთა მეფუტკრეობის საქმიანობის გაძლიერების” ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ფუტკრის ოჯახით შევსებული სკები და შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, თურქეთის გენერალური კონსული, სააგენტო TIKA-ს კოორდინატორის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით,  „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ მიერ  ხორციელდება.

აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების საქმიანობის ხელშეწყობისათვის  გამოცხადებულ კონკურსში, 100 აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, გამოვლინდა 58 გამარჯვებული და მათ 370 სკა გადაეცათ.

ფოთში, პროექტის -„დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ მონაწილე  მოზარდებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ

ფოთში, პროექტი -„დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ წარმატებით დასრულდა.  პროექტის ყველა მონაწილეს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, ნანა გაბელიამ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

რუსლან აბაშიძემ პროგრამის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ მინისტრის აპარატის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. დევნილ ახალგაზრდებზე, მათ განვითარებასა და ხელშეწყობაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა.  სოფელ ფოცხოეწერსა და ქალაქ ფოთში პროექტის წარმატებულმა მიმდინარეობამ დაადასტურა მსგავსი სივრცეების არსებობის და ფუნქციონირების საჭიროება. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტის განხორციელება ქალაქ რუსთავში იგეგმება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი რეგიონი მოვიცვათ და მივცეთ დევნილ ახალგაზრდებს განვითარების და წინსვლის დამატებითი შესაძლებლობა“-განაცხადა მინისტრმა ნანა გაბელიამ.

ორი თვის განმავლობაში მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 10 წლიდან - 18 წლამდე ასაკის 50 მოზარდი შემეცნებით-გასართობი ხასიათის ტრენინგებს ესწრებოდა. პედაგოგების დახმარებით დევნილი ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ, თავისუფალ დროს ნაყოფიერად და საინტერესოდ ატარებდნენ.

ღონისძიება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის დახურვას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მინისტრის მოადგილეები გიორგი გაბედავა, მარინე გითოლენდია  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლას შორის დონაციის აქტი გაფორმდა

რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (RoAid) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას შორის დონაციის აქტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის დირექტორმა ზაზა კოკაიამ მოაწერა. აქტის საფუძველზე რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას განახორციელებს.

შეხვედრა რუმინეთის საელჩოში გაიმართა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რეზვან როტუნდუ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

რუსლან აბაშიძის გამოხმაურება გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით
„2022 წლის 8 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, 95 სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუცია შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც მსოფლიოში გავრცელებული პოზიციის გამოხატულებად.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თითოეულ ქართველ დიპლომატს გაწეული შრომისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
 
გაეროს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა არის საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა იზრდება და ძალიან ფართო და უფრო კონკრეტული ხდება. უაღრესად მნიშვნელოვანია რომ, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა ოკუპაციის პრობლემა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
 
რეზოლუციას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მნიშვნელობასთან ერთად აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც, რადგან საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ყოველწლიურად გამოიყენოს ერთ-ერთი პლატფორმა რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად.
 
ქართულ სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო, ღირსეული, ნებაყოფლობითი და უპირობო დაბრუნებისათვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს დაესწრო. პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე შეტანილ განაცხადზე, ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.