აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“ და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ერთობლივი კონცერტები გამართეს

27 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“ და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ერთობლივი კომპოზიციები შეასრულეს. მანამდე, 12 ოქტომბერს, ოცდამეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში მათი ერთობლივი საღამო „ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში” გაიმართა.

„ჩვენმა კონცერტებმა აჩვენა ქართული ხალხური სიმღერისა და საგუნდო მუსიკის შესაძლებლობები. ერთმანეთის გვერდით ეს კონტრასტები უფრო საინტერესო ჩანს. Როცა უსმენ ერთ ჟანრს ან მეორე ჟანრს, ეს სხვა განცდაა. როცა ერთად უსმენ - ეს კიდევ უფრო სხვა,“- განაცხადა დათო ცინცაძემ, ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელმა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე რუსთაველის თეატრში გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართა კონცერტი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ქალთა გუნდის და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მონაწილეობით.

შესრულდა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები. საიუბილეო საღამოს ფარგლებში თბილისში პირველად აჟღერდა 12 წლის ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოები ,,ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის", რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში გაიმართა.

ღონისძიება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა და საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის დღე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად აფხაზეთის საჯარო სკოლები 24-27 ოქტომბერს აფხაზური ენის კვირეულს ატარებენ.

ტრადიციისამებრ, გუშინ აფხაზეთის №1, №2, №3, №7, №11 საჯარო სკოლებში აფხაზური ენის კვირეული გაიხსნა ფოტოებისა და ნახატების გამოფენებით, აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფის წევრებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები.

2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევითი საგნის სახით ისწავლება. ამავე სკოლებში მოქმედებს აფხაზური ენის სასწავლო ჯგუფები.

საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. 

აფხაზური ენის დღე 2007 წლიდან აღინიშნება.

აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების და გუნდების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების და გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მთავრობის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებისგან სფეროში არსებული საჭიროებები მოისმინეს და სპორტსმენებს მხარდაჭერის პროგრამა წარუდგინეს. ქვეპროგრამა გულისხმობს საქართველოში აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდებისა და კლუბების ფინანსურ მხარდაჭერას.

პროგრამის მიზანია ქართველი სპორტსმენების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

„დიალოგი მშვიდობისათვის“ - დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად „დიალოგი მშვიდობისთვის“ კონფერენციის ფარგლებში  აფხაზეთიდან დევნილ საზოგადეობას შეხვდა. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე  კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

რუსლან აბაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სამშვიდობო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში თანამშრომლობის საკითხებზე.  საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

 „ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ერთერთი მთავარი და მყარი პერსპექტივა მშვიდობიანად გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, რომლის უფლებები  ამ პროცესში ადეკვატურად იქნება დაცული,” - განაცხადა შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ.

მთავრობის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას გაერთიანებები, რომლებიც აქტიურად ითანამშრომლებს აფხაზეთის მთავრობასთან.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილ საზოგადოებას სამინისტროების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, ისაუბრეს იმ პროექტებსა და პროგრამებზე ჯანდაცვის, განათლების, კულტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხორციელდება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, წარმატებული ახალგაზრდები და ღვაწლმოსილი ადამიანები.

კონფერენცია სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი  საზოგადეობის  ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად  მათ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.

სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა პრემიერა გამართა

სოხუმის მოზარდმაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლ - „ირმის შვილის“ პრემიერა წარმოადგინა.

პიესის ავტორია ირმა თავართქილაძე. პიესა ამავე სახელწოდების აფხაზური ზღაპრის მიხედვით შეიქმნა.

დამდგმელი რეჟისორი - გიორგი ქაჩიბაია; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე, კ. მარჯანიშვილისა და პ. ოცხელის პრემიების ლაურეატი; მუსიკალური გამფორმებელი - ლევან გვაზავა; ქორეოგრაფი - ბაქარ ხინთიბიძე.

სპექტაკლს სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები ესწრებოდნენ.

სპექტაკლის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.

 

ზუგდიდში მეგრულ-ლაზურ-სვანური პოეზიის და ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა

ფესტივალის ფარგლებში, ზუგდიდის სოფელ დავითიანში მდებარე ემიგრანტთა ბაღ „ფესვებში“ მეგრულ-აფხაზური სახლი გაიხსნა. სახლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა - დავით ფაცაციამ გახსნა და ბაღში სიმბოლურად ნერგები დარგო.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში, საქველმოქმედო ფონდ -„ხარებას“ ,,ვეფხისტყაოსნის“ მეგრული თარგმანის გამოცემის „ყილოშტყებამის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საჩუქრად გადაეცათ ლაზებს და შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებლებს თურქეთში. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი პროექტი, სადაც წინათქმა არის სვანურად, ლაზურად და მეგრულად.

ფესტივალში მონაწილეობდნენ პოეტები, მომღერლები და ლაზური ასოციაციები თურქეთიდან, შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებლები თურქეთში, ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.

ფესტივალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის - ლაშა გვასალიას, ემიგრანტთა ბაღ ,,ფესვების“ დამფუძნებლის - პოეტ ლია ნაროუშვილის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

რუსლან აბაშიძე აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, მწერალთა სახლში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. გამომსვლელებმა აფხაზური ენის უნიკალურობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს მისი განუყოფელი ადგილი ქართულ მწერლობასა და კულტურაში. 

ღონისძიებაზე გურამ ოდიშარიას რომანის „პრეზიდენტის კატა“ და დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ აფხაზურენოვანი, ასევე დაურ ნაჭყებიას რომანის „ღამის ნაპირი“ ქართულენოვანი თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული წიგნები „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ კონკურსის ფარგლებში,   კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამოიცა.  პროექტი მიზანად ისახავს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებას.

პრეზენტაციას  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

რუსლან აბაშიძე საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. რუსლან აბაშიძემ ბულგარელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით  სამომავლო თანამშმრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას ელჩის მოადგილე ილია ნაჩევი  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გახარია ესწრებოდნენ.

ლევან თევზაიამ მეწარმე ვეტერანებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცა

17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, კომპანია ,,კარფური“-ს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ვეტერანებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცა.
მინისტრი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის სამმართველოს უფროსთან დავით ღვინჯილიასთან და კომპანია ,,კარფური“-ს წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ესტუმრა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წლებია წარმატებით საქმიანობენ. მათ, ქვეყნის წინაშე დამსახურებული ღვაწლისთვის და გმირობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა - დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე ანგარიში წარადგინა.

დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს დეტალურად გააცნო მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროს მიერ 2022 წელს 9 თვის საქმიანობის მანძილზე ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

დავით ფაცაციამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის, ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფისა და აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიმდინარეობაზე.

მოხსენების დასრულების შემდეგ, დავით ფაცაციამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

სხდომის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ჯემალ გამახარიამ მინისტრს მადლობა გადაუხადა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

რუსლან აბაშიძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე ვეტერანებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეკანოზმა დავით ლონდარიძემ პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.

დღესვე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენები გადაეცათ.

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის, არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, დიპლომატიური კორპუსის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან დიალოგის ფორმატში წარიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩარიცხულ, აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა-დიალოგში ასევე მონაწილეობდა გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა: რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია სტუდენტების წინაშე მდგარი პრობლემებით დაინტერესდნენ და მათ დაძლევაში დახმარება აღუთქვეს, სტუდენტებმა კი თავიანთ მოლოდინებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა დამსწრეთ დევნილი ახალგაზრდების მხარდასაჭერად დაწესებული პროგრამები და პროექტები გააცნეს.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად,  აფხაზეთიდან დევნილ უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ ახალგაზრდებს სწავლის პროცესში წარმატება უსურვეს. მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებს აფხაზეთის მთავრობის პროგრამები და პროექტები გააცნო, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის ხორციელდება. 

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს. მთავრობის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სწავლის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევაში სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ღონისძიებას გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ეკა ხოფერიამ 2022-2023 სასწავლო წლის სტიპენდიატებს დიპლომები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განთლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ვალერი არქანიას არტ-გალერეაში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 2022-2023 სასწავლო წლის სტიპენდიატებს დიპლომები გადასცა.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიები თსუ-ის სტუდენტებს - ნინო ბიგვავას, დავით მელიქიძესა და გოგი კეჟერაძეს მიენიჭათ.

თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბისკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიატები კი გახდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტები - ვიტალი გუგუშვილი, თია ალხაზაშვილი, ნიკა გვალია და გიორგი ოთინაშვილი, რომლებიც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველ ას საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდნენ.