მინისტრი ნანა გაბელია პრაღაში გამართულ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი გამოფენის დახურვას დაესწრო
ჩეხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს და დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
 
აღნიშნული ფოტოგამოფენა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ქალაქ პრაღაში, საქართველოს საელჩოსა და პრაღა 6-ის მერიის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ გაიხსნა და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
 
გამოფენის დახურვას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, პრაღა 6-ის მერი ონდრეი კოლარჟი, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კატეგორიულად გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთში. სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები უგულვებელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; უხეშად არღვევს ჰელსინკის საბოლოო აქტისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპებს ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოუწოდებს ბელარუსის მხარეს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ნანა გაბელიასთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრაღის მე-6 ოლქის მერს, ონდრეი კოლარჟს შეხვდა, რომელიც ასევე ჩეხეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.

შეხვედრა ქართული დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი, პრაღა 6-ის მერის მოადგილე იან ლაცინა, ქართული დელეგაციისა და ჩეხური მხარის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერას დაესწრო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ფილმის ავტორია მედიაჰოლდინგ „კვირას“ დამფუძნებელი ქეთევან ხოსიტაშვილი, რომელმაც „კვირას“ ჯგუფთან ერთად, ფილმზე გასულ წელს იმუშავა.

საავტორო-დოკუმენტურ ფილმში ასახულია ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით არსებული რეალური სურათი. ფილმში გამოყენებულია აფხაზი და რუსი ბლოგერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ისინი ღიად საუბრობენ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც რუსული ოკუპაციის შედეგად დღეს რეგიონშია.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აფხაზეთის მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

პარლამენტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც  საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას გმირობასა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიის დღე, რომელმაც ამავე დროს გმირობის არაერთი მაგალითი მისცა ქვეყანას. მისი თქმით, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პარლამენტისთვის, როგორც საქართველოს ეროვნული გმირის, ისე ზოგადად, აფხაზეთის ომის და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის საზოგადოების წინაშე.

27 სექტემბრისთვის საგანგებოდ მოწყობილ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტორეპორტიორ შახ აივაზოვის მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა.

დღესვე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებითი პროექტის ფოტოგამოფენა „საგანძური“ გაიმართა. საექსპოზიციო მასალები 2008 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს მხარდაჭერით შეიქმნა. საგანძურმა უკვე იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ნანა გაბელიამ საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკო
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
„დღეს ძალიან მძიმე დღეა, სოხუმის დაცემის დღე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითარებულმა შეიარაღებულმა მოქმედებებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ, საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრით ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს უკეთეს და მშვიდობიან მომავალს “-აღნიშნა ნანა გაბელიამ.
რუსლან აბაშიძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, ვაკის პანთეონში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე დღეა. შეიარაღებულმა მოქმედებებმა შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე კონფლიქტის ორივე მხარეს. უამრავი ადამიანი იქცა ლტოლვილად და დევნილად საკუთარ სამშობლოში.

დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების და ყველა იმ თანამოქალაქის წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას.

წარსულის მწარე გამოცდილებით ჩვენ ყველა ნათლად ვაცნობიერებთ, რომ ამ დაპირისპირებას გამარჯვებული არ ჰყავს და აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია. უთანხმოების მოგვარების ერთადერთი შესაძლებლობა კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებაა.

ჩვენი გმირების სამშობლოსათვის თავგანწირვის სულისკვეთებით, გაძლიერებული ძალისხმევით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით უნდა მივაღწიოთ შერიგებას, დეოკუპაციას, აფხაზეთში დაბრუნებას და ჩვენი სამშობლოს ერთიანობას.  მჯერა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, დავძლიოთ დაპირისპირების მძიმე შედეგები და ვიშრომოთ აფხაზთა და ქართველთა საერთო ევროპული მომავლისა  და კეთილდღეობისათვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

დაიწყო განაცხადების მიღება პროგრამაზე- „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას პროგრამაზე- „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ –

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, აფხაზეთიდან დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მრავალწლიანი ნერგებით (კერძოდ: „ჩენდლერის“ ნიგოზის კაკალი; ქლიავი და ტყემალი) უზრუნველყოფის გზით.  

  1. ინფორმაცია ქვეპროგრამის შესახებ და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე

 

  1. განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით იწყება 2022 წლის 27 სექტემბრის 12:00 საათიდან და სრულდება 2022 წლის 18 ოქტომბრის 17:00 საათამდე,

 

მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“  ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com

საკონტაქტო პირები:   თეა კვარაცხელია - 579113897; ნინო ბენდელიანი 599488315; ნუგზარ ბასლანძე - 593007885 ; ჯანო ქირთბაია - 599855369

 

ლევან ჩაკვეტაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ და მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

"დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე დღეა, დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება.

პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების და ყველა იმ თანამოქალაქის ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას“, - განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.

დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორია მოქანდაკე ავთანდილ მჭედლიშვილი.

ასევე ლევან ჩაკვეტაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავასთან ერთად, მამია ალასანიას საფლავი ყვავილებით შეამკო.

დავით ფაცაციამ აფაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა.

 ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა საძმო საფლავი.

„დღეს, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

27 სექტემბერი არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და განსაკუთრებულად რთული თარიღი. 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი და აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა, რამაც სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე, 400 ათასზე მეტ ადამიანს კი მოუწია იძულებით სახლ-კარის დატოვება და საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსით ცხოვრება.

 

 

მინდა ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის გმირების - ჟიული შარტავას, რაულ ეშბას, გურამ გაბესკირიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, არშაველ შენგელიას, სუმბათ სააკიანის, მიხეილ კოკაიას, მამია ალასანიას, ვახტანგ გეგელაშვილის, ალექსანდრე ბერულავას, მთავრობის დაცვის წევრებისა და ყველა სამშობლოსთვის მებრძოლის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის თავი გაწირეს და მოგვცეს შესაძლებლობა ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში.

 

ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას.“- დავით ფაცაცია.

 

აფხაზეთის საჯარო სკოლების 38 პედაგოგი STEM-ის მიმართულებით გადამზადდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, აფხაზეთის საჯარო სკოლების 38 პედაგოგი STEM-ის მიმართულებით გადამზადდა.
 
ტრენინგები მასწავლებლებს „ციფრული ტექნოლოგიებისა და ელექტროინჟინერიის საფუძვლები STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ჩაუტარდათ.
 
ქ. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენინგებში მონაწილე პედაგოგებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა და მათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატები და STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის საჭირო სასაჩუქრე ბოქსები გადაეცათ.
 
დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სსიპ-აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა - „დიალოგი მშვიდობისათვის“.

შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულ იქნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები და დიალოგის ფორმატში გაიმართა მსჯელობა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე, ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა დასახეს სამომავლო გეგმები.

შეხვდრის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების ხელშეწყობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროში ღვაწლმოსილი წარმომადგენლების ჩართულობით, მათ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

 

რუსლან აბაშიძე მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომელმაც  საქართველოსთვის მშვიდობის საერთაშორისო დღისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების უკიდურესი გამოწვევების ფონზე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების საჭიროებაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ასევე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ჰაიდი გრაუ და გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი. დამსწრე საზოგადოებას დისტანციურად ასევე სიტყვით მიმართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში როზმარი დიკარლომ.

ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა დააჯილდოვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ პირველი გამარჯვებული ნიკა ბაძაღუა, რომელსაც გადაეცა ფულადი პრიზი 3 000 ლარის ოდენობით. შესარჩევი კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს საკუთარი გზავნილით ასევე მიმართა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა.

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა.

ტრენინგი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლებისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზაცია - ,,ბიბლიოთეკა - კულტურული ცენტრი ,,თანადგომის" ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტგალერეაში სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი - „ნეიროპლასტიურობა და ადრეული განათლების თანამედროვე მიდგომები“ ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორი ნანა გეგელიშვილი.

ტრენინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

„ნეიროპლასტიურობა და განათლება“ ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდოლოგიაა. ეს მეთოდოლოგია ბავშვებთან მუშაობისას იმგვარი აქტივობების, ვარჯიშებისა და თამაშების ჩატარებას ითვალისწინებს, რაც მათი ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და გონებრივი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ეკა ხოფერიას თქმით, სამინისტრო სამომავლოდ ამ პროგრამის აფხაზეთის საჯარო/საშუალო სკოლებში დანერგვას ისახავს მიზნად.