აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

რუსლან აბაშიძემ და ბესიკ სილაგაძემ ბავშვთა თავშესაფარს სააღდგომო ნობათი გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა ბესიკ სილაგაძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ მოინახულეს, ბავშვებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

დღესვე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ლომისის წმინდა გიორგის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადაეცა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ეკა ხოფერია და ბერიკა შუკაკიძე „ონლაინ საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე „ონლაინ საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდნენ და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მიერ ნაჩუქარი წიგნები გადასცეს.

შეხვედრები ქ. ქუთაისში, აფხაზეთის №6 და ქ. ზუგდიდში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლებში სამინისტროს ქვეპროგრამის - „ონლაინ საკვირაო სკოლის“ ფარგლებში გაიმართა.

„ონლაინ საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებს უშუალოდ პირველად გაეცნო ამ სკოლის პედაგოგი, მასწავლებელთა სახლის დაწყებითი საფეხურის ექსპერტ-კონსულტანტი ანა კუდუხაშვილი.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდა „პალიტრა L-ის“ წარმომადგენელი მარიამ აღდგომელაშვილი, რომელიც დამსწრეთ აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის შექმნილ წიგნიერების კლუბზე და მისი წევრებისთვის შემუშავებულ 3-თვიან პროგრამაზე ესაუბრა. მოსწავლეები ამ პროგრამის ფარგლებში ქართველ და უცხოელ ავტორებს გაეცნობიან, თვეში ერთხელ გამართავენ წაკითხული წიგნის განხილვა/დისკუსიას და ავტორებთან შეხვედრებს.

აფხაზეთის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები დამტკიცდა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე " . სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროექტის განხილვის შემდეგ, უმაღლესმა საბჭომ ზემო აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი ერთხმად დაუჭირა.
სხდომას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე,რაულ წულაია ესწრებოდა

წყალტუბოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრაზე წყალტუბოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები გადასცეს.
სამინისტროს მიერ, დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ქმედითი ღონისძიებების შემუშავების მიზნით მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

რუსლან აბაშიძე ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ნომრის გარეკანი გაფორმებულია ლადო ფოჩხუას ნამუშევრით და გამოცემაში შესულია თანამედროვე ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებები.

ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიისა და აღნიშნული ლიტერატურული პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ და ჟურნალ „რიწის“ რედაქტორმა, მწერალმა ნანა ქარდავამ.

პრეზენტაციას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები  და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა დაარსდა. მოგვიანებით გამოცემამ ჟურნალის სახე მიიღო. პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა როგორც ქართველი, ასევე აფხაზი პოეტების ნაწარმოებები. წლების განმავლობაში ჟურნალმა ფორმატი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეითავსა.

განახლებული დიზაინის, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის ხარჯზე ჟურნალი მკითხველისათვის უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახდა.

14-15 აპრილს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობის წევრებისა და ახალგაზრდების სამუშაო შეხვედრა მოეწყო

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მინისტრმა ნანა გაბელიამ მიმართეს.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მიზანია დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამებში.

„ძალიან საყურადღებოა დევნილი საზოგადოების ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის საქმიანობას. განსაკუთრებით, ეს ჩვენს ახალგაზრდებს ეხება, რადგან თუ ვსაუბრობთ სამომავლო წარმატებულ საქმიანობაზე, ახალგაზრდების მოსმენა საინტერესო და აუცილებელია“-განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მინისტრმა ნანა გაბელიამ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.  ,,ამ მიმართულებით, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი პროექტი,  მათ შორის „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი“, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ და მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ ამ კუთხით მუშაობას.  ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში და ზოგადად, მუშაობენ აფხაზეთის თემატიკაზე“-აღნიშნა ნანა გაბელიამ.

შეხვედრაში მონაწილე ახალგაზრდებს აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და წარმომადგენლებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების საქმიანობა გააცნეს, აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრის აპარატის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, ისაუბრეს სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდული ჩართულობის გაძლიერების, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე, ოკუპირებულ აფხაზეთში გადაადგილებისა და განათლების უფლების ხელმისაწვდომობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების ინსტრუმენტების გააქტიურების შესახებ.

დაიწყო განაცხადების მიღება ,,დასაქმების ხელშეწყობის" პროგრამაზე

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობა“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილთა ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა და განვითარების მხარდაჭერა, შესაბამისი სპეციალური პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევებითა და შემდგომი სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფის გზით.

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებსაც სურთ მიიღონ ან უკვე გააჩნიათ სპეციალური პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევების დამადასტურებელი დოკუმენტი, და ამ ჭრილში აქვთ წინადადება საქმიანობის წამოწყებისა/“სტარტაპ“-ისა და შემდგომი განვითარების შესახებ.

ქვეპროგრამისა და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე

განაცხადების მიღება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ხორციელდება 2022 წლის 18 აპრილის 12:00 საათიდან 23 მაისისს 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com

საკონტაქტო პირები: თეა კვარაცხელია - 579113897; ნინო ბენდელიანი 599488315; ჯანო ქირთბაია - 599855369

 

 

 

აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები პროფესიული განათლების შესაძლებლობებს გაეცნენ
ქვეპროგრამა ,,პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ,,განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ტერიტორიული პრინციპით (ზუგდიდი, ქუთაისი, სენაკი, ფოთი, თბილისი), უკვე მონაწილეობდნენ პროფესიულ სასწავლებლებში ჩატარებულ საინფორმაციო ტურებში, რომელთა მიზანი მათთვის პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დახმარება და არსებული პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
 
დღეს დასკვითი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სსიპ კოლეჯ ,,მერმისში“. აქ აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებს პროფესიული განათლების შესაძლებლობები, ინოვაციური ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკა და კოლეჯ „მერმისის“ სხვადასხვა მიმართულების პროგრამები გააცნეს.
 
შეხვედრას სსიპ კოლეჯი ,,მერმისის“ დირექტორი ნონა ღუდუშაური მასპინძლობდა.
 
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: სსიპ პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები - მანანა გაბუნია და სალომე ცხადაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე და სხვ.
რუსლან აბაშიძემ სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდი დააჯილდოვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა-2-ის მატჩი გაიმართა. შეხვედრაში „დინამო“ სოხუმი და „ფენიქსი“ ზუგდიდი მონაწილეობდნენ. მატჩი „დინამო“ სოხუმის გამარჯვებით, ანგარიშით 9:0 დასრულდა.

„დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-2-ის ჩემპიონი გახდა. გუნდმა გამარჯვება ტურნირის დასრულებამდე, ვადაზე ადრე მოიპოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ გუნდის წევრებს ჩემპიონობა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. მატჩის ბოლოს რუსლან აბაშიძემ გამარჯვებულებს მედლები და აფხაზეთის მთავრობის სახელით საჩუქრები გადასცა.

მატჩს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია ესწრებოდნენ.

სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ორდღიანი პროექტი განხორციელდა

სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით განხორციელდა 2 დღიანი პროექტი - „ფონდების მოძიება არაკომერციული პროექტებისთვის“, რომლის ფარგლებშიც აფაზეთიდან დევნილმა 30-მდე სტუდენტმა მიიღო ინფორმაცია პროექტის წერის ძირითადი მეთოდოლოგიის, პრაქტიკის შესახებ და თავადაც ჩაერთო საპროექტო წინადადებების შემუშავებაში.

პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სწავლა-გადამზადება პროექტების მართვისა და გრანტების მოძიების მიმართულებით, რაც თავი მხრივ ხელს შეუწყობს მათი ცოდნის ამაღლებას, რათა აწარმოონ წარმატებული პროექტები.

საუკეთესო პროექტების წარმდგენ სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაცია- „ღია სივრცე კავკასია“ კონსულტაციას გაუწევს პროექტის წერის პროცესში და ხელს შეუწყობს სხვადასხვა არაკომერციული პროექტების განხორციელებაში, ასევე, პროექტის კომისიის წევრებმა საუკეთესო პროექტის ავტორებს შესთავაზეს სტაჟირების დაწყება მათ ორგანიზაციაში.

პროექტის კომისიის წევრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია - „ღია სივრცე კავკასიის“ თავჯდომარე ირმა პავლიაშვილი და გამგეობის წევრი თეონა მაჭარაშვილი.

ღონისძიების შემაჯამებელ ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ნანა მაჭარაშვილი და სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე დაესწრნენ და პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

დედა ენის დღე - აფხაზეთის საჯარო სკოლებში
14 აპრილი - დედა ენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლებში მრავალფეროვნად აღინიშნა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც ქართველი ერის საოცარი ერთიანობისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის 1978 წლის 14 აპრილისეულ სულისკვეთებას გამოხატავდა. გაიმართა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიციები: „ენა დედაა ერისა“, „ო, ენავ ,ჩემო, დედაო ენავ,“ „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ"; ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსები: „ვინ უკეთ იცის მშობლიური ენა", „რომელია სწორი“ და „როგორ უნდა ვილაპარაკოთ“; მოამზადეს კედლის გაზეთები.
 
გაიმართა საუბრები და დისკუსიები თემებზე: 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების კვალდაკვალ, ქართული ენა ქართულ პოეზიაში, ქართული ენა მსოფლიო ენათა სისტემაში და ა. შ. ასევე მოეწყო ესეებისა და ნახატების კონკურსები.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამა - „STEM განათლების ხელშეწყობა"... ამოქმედდა
 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის - „STEM განათლების ხელშეწყობა - მზარდი და ინოვაციური გონება“ - ფარგლებში, აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში კლუბ „ჩხირკედელას“ ლაბორატორიამ უმასპინძლა. პროგრამა საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
 
 მოსწავლეები STEM კლუბის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. ამასთანავე კლუბ „ჩხირკედელას“ კონსულტანტებმა სკოლის STEM კლუბის ხელმძღვანელ მასწავლებლებს სათანადო კონსულტაციები გაუწიეს და სამომავლო პროექტების შემუშავების გზებზე იმსჯელეს.
რუსლან აბაშიძე „ევროკავშირის ურთიერთობები მის აღმოსავლეთში არსებულ მეზობლებთან ევროკავშირის საპრეზიდენტო პროგრამების ფარგლებში 2001-2021“ პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ევროკავშირის ურთიერთობები მის აღმოსავლეთში არსებულ მეზობლებთან ევროკავშირის საპრეზიდენტო პროგრამების  ფარგლებში 2001-2021“ პრეზენტაციას დაესწრო.

ნაშრომში მოცემულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან ურთიერთობის ანალიზი. აგრეთვე, რეკომენდაციები და დასკვნები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სამხრეთ კავკასიაში რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

დავით ფაცაცია აფხაზეთის ა/რ მთავრობის მორიგ სხდომას დაესწრო

2022 წლის 12 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის წიგნიერების კლუბი შეიქმნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, წიგნიერების კომპეტენციის განვითარების მიზნით, აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის წიგნიერების კლუბი შეიქმნა.
 
ამასთან დაკავშირებით გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, მასწავლებელთა სახლის დაწყებითი საფეხურის ექსპერტ-კონსულტანტი ანი კუდუხაშვილი, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური და სხვ. ესწრებოდნენ.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს „პალიტრა L-ის“ თანამშრომლების - მარიამ აღდგომელაშვილისა და მარიამ გიორგაძის მიერ კლუბის წევრებისთვის შემუშავებულ 3-თვიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ქართველ და უცხოელ ავტორებს გაეცნობიან, თვეში ერთხელ გამართავენ წაკითხული წიგნის განხილვა/დისკუსიას და ავტორებთან შეხვედრებს.
 
აქვე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის 12 დასახელების 250-ზე მეტი წიგნი გადასცა.