ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთის ომში დაღუპულ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

 

ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთის ომში დაღუპულ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადაეცათ.  მინისტრი ლევან თევზაია მათ ოჯახებში ესტუმრა და დამდეგი შობა -ახალი წელი მიულოცა. წინასაახალწლო საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მთელი რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს გადაეცემათ.

რუსლან აბაშიძემ ბავშვთა თავშესაფარს საახალწლო საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ლიკა კვარაცხელიასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა, ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

თავშესაფრში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის „ანბანით მოხატული ახალი წელი“ მონაწილე დევნილი ახალგაზრდები, რომლებმაც ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სპეციალურად მათთვის შექმნილი საახალწლო ხელნაკეთი ნამუშევრები გადასცეს საჩუქრად.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვთა თავშესაფარს ნაძვის ხე და საახალწლო ნობათი გადაეცა. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე თოვლის ბაბუამ იზრუნა.

ნანა გაბელიამ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა
მინისტრი ქ. თბილისში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს სტუმრობდა და აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, დაბადებიდან შშმ. პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
 
,,ვეცადეთ, დევნილი საზოგადოების განსაკუთრებით შეჭირვებული ნაწილისთვის, დამდეგი შობა-ახალიწელი მცირედი საჩუქრით მიგველოცა. ჩვენი საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტი ასეთი ადამიანების და ოჯახებისთვის უკეთესი პირობების შექმნა და მათზე ზრუნვაა, კიდევ ერთხელ ვულაცავ მათ და წარმატებულ 2022 წელს ვუსურვებ“ - განაცხადა ნანა გაბელიამ.
 
წინასაახალწლო ნობათი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილმა 1000-მდე ოჯახმა მიიღო.
აფხაზეთის მთავრობამ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს და „მშობელთა ხიდის“ დღის ცენტრს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს, რომელიც ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობაში ეხმარება, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა.

ასევე, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადაეცა „მშობელთა ხიდის“ თბილისის 6-დან 18 წლამდე და 18 წლის ზემოთ ასაკის შშმ ბავშვთა/პირთა დღის ცენტრს, სადაც არიან მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარები.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე აფხაზეთის სპორტული საზოგადოებებისა და კლუბების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს თანამშრომლობისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

სენაკში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას საახალწლო ნობათები გადეცა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს.

 

მობილური აპლიკაციის „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური აპლიკაციის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა/Abkhazia Heritage პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ საზოგადოებას ახალი აპლიკაცია წარუდგინეს და მისი შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მობილურ აპლიკაციაში ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე თავმოყრილია ინფორმაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, წარმოჩენილია მისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობა. აპლიკაციის ლოგოში გამოყენებულია ბედიის ოქროს ბარძიმის - ქართული ოქრომჭედლობის ძეგლის (X-XI სს.) გრაფიკული გამოსახულება.

აპლიკაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის იდეის საფუძველზე შეიქმნა და მისი მიზანია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენახვა და პოპულარიზაცია.

მობილური აპლიკაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა/Abkhazia Heritage ხელმისაწვდომია Android და iOS პლატფორმებისთვის და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ Play Store-დან და App Store-დან.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის მქონე დევნილ ბენეფიციარებს, აფხაზეთის ა\რ- დან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში, საახალწლო ნობათები გადასცეს.
შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული აქცია ქ. ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით მიმდინარეობს.

 

დავით ფაცაცია სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ კამპანიის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესს დაესწრო
იმუნიზაციის პროცესს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და შესაბისი სექტორის წარმომადგენლები.
სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები გადაეცათ.
ვაქცინაციის კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს COVID-19-ის ვაქცინაცია უტარდებათ.

რუსთაველის თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთი“-ს კონცერტი „ქორეონიკონი“ გაიმართა. ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ბაჩანა ჭანტურია, დირიჟორი თორნიკე მანწკავა, ხოლო კოსტიუმების მხატვარი ეკატერინე ჯავახიშვილი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თბილისის მერიის და საკრებულოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საზოგადოება ესწრებოდნენ.

საპრემიერო კონცერტები რუსთაველის თეატრში 28-29 დეკემბერს გაგრძელდება.

რუსლან აბაშიძე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია „დიასპორის დაჯილდოება 2021“ გაიმართა.

ცერემონია ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის, საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს უცხოელი მეგობარი. ნომინაციაზე „საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის“ გამარჯვებულ ხატია ხაბულიანს ჯილდო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გადასცა.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში, საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

დაჯილდოების ცერემონიაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ესპანეთიდან და სლოვენიიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა. ორივე ანსამბლი ქართულ კლასიკურ და ხალხურ მუსიკას ასრულებს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ესპანელი და სლოვენიელი მომღერლებისგან.

ღონისძიება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით გაიმართა.

#ავიცრათერთმანეთისთვის
ნანა გაბელია - ორი წელია მსოფლიო კორონა ვირუსს ებრძვის. ჩვენს ქვეყანაში კი მდგომარეობას ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ამძიმებს. ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი ათასებს სცდება, ახალი შტამები და მათი გავრცელება კი სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. ომიკრონი საქართველოში უკვე გამოვლინდა. სწორედ ამიტომ, ანტირეკორდული ჯაჭვის გასაწყვეტად ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. უნდა ვეცადოთ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
 
არიან ადამიანები, რომლებსაც ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ და ყოველთვის ვცდილობ, მათ მივაწოდო ის ინფორმაციები, რაც თავად მივიღე იმ კვლევებზე დაყრდნობით, რაც დღემდე არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, არგუმენტირებულად შემიძლია, დავარწმუნო ყველა, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა და რაც მთავარია, ყველაზე ეფექტური იარაღია პანდემიის დასამარცხებლად. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სხვა გამოსავალი რეალურად არ არსებობს.
 
პირადად მე აცრილი ვარ ორი დოზით, ცოტა ხანში მიწევს „ბუსტერის“ გაკეთებაც და, რა თქმა უნდა, გავიკეთებ, ჩემი აზრით, ეპიდვითარებას პირდაპირი კავშირი აქვს ქვეყნის განვითარებასთან, ეს პროცესი აფერხებს ქვეყანას. სხვა სოციალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს. უნდა ავიცრათ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისა და თითოეული ადამიანისთვის.
აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლაში ახლად გარემონტებული სპორტული დარბაზი გაიხსნა

სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. ახალგარემონტებული დარბაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გახსნეს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი მოეწყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით. აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს სპორტის გაკვეთილები თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში ჩაუტარდებათ.

დარბაზის რეაბილიტაცია საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

დევნილ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის მრავალწლოვანი კენკროვანი და კურკოვანი ნერგები გადაეცათ

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით , პროგრამის ,,მდ. ენგურის ე.წ. „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეზე მცხოვრებ დევნილ ფერმერთა შემოსავლების ზრდა“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს მრავალწლოვანი ნერგები გადაეცათ.ნერგები სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ საკონკურსო-სატენდერდო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულმა ბენეფიციარებმა, სოფელ რუხში მდებარე ,,საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში’’ მიიღეს.

,,მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის მდგრადობა, რადგან აღნიშნული კულტურების მოყვანის შედეგად მოხდება ისეთი პროდუქტის მიღება, რომელიც სტაბილურად მოთხოვნადია როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე’’-აღნიშნა „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ვასილ ბაბუნაშვილმა.

მისივე თქმით, სააგენტო შემდგომი ანალიზისთვის, შესაბამის მონიტორინგს გაუწევს პროცესის მიმდინარეობას, რომ უფრო დაიხვეწოს და გაძლიერდეს მსგავსი პროგრამების ეფექტიანობა.

„გარდენ ჰოლში“ პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა

„გარდენ ჰოლში“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და პროექტის ავტორებმა გადასცეს.

პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ უკვე მეორე წელია იმართება და მიზნად ისახავს გააცნოს საზოგადოებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან. კონკურსის შედეგად შეირჩა საუკეთესო და საინტერესო ისტორიის მქონე ათი გმირი, რომლებზეც მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდეგ გამოქვეყნდება ჟურნალ „სითი“-ში. მასალა ასევე განთავსდება გამომცემლობის ონლაინ პლატფორმასა და სააგენტოს ვებგვერდზე.