ქობულეთში აფხაზეთის საზაფხულო სკოლა-ბანაკი გაიხსნა

აფხაზეთის სკოლა-ბანაკი ქობულეთში მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით გამოირჩევა.

მოსწავლეებს აქ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები სემინარებს უტარებენ.

საზაფხულო სკოლა-ბანაკი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ ბაზაზე, ამავე სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შეიქმნა.

„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“ აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებულ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს აერთიანებს და მისი მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში.

სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო სკოლა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის წარმატებით დასრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის ორგანიზებით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ქ. სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში აფხაზეთიდან დევნილი, 15-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის განხორციელებული ორ კვირიანი საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრულდა და პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-10 საჯარო, სენაკის მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლებისა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა შეიძინეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიც არის - ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, სტრესის მართვა, პროექტის წერა და სხვა. პროექტის მიზანია - დევნილი ახალგაზრდების ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა, მათში მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების გაღვივება, მოზარდთა თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, მოსწავლეებში STEM-ის მიმართულებით ინტერესის აღძვრა, ქვეყნის ისტორიის და ეთნოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა.

საზაფხულო სკოლის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის კეთილმოწესე-დეკანოზი - იოანე კუპრეიშვილი, სენაკის ღირსი ალექსი სენაკელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური-მღვდელი - მალხაზ ჭანტურია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი – სალომე დოლიძე, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი - ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე - გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსებისათვის რეგისტრაცია იწყება

 

 ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის’’ დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის N77/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.

რეგისტრაცია შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებული ქნა ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების № 147 შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/192FcUzo5RW01d_f1MpOFNqUpvTyURk7IZigkAu1SEOQ/edit?usp=drive_web

რეგისტრაციის ვადა 2022 წლის პირველი აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ ნომრებზე:  +995 599 741 652; +995 599 855 494; +995 599 855 493.

ლევან ჩაკვეტაძემ UNHCR-ის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

UNHCR-მა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა და დევნილთა სააგენტოს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების გასაუმჯობესებლად სამუშაო შეხვედრა გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს საქმიანობის შესახებ უახლესი ინფორმაცია წარადგინა.

შეხვედრის მიზანია კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესება დევნილთა სააგენტოსა და დევნილ მოხალისეთა ქსელს შორის, ასევე დევნილების უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფა ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.

საქართველოში UNHCR-ის ოფისის დაარსების დღიდან ორგანიზაცია ჩართულია დევნილთა დახმარების საკითხებში, ამჟამად ინარჩუნებს დევნილთა დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების როლს და ზრდის მის წვდომას საზოგადოების მოხალისეთა ქსელის მეშვეობით. ქსელი მიზნად ისახავს დევნილებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მათ დახმარებას უფრო სწრაფი გადაწყვეტილებებისა და სერვისების წვდომაში რეფერალური სისტემის გაძლიერებით.

შეხვედრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან

დავით ფაცაცია, თავის პირველ მოადგილესთან - გურამ მისაბიშვილთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან - გრიგოლ ბაღათურიასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან - კოტე ბასარიასთან ერთად - სენაკის, ხობის, აბაშის, ჩხოროწყუს, მარტვილის მუნიციპალიტეტების დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

სამინისტროს წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები და მათი მოგვარების გზები ადგილზევე დასახეს.

დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

რუსლან აბაშიძემ თავისუფალ ჭიდაობაში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოსა და საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებულ, საქართველოს ნაკრებში მოასპარეზე აფხაზეთის გუნდის ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ზურაბ ქალდანს მრავალწლიანი წარმატებული სამწვრთნელო კარიერისთვის და სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, სპორტსმენებს ლუკა ღვინჯილიას, ალექსი თოდუას, ჯონი ცხადაიას და გიორგი შონიას მიღწეული შედეგები მიულოცა და სიგელები გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

ზურაბ ქალდანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია უმცროს კადეტებში, U-15 წლიანებში და აფხაზეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით, 2022 წლის 17-18 ივლისს, საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და გუნდური პირველობა მოიპოვეს.   

ლუკა ღვინჯილია მიმდინარე წელს რომში გამართულ ჩემპიონატზე ევროპის პრიზიორი გახდა. იგი სხვადასხვა წელს საქართველოს ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული სპორტსმენია. ლუკა 2022 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი 20 წლიანებში, ხოლო პრიზიორი 23 წლიანებში. 2021 წელს საქართველოს ჩემპიონი კადეტებში, 17 წლიანებში და საქართველოს ჩემპიონი უმცროს კადეტებში, 15 წლიანებში.

ალექსი თოდუა 2022 წლის საქართველოს ვიცე-ჩემპიონია კადეტებში, 17 წლიანებში, ხოლო 2021 წელს როგორც საქართველოს, ასევე რუმინეთის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. 

ჯონი ცხადაიამ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით გამართულ სპორტულ ასპარეზობებში საქართველოს ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა. ჯონი 2022 წელს 23 წლიანებში გახდა საქართველოს პრიზიორი, ხოლო 2020-2021 წლებში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 20 წლიანებში.

გიორგი შონია თავისუფალ ჭიდაობაში 2021 წელს საქართველოს პრიზიორი გახდა 20 წლიანებში, ხოლო 2022 წელს საქართველოს პრიზიორი 23 წლიანებში.

აფხაზეთიდან დევნილები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ

 სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიზნით სოფლის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

 პროგრამის ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში ბენეფიციარის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის, წარდგენილი პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს ფარავს სოფლის განვითარების სააგენტო, 20%-ს ეკონომიკური პროგრამების სააგენტო ,10%-ს ბენეფიციარი.

 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების თანადაფინანსების შემთხვევაში სოფლის განვითარების სააგენტო აფინანსებს ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, ეკონომიკური პროგრამების სააგენტო 10%-ს, ბენეფიციარი 10%-ს.

 მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს თავმჯდომარემ ვასილ ბაბუნაშვილი მოაწერეს.

 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროგრამაში დამატებითი შეღავათის მისაღებად თანადაფინანსების მოთხოვნით უნდა მიმართოს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს.

➡ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rda.gov.ge/ge/articles/news/memorandumi

სოფლის განვითარების სააგენტო / RDA

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს შეხვდა. შეხვედრა სამუშაო ფორმატში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს როგორც საჯარო, ასევე საოჯახო არქივებზე დაყრდნობით, აფხაზეთის თემატიკაზე ანიმაციური სერიების მომზადებას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამუშაო პროცესს. ჯგუფში პროფესიონალებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

პირველ ეტაპზე ანიმაციის ფორმატში მოხდება ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გამოცემული წიგნის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ გადაყვანა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორის მრჩეველი, მულტიმედია ცენტრისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის წარმომადგენელი, EPLO-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელები, თსუ-ის პროფესორები.

პროექტი აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის,  საზოგადოებისა და ახალგაზრდობის მეტი ჩართულობის და ინფორმირებულობის მიზნით ხორციელდება.

რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მიეძღვნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების – ალფრედ კურატაშვილის, ნათელა მაისურაძის და ოთარ დავითაშვილის ხსოვნას.

კონფერენციაში მონაწილე სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის დარგში წამყვანმა მეცნიერებმა და მკვლევარებმა ერთმანეთს თავისი ცოდნა გაუზიარეს და განიხილეს დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევები და თანამედროვე ტენდენციები.

კონფერენცია ქართულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა და ხელისუფლების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევარები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია საქსტატის 103 წლის საიუბილე ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ლევან თევზაია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაარსებიდან 103 წლის საიუბილე ღონისძიებას დაესწრო

სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ , პრეზენტაციის სახით, საქსტატში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარადგინა.

ღონისძიებაზე წარმატებულ და ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, ინფორმაციის მომწოდებელ საუკეთესო ბიზნეს კომპანიებს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, სპეციალურად ამ დღისთვის საქსტატის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი იხილეს, სადაც ასახულია სტატისტიკის სამსახურის ისტორია და დღევანდელი საქმიანობა.

ქვეყნის პირველი სტატისტიკის სამსახური 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა. შესაბამისად აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება.

მევლუდ ჯაჭვლიანმა ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრებ ზემო აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვაუჩერები გადასცა

ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში, ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების ორ წლამდე ბავშვებისთვის კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების მიწოდების მიზნით, მევლუდ ჯაჭვლიანმა - ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქ.ქუთაისში და ქ.წყალტუბოში მცხოვრებ ზემო აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ვაუჩერები გადასცა.

ვაუჩერების გადაცემაში მონაწილეობას ღებულობდნენ: ნათია კოპალიანი - აფხაზეთის ა.რ. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი; ლაშა მარგიანი - აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ზაფხულის ერთი დღე ,,ჯინო ფერედაისში’’

სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ ერთობლივი ორგანიზებით, აკვაპარკის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 50-მდე მოზარდისა და მათი მშობლებისთვის აკვაპარკში მდებარე წყლის ატრაქციონები და გასართობი ობიექტები უფასო იყო.

ღონისძიებაში მონაწილე მოზარდებს შეხვდნენ, მათთან ერთად აკვაპარკი დაათვალიერეს და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა სალომე დოლიძემ და აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გერანი ბოლქვაძემ.

პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, მათი წახალისება და სპორტულ აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, მოზარდებს საშუალება მიეცათ დაესვენათ, სასიამოვნოდ გაეტარებინათ დრო, შეეძინათ ახალი მეგობრები და გაეაზრებინათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

მადლობას ვუხდით აკვაპარკ „ჯინო ფერედაისს“, მის ხელმძღვანელს ნოდარ გიორგაძეს და აკვაპარკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს გერანი ბოლქვაძეს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოზარდებს აკვაპარკში მდებარე წყლის ატრაქციონებითა და გასართობი ობიექტებით სრულად უფასოდ გაუმასპინძლდნენ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ 2022 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ამ პერიოდის განმავლობაში მინისტრის აპარატი აქტიურად მუშაობდა სამოქალაქო ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საარქივო საქმისწარმოების მიმართულებით.

მინისტრის აპარატის საქმიანობის პრიორიტეტებად აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა, კულტურის პოპულარაზიცია განისაზღვრა და  ამ მიზნით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის: „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“, „ინტეგრაცია მომავლისთვის“, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“, „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი“, ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის გიორგი აფხაზის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ვირტუალური გამოფენა და სხვა.

ასევე, საქართველოს დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, რაც თავის მხრივ, დიასპორების, როგორც სამშვიდობო რესურსის გააქტიურებას უზრუნველყოფს.

თითოეული განხორციელებული პროექტის მიზანი იყო დევნილი საზოგადოებისთვის და არამარტო მათთვის, განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, მათი გაძლიერებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერა.

მინისტრის ანგარიშს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მინისტრის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

ეკა ხოფერიამ სამინისტროს 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების გასვლით შეხვედრაზე სამინისტროს 2022 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროების პროგრამებსა და პროექტებზე, მათ შედეგებზე ისაუბრა.

ეკა ხოფერიამ დამსწრეთ ასევე გააცნო სამინისტროს სსიპ-ების - აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრ „თეთრი ტალღას“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ შემოქმედებით საქმიანობაში არსებული სიახლეები და გეგმები.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სენაკში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

დღეს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ერთობლივი ორგანიზებითა და ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქ. სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში აფხაზეთიდან დევნილი, 15-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის საზაფხულო სკოლა გაიხსნა.

საზაფხულო სკოლის გახსნით ღონისძიებას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი – სალომე დოლიძე, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერ – ვახტანგ გადელიასთან, მის პირველ მოადგილე – გრიგოლ ბაღათურიასთან, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორ – ნინო ჯანჯღავასთან და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები არიან - ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-10 საჯარო, სენაკის მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლებისა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეიძენენ და განივითარებენ ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიც არის - პრობლემის გადაჭრა, ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, სტრესის მართვა, პროექტის წერა და სხვა. პროექტის მიზანია - მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების გაღვივება, მოზარდთა თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, მოსწავლეებში STEM-ის მიმართულებით ინტერესის აღძვრა, ქვეყნის ისტორიის და ეთნოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა.