გამოცხადდა კონკურსი პროგრამაზე ,,დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა"

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილთა ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება და ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აქტივებით და აღჭურვილობით უზრუნველყოფის გზით (საერთო ჯამში, მაქსიმუმ 7.000 ლარისა და არა უმეტესი 2 ერთეულისა).
ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
აფხაზეთიდან დევნილ ფიზიკურ პირს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნია ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აფხაზეთიდან დევნილი პირის მიერ დაფუძნებულ კომპანიას ან კომპანიას, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებული, და ამ იურიდიულ პირებს არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება.

ქვეპროგრამისა და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე:

განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 4 მაისის 12:00 საათიდან 1 ივნისის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com

საკონტაქტო პირები: თეა კვარაცხელია - 579113897; ნინო ბენდელიანი 599488315; ჯანო ქირთბაია - 599855369

 

 

სასტუმრო „ბილტმორში“ აფხაზეთიდან დევნილი და უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის პროექტი-„მშვიდობა მსოფლიო ბავშვებს“ განხორციელდა

სსიპ-„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ მხარდაჭრითა და ასოციაციის - „ჩვენ“ ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორში“ აფხაზეთიდან დევნილი და უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის პროექტი-„მშვიდობა მსოფლიო ბავშვებს“ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც აკადემია „გვირილას“ მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება აკადემია „გვირილას“ 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილმა 70-მდე და უკრაინიდან ლტოლვილმა 30-მდე ბავშვმა, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ინიციატივით „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები გადაეცათ.

ღონისძიებაზე აკადემია „გვირილამ“ მუდმივი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას ჯილდო - „ოქროს არწივი“ გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სსიპ - “აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე და სამინისტროს თანამშრომლები.

ნანა გაბელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მხარეები ინიციატივებისა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო ღონისძიებებისა და კვლევების  განხორციელებაზე.

სტუდენტებთან შეხვედრისას მინისტრმა ისაუბრა ახალგაზრდების ჩართულობისა და აქტიურობის მნიშვნელობაზე, უპასუხა დასმულ შეკითხვებს და საინტერესო იდეებისა და პროექტების მხარდასაჭერად მზაობა  გამოთქვა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა,  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2022 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა. ჩემპიონატში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
 
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე რაულ შენგელია (81 ქულა). მან ამ გამარჯვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მე-2 ადგილზე გავიდა აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა გოგია (80 ქულა), მე-3 ადგილზე კი აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი გოდულაძე (77 ქულა).
 
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ათეულში გასულ მოსწავლეებს სამინისტროს სიგელები, ხოლო ყველა მონაწილეს „ეტალონის“ დიპლომები გადაეცა.
 
ჩემპიონატს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე,
რუსლან აბაშიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ოჯახთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

„ქრისტე აღდგა!

ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - უდიდესს, ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის, თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების, საყოველთაო განახლების, ახალი სიცოცხლისა და სიყვარულის  ზეიმია. ქრისტიანული სამყაროს ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა რწმენითა და სიხარულით გვავსებს. ქრისტეს ჰუმანური და მიმტევებლური ბუნება თითეული ჩვენგანისთვის მაგალითის მომცემია. მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ეთნიკურ-რელიგიური იდენტობის პატივისცემითა და დაფასებით შეძლებს სამოქალაქო იდენტობის ჩამოყალიბებას და საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებას.

კიდევ ერთხელ მთელი გულით ვულოცავ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.

ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა სხვადასხვა მომსახურებით ისარგებლეს:

▶️ენდოკრინული დაავადებათა სკრინინგი:
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
▶️პედიატრის კონსულტაცია;
▶️ნევროლოგის კონსულტაცია;
▶️ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
▶️მხედველობის სკრინინგი:
• ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
• სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).
▶️სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგი:
• კარდიოლოგის კონსულტაცია;
• ეკგ.
▶️სხვადასხვა სისტემის რადიოლოგიური კვლევა.

ექიმ-სპეციალისტთა დანიშნულების შესაბამისად გაიცა მედიკამენტები.

გამოკვლევებში საქართველოს წამყვანი კლინიკების - ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა, ოფთამოლოგიური კლინიკა "ახალი მზერის", გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა, ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის და დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის აფხაზეთის ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

სამედიცინო მომსახურეობა კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს საღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო გასინჯვები სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრომ სააღდგომო ნობათები დაარიგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრომ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის 450 ოჯახს, საჩუქრად საკვები პროდუქტები გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახებს ესტუმრნენ და სააღდგომო ნობათები პირადად გადასცეს.
სააღდგომო ნობათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დარიგდა.
სამინისტროს ბიუჯეტიდან აღნიშნული პროდუქტებისთვის 24 075 ლარი გამოიყო.

 

რუსლან აბაშიძემ და ბესიკ სილაგაძემ ბავშვთა თავშესაფარს სააღდგომო ნობათი გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა ბესიკ სილაგაძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ მოინახულეს, ბავშვებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

დღესვე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ლომისის წმინდა გიორგის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადაეცა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ეკა ხოფერია და ბერიკა შუკაკიძე „ონლაინ საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე „ონლაინ საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდნენ და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მიერ ნაჩუქარი წიგნები გადასცეს.

შეხვედრები ქ. ქუთაისში, აფხაზეთის №6 და ქ. ზუგდიდში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლებში სამინისტროს ქვეპროგრამის - „ონლაინ საკვირაო სკოლის“ ფარგლებში გაიმართა.

„ონლაინ საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებს უშუალოდ პირველად გაეცნო ამ სკოლის პედაგოგი, მასწავლებელთა სახლის დაწყებითი საფეხურის ექსპერტ-კონსულტანტი ანა კუდუხაშვილი.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდა „პალიტრა L-ის“ წარმომადგენელი მარიამ აღდგომელაშვილი, რომელიც დამსწრეთ აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისთვის შექმნილ წიგნიერების კლუბზე და მისი წევრებისთვის შემუშავებულ 3-თვიან პროგრამაზე ესაუბრა. მოსწავლეები ამ პროგრამის ფარგლებში ქართველ და უცხოელ ავტორებს გაეცნობიან, თვეში ერთხელ გამართავენ წაკითხული წიგნის განხილვა/დისკუსიას და ავტორებთან შეხვედრებს.

აფხაზეთის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები დამტკიცდა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე " . სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროექტის განხილვის შემდეგ, უმაღლესმა საბჭომ ზემო აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი ერთხმად დაუჭირა.
სხდომას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე,რაულ წულაია ესწრებოდა

წყალტუბოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრაზე წყალტუბოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები გადასცეს.
სამინისტროს მიერ, დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ქმედითი ღონისძიებების შემუშავების მიზნით მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

რუსლან აბაშიძე ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ნომრის გარეკანი გაფორმებულია ლადო ფოჩხუას ნამუშევრით და გამოცემაში შესულია თანამედროვე ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებები.

ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიისა და აღნიშნული ლიტერატურული პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ და ჟურნალ „რიწის“ რედაქტორმა, მწერალმა ნანა ქარდავამ.

პრეზენტაციას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები  და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა დაარსდა. მოგვიანებით გამოცემამ ჟურნალის სახე მიიღო. პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა როგორც ქართველი, ასევე აფხაზი პოეტების ნაწარმოებები. წლების განმავლობაში ჟურნალმა ფორმატი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეითავსა.

განახლებული დიზაინის, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის ხარჯზე ჟურნალი მკითხველისათვის უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახდა.

14-15 აპრილს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობის წევრებისა და ახალგაზრდების სამუშაო შეხვედრა მოეწყო

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მინისტრმა ნანა გაბელიამ მიმართეს.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მიზანია დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამებში.

„ძალიან საყურადღებოა დევნილი საზოგადოების ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის საქმიანობას. განსაკუთრებით, ეს ჩვენს ახალგაზრდებს ეხება, რადგან თუ ვსაუბრობთ სამომავლო წარმატებულ საქმიანობაზე, ახალგაზრდების მოსმენა საინტერესო და აუცილებელია“-განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მინისტრმა ნანა გაბელიამ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.  ,,ამ მიმართულებით, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი პროექტი,  მათ შორის „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი“, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ და მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ ამ კუთხით მუშაობას.  ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში და ზოგადად, მუშაობენ აფხაზეთის თემატიკაზე“-აღნიშნა ნანა გაბელიამ.

შეხვედრაში მონაწილე ახალგაზრდებს აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და წარმომადგენლებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების საქმიანობა გააცნეს, აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრის აპარატის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, ისაუბრეს სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდული ჩართულობის გაძლიერების, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე, ოკუპირებულ აფხაზეთში გადაადგილებისა და განათლების უფლების ხელმისაწვდომობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების ინსტრუმენტების გააქტიურების შესახებ.

დაიწყო განაცხადების მიღება ,,დასაქმების ხელშეწყობის" პროგრამაზე

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობა“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილთა ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა და განვითარების მხარდაჭერა, შესაბამისი სპეციალური პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევებითა და შემდგომი სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფის გზით.

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებსაც სურთ მიიღონ ან უკვე გააჩნიათ სპეციალური პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევების დამადასტურებელი დოკუმენტი, და ამ ჭრილში აქვთ წინადადება საქმიანობის წამოწყებისა/“სტარტაპ“-ისა და შემდგომი განვითარების შესახებ.

ქვეპროგრამისა და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე

განაცხადების მიღება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ხორციელდება 2022 წლის 18 აპრილის 12:00 საათიდან 23 მაისისს 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com

საკონტაქტო პირები: თეა კვარაცხელია - 579113897; ნინო ბენდელიანი 599488315; ჯანო ქირთბაია - 599855369

 

 

 

აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები პროფესიული განათლების შესაძლებლობებს გაეცნენ
ქვეპროგრამა ,,პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ,,განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ტერიტორიული პრინციპით (ზუგდიდი, ქუთაისი, სენაკი, ფოთი, თბილისი), უკვე მონაწილეობდნენ პროფესიულ სასწავლებლებში ჩატარებულ საინფორმაციო ტურებში, რომელთა მიზანი მათთვის პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დახმარება და არსებული პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
 
დღეს დასკვითი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სსიპ კოლეჯ ,,მერმისში“. აქ აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებს პროფესიული განათლების შესაძლებლობები, ინოვაციური ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკა და კოლეჯ „მერმისის“ სხვადასხვა მიმართულების პროგრამები გააცნეს.
 
შეხვედრას სსიპ კოლეჯი ,,მერმისის“ დირექტორი ნონა ღუდუშაური მასპინძლობდა.
 
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: სსიპ პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები - მანანა გაბუნია და სალომე ცხადაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე და სხვ.