ქ. სენაკში აფხაზეთის რეგიონული სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა
ქ. სენაკში, აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის ახლად გარემონტებულ სპორტულ დარბაზში აფხაზეთის რეგიონული სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა ფრენბურთსა და კალათბურთში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების გუნდებს შორის.
 
შეჯიბრებები კალათბურთში ოკუპირებული გალის ერთ-ერთი საშუალო სკოლის გუნდის, ხოლო ფრენბურთში - აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დამთავრდა.
 
ოლიმპიადის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს ფორმები, სიგელები და მედლები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ლობჟანიძემ, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა ხათუნა შონიამ და აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის დირექტორმა ელისო სიჭინავამ.
ლევან ჩაკვეტაძე საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

ღონისძიება „პედიატრი გირჩევთ” ბუნებრივი კვების ხელშეწყობას, ლაქტაციის დროს დედის კვებას და 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წასაკითხად რეკომენდირებულ წიგნებს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე ახალი საინფორმაციო ბროშურა წარადგინეს, სადაც საუბარია ძუძუთი კვების ხელშეწყობასა და ლაქტაციის დროს დედის კვებაზე. გამოცემის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ძუძუთი კვების მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე მოეწყო 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული წიგნების გამოფენა.

ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

მინისტრის აპარატი, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის სტრუქტურების თანამშრომლებისთვის ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლების  ერთთვიან პროექტს განახორციელებს

ცნობიერების ამაღლების კამპაანიის ფარგლებში,  საჯარო მოხელეებისთვის,  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი ახორციელებს პროგრამას „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში.“

პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.

„ერთთვიანი სალექციო კურსის  განმავლობაში, მონაწილეები მიიღებენ ევროკავშირის შესახებ  სტრუქტურიზებულ, პრაქტიკულ მიდგომებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას  უფრო ეფექტურს გახდის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდაჭერის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო “- აღნიშნა ნანა გაბელიამ.

აღნიშნულ პროგრამას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონულ წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს.

პროექტის ბოლოს მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

 

აფხაზეთის საგუნდო კაპელამ საქველმოქმედო კონცერტი - "სოფოსთვის" გამართა
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში კაპელის წევრის, სოფია კვიციანის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.
 
კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და სოფიას გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
 
აფხაზეთის საგუნდო კაპელის მომღერალი სოფია კვიციანი საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა კი მის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე სრულად გადაირიცხება.
 
დახმარების მსურველებს კვლავაც შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE70TB5991745063622471; მიმღები - სოფია კვიციანი
დანიშნულებაში მიუთითეთ "სოფოს მეგობრები", ქვითრის ასლი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Buuuk@yahoo.
„ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია - თბილისის საკრებულოში
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია გაიმართა.
 
1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით გამოსცა.
 
რუსთაველის უკვდავი ქმნილება 1941 წელს ცნობილმა აფხაზმა მწერალმა დიმიტრი გულიამ თარგმნა, წიგნის რედაქტორი იყო აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. გამოცემის ორიგინალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.
 
წარდგენას კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე უძღვებოდა. გამოცემის მნიშვნელობაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის განმტკიცების თვალსაზრისით, ისაუბრეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა და სხვ.
 
გამომსვლელებმა ნიშანდობლივად მიიჩნიეს, რომ აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ განმეორებით 80 წლის თავზე დაიბეჭდა და მისი პრეზენტაცია თამარ მეფის ხსენების დღეს შედგა.
#ვეფხისტყაოსნისაფხაზურენოვანიგამოცემა
დავით ფაცაცია ქ. თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ აფხაზურენოვანი ,, ვეფხისტყაოსნის’’ წარდგენას დაესწრო

დავით ფაცაცია ქ. თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ წარდგენას დაესწრო.

თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის და ის 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის თავზე დაიბეჭდა.

"გილოცავთ თამარობას, თამარ მეფის ხსენების ამ ღირსშესანიშნავ დღეს!

დღეს, ქ. თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ წარდგენას დავესწარი, რომლის თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის.

სიმბოლურია, რომ წიგნის პრეზენტაცია თამარ მეფის ხსენების დღეს შედგა, რადგან სწორედ მისი მეფობის ხანაში შეიქმნა ეს უნიკალური ნაწარმოები.

მადლობას ვუხდი შოთა რუსთაველის მსოფლიო ლიტერატურის შედევრის - „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვის, რომლითაც ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობა და საერთო კულტურა კიდევ ერთხელ წარმოჩნდა." - დავით ფაცაცია.

 

ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ სტუდენტებთან შეხვედრისას დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელების საკითხებზე ისაუბრა.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მოვლენების ობიექტური გაშუქება კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებმა აქტიურად უნდა იმოქმედონ ჰიბრიდული ომის ყველა მიმართულებით. მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობაა და არსებულ რეალობაში დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ სწორედ ახალგაზრდების ჩართულობას ვეყრდნობით. მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე”-განაცხადა მინისტრმა.

სტუდენტებს ნანა გაბელიამ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა გააცნო და მინისტრის აპარატის გეგმებზე ისაუბრა. მან სტუდენტების მიერ  დასმულ შეკითხვებს უპასუხა, ასევე საინტერესო იდეებისა და პროექტების მხარდასაჭერად მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის წევრის, სოფია კვიციანის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტს - „სოფოსთვის“ დაესწრო.

კონცერტი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, სოფოს მეგობრები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მომღერალ სოფია კვიციანს რამდენიმე თვის წინ ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ახალგაზრდა ხელოვანის გადასარჩენად საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდა, კამპანიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც შეუერთდა. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სოფოს დასახმარებლად.

ანზორ მარგიანმა დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ არტემ კოპალიანს, შოთა გვილავას და კონსტანტინე ყარამანიშვილს გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს ულოცავს! ქედს ვიხრით თითოეული მათგანის თავდადების წინაშე და პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს - 300 ლარი გადაურიცხა.

ახალგაზრდების, სამოქალაქო და საჯარო სექტორის მონაწილეობით კონფერენცია - „ჰიბრიდული ომი და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში“ ჩატარდა

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მინისტრმა ნანა გაბელიამ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საბა ფიფიამ.

ნანა გაბელიამ შეხვედრის მონაწილეებს  ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება. დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მოვლენების ობიექტური გაშუქება უპირველესია კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში. ახალგაზრდები სწორედ ის ძალაა, რომელმაც აქტიურად უნდა იმოქმედოს ჰიბრიდული ომის ყველა მიმართულებით. მინისტრის აპარატი მომავალშიც აქტიურად იმუშავებს ამ საკითხებზე“- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა. ,,არსებულ რეალობაში, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში,  ჩვენ სწორედ ახალგაზრდობას და მათ პროცესებში ჩართულობას ვეყრდნობით. ასევე, აქტიურად უნდა გავაძლიეროთ  დიასპორების როლი სამშვიდობო პროცესებში“.

პანელურ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მინისტრის „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრები და მოწვეული სტუმრები.

საქართველოს ეროვნულ გმირს, მამია ალასანიას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს ანაკლიაში დაიბადა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყო საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროს უფროსის მოადგილე. 1992-93 წლებში სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით იგი სამეგრელოში გაიგზავნა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2018 წლის 5 თებერვალს მამია ალასანიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები, მოსახლეობას გააცნეს ის პროგრამები და პროექტები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე ესწრებოდა.

რუსლან აბაშიძე „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გამოფენას დაესწრო. გამოფენა კოლეჯ „სპექტრის“ ღია სივრცეში მოეწყო, სადაც მომავალ სტუდენტებსა და დამსაქმებლებს სამშენებლო ინჟინერიის ის პროფესიები გააცნეს, რომელთა შესწავლა კოლეჯში იქნება შესაძლებელი.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო კერძო სექტორის საინფორმაციო სტენდები და მოეწყო GIZ-ის საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაცია. სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სპეციალური აქტივობები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი როინ (მათე) ტაკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში და თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ონურ სევიმი.

ღონისძიების ფარგლებში, თემაზე „დუალური განათლება - გერმანული გამოცდილება - საქართველოსთვის“ გერმანიის ელჩთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

გამოფენა ყოველწლიურად „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება.

რუსლან აბაშიძე ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები, მოსახლეობას გააცნეს ის პროგრამები და პროექტები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე  ესწრებოდა.