ფოთში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გაიხსნა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ფოთში, აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლის ბაზაზე დევნილი მოზარდებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტში 10-დან 18 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები (50 ბენეფიციარი) ჩაერთვებიან. სამოქალაქო ჩართულობის სივრცე 2 თვის განმავლობაში იფუნქციონირებს და სხვადასხვა სახის სპორტული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

პროექტი ქვეპროგრამის ,,სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების მიღებისა და მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენა და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობა.

სენაკში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ,,ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული სათამაშოები გადაეცა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია სენაკში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ, მათ საჭიროებებს გაეცნენ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული სათამაშოები სენაკში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს გადასცეს.
ჩემს პირველ მოადგილესთან, გურამ მისაბიშვილთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან ერთად, თბილი შეხვედრა გვქონდა სენაკში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან.
შეხვედრაზე „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშორები გადავეცით სენაკში მცხოვრებ, ჩვენს დევნილ ბავშვებს და მიხარია, რომ შევძელით მათი გახარება და კიდევ ერთი დღის გალამაზება.
მადლობას ვუხდი „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიას“ (IHRC) მხარდაჭერისთვის და აქვე ავღნიშნავ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები არ არის ერთჯერადი ხასიათის და გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ - დავით ფაცაცია.

 

ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, აფხაზეთის პრობლემატიკის ობიექტური საინფორმაციო უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, აქტიური სახელმწიფოებრივი, ეროვნული და მოქალაქეობრივი პოზიციისათვის“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

მინისტრს სიგელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ და საერთაშორისო ურთიერთობათა, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა გადასცეს.

აფხაზეთის მთავრობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

15 მარტს ქართული არტილერიის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება აფხაზეთის რეგიონში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას წარმოადგენს ე.წ. არჩევნების ჩატარება.

ე.წ. არჩევნები აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგები ვერ ექნება, რადგან აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი მუდმივი ძალადობისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რადგან ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ.

აფხაზეთის მთავრობა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ.

ნანა გაბელია ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს
მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, კონფლიქტების დარეგულირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ასევე, ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების გათვალისწინებით ერთობლივი პროექტები დაგეგმეს.
 
შეხვედრას „კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრი“-ს, „UN Women Georgia- ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“-ს პროგრამის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის, ფონდი ,,თბილისის მოზარდთა სახლი“-ს, ა(ა)იპ ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნანა გაბელია ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს, მინისტრი მოადგილეებთან, გიორგი გაბედავასთან და ბელა კოპალიანთან ერთად კონფლიქტების დარეგულირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრის მონაწილეებმა, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით, სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
 
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების: „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“, „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“, „თანხმობის“ და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის - ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ლევან ჩაკვეტაძემ შშმ პირს ეტლი გადასცა

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორმა ნინო გულუამ შშმ პირს ეტლი და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

მინისტრმა მოზარდის მშობლებს სამინისტროსა და სააგენტოში მოქმედი პროგრამები გააცნო.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაციის ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოხლისათვის'' თანამშრომლობის ფარგლებში ეტლი 200-მდე დევნილ შშმ პირს გადაეცა.

ლევან თევზაიამ აფხაზეთიდან დევნილ ქალ მეწარმეებს 8 მარტი მიულოცა და მათ საქმიანობას გაეცნო

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან თევზაიამ დევნილ ქალ მეწარმეებს 8 მარტი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მინისტრი, კომპანია ,,კარფური’’-ს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსთან , ნინო რამიშვილითან ერთად რამდენიმე სამეწარმოს, მათ შორის საკონდიტრო ,,ასორტს", ,,ივერია ტექს" ობიექტებს სტუმრობდა და მეწარმეები საქმიანობას გაეცნო.
ლევან თევზაიას განცხადებით, დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი უმთავარესი პრიორიტეტია.
,,სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, დღეს ჩვენ მოვინახულეთ დევნილი მეწარმე ქალბატონები, გავეცანით მათ წარმატებულ საქმიანობას და მივულოცეთ ქალთა საერთაშორისო დღე. ქალთა მიერ შექმნილი საწარმოები ქართული ბიზნესის ერთ-ერთი დინამიკური სექტორია. დამოუკიდებელი და სტაბილური მცირე ბიზნესის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს სეგმენტი წარმოადგენს ეკონომიკის საფუძველს და წარმატებული მომავლის საწინდარს. ქალთა გაძლიერება ბიზნესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნაში. სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროექტის განხორციელებას’’-განაცხადა ლევან თევზაიამ.
ღონისძიება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივითა და კომპანია ,,კარფური“-ს მხარდაჭერით მოეწყო.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ, წარმატებულ ექიმ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ წარმატებულ ექიმ ქალბატონებს აფხაზეთიდან 8 მარტი მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

ლევან ჩაკვეტაძემ აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს 8 მარტი მიულოცა

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს მერი ჯანგველაძეს 8 მარტი მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები და აფხაზეთიდან დევნილი მხატვარის ნამუშევარი გადასცა.

,,სწორედ მისი მსგავსი ღირსეული ქალბატონები ქმნიან ისტორიას, საკუთარი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით ემსახურებიან სამშობლოს და ზრდიან თაობებს”-განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

მერი ჯანგველაძე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ომამდე იკავებდა, სამინისტროს ხელმძღვანელობა აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგაც განაგრძო. ქალბატონი მერი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით არის დაჯილდოვებული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ 8 მარტი აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ქალთა საერთაშორისო დღე აფხაზეთიდან დევნილ, წარმატებულ ექიმ ქალბატონებს - მაკა მირცხულავასა და ირინა სიჭინავას პირადად მიულოცა.

"ძვირფასო ქალბატონებო გილოცავთ #8მარტს.

მქონდა პატივი დღევანდელი დღე პირადად მიმელოცა აფხაზეთიდან დევნილი, ღვაწლმოსილი ექიმებისთვის - მაკა მირცხულავასა და ირინა სიჭინავისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები თავისი პროფესიული საქმიანობით აფხაზეთის ომის დროს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. კორონავირუსის პანდემიამ კი კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად რთულია მათი პროფესია და რა დიდი მნიშვნელობა აქვს მას. სწორედ ამიტომაც, ამ პროფესიის წარმომადგენლები საჭიროებენ განსაკუთრებულ დაფასებას და პატივისცემას.

მინდა ქალთა საერთაშორისო დღე ასევე, განსაკუთრებით მივულოცო ქალბატონებს, რომელთაც საკუთარ თავზე მოუწიათ აფხაზეთის ომისა და მისი შემდგომი პერიოდის გადატანა, უმეტესობა მათგანს კი დღესაც მძიმე მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება.

დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი ქალბატონები მომავალშიც დიდ როლს ითამაშებენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და ერთიანობის საქმეში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ 8 მარტს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და წარმატებას პირად და პროფესიულ საქმიანობაში." - დავით ფაცაცია.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

 

დავით ფაცაციამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

8 მარტი, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერიასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

„ საქართველოს ისტორიის ქრონოლოგია დახუნძლულია გაუტეხელი სულის ადამიანებით, რომელთა გმირულ საქციელზეც დგას ჩვენი ქვეყნის ღირსება და თავისუფლება. სწორედ ასეთი ადამიანი იყო, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალ-მაიორ გენო ადამია, რომელმაც სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში ჩადენილი გამორჩეული გმირული საქციელით წაუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მინდა ქედი მოვიხარო მისი თავდადებისა და სამშობლოსადმი განსაკუთრებული სიყვარულის წინაშე და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცავთ იმ ღირებულებებს, რისთვისაც გენო ადამიამ გასწირა თავისი სიცოცხლე, მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას.“- დავით ფაცაცია.

 

 

 

პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ,,განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ახალი ქვეპროგრამის - „პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში“ განხორციელებას იწყებს. ამ ინფორმაციის მიწოდებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, აფხაზეთის საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
 
ონლაინ ჩართვაში მონაწილეობდნენ სსიპ პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თამარ სამხარაძე, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია, კოლეჯ ,,ლაკადას“ დირექტორი თეონა ქუხილავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე და სხვ.
 
შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და მათთვის დახმარების გაწევა პროფესიული არჩევანის გაკეთებისას. პროგრამა მოსწავლეებს ასევე დაეხმარება საკუთარი თავის შეცნობასა და შესაძლებლობების რეალიზებაში.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კვალიფიციური ინფორმაცია მიიღეს.
დავით ფაცაციამ ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერიასთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

„ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში და ყველა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირი, რომელთა ისტორიებზეც იზრდებიან თაობები. სწორედ ასეთი არის, საქართველოს ეროვნული გმირი - ჟიული შარტავა.

ჟიული შარტავა მომავალი თაობებისთვის შეუდრეკელობის, სიმამაცისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის მაგალითია და მეამაყება, რომ ვცხოვრობ იმ პერიოდში, როდესაც ის იდგა საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების სადარაჯოზე.

მე მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალიხმევით, შევძელბთ იმ ღირებულებებისა და მიზნების დაცვას, რისთვისაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა ჟიული შარტავა და მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებას.“ - აღნიშნა დავით ფაცაციამ.