დევნილ მრავალშვილიან დედებს უფასო ამბულატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილის) დედებს უფასო ამბულატორიული გამოკვლევები საოჯახო მედიცინის ცენტრ ,,აფხაზეთში'' ჩაუტარდათ.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა სხვადასხვა მომსახურებით ისარგებლეს:

➤ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
➤კარდიოლოგის კონსულტაცია;
➤ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია;
➤ნევროლოგის კონსულტაცია;
➤პედიატრის კონსულტაცია;
➤სისხლის საერთო ანალიზი;
➤შაქრის განასაზღვრა სისხლში;
➤ექოსკოპია (მუცლის ღრუ, გინეკოლოგიური);
➤ელექტროკარდიოგრაფია;

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მრავალშვილიან დედებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებების სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.

პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

რუსლან აბაშიძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

ქალთა გაძლიერების პროგრამა
ქალთა პროფესიული გადამზადების პროექტის ფარგლებში ინგლისური ენისა და ბუღალტერიის შემსწავლელი უფასო სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.
 
პროექტის მონაწილეები ცოდნის შესაბამისი დონის გათვალისწინებით გადანაწილდნენ.
 
პროგრამაში 20-დან 69 წლამდე 82 ბენეფიციარია ჩართული.
 
პირველი თებერვლიდან პროგრამა წარმატებით მუშაობს და, საქართველოს მასშტაბით მონაწილეების დასაქმების, საკუთარი საქმიანობის დაწყებისა და მართვის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
 
პროექტს მინისტრის აპარატი ფონდ „თბილისის მოზარდთა სახლთან“ ერთად ახორციელებს.
რუსლან აბაშიძის განცხადება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით

ისტორიული დღეა საქართველოსთვის. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეტანილი განაცხადი, უმნიშვნელოვანესი პროცესია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დღეს, ისე როგორც არასდროს საქართველო ახლოსაა ევროკავშირთან. ეს არის შესაძლებლობათა ფანჯარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც.

მოვუწოდებ ჩვენ საზოგადოებას აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, რათა ერთად ვისარგებლოთ ყველა იმ უპირატესობით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობას მოაქვს. ევროკავშირში ინტეგრაცია არის სამშვიდობო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი.

აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს 3 მარტი მიულოცეს

დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული  ძმების, ვასილ და ნიკოლაი გარაშენკოების დედა, ლარისა გარაშენკო მოინახულა და  დედის დღე მიულოცა. რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის.

დღესვე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა 3 მარტი მიულოცა ჟუჟუნა ხარძიანს, რომელმაც ომში 2 შვილი და მეუღლე დაკარგა.

დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 266 მეომრის დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია.

საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გახდა სოხუმის მერი, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მინისტრის აპარატის ბაზაზე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნება
მინისტრის აპარატის ბაზაზე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნება.
 
საბჭო იქნება წარმომადგენლობითი, საკონსულტაციო ორგანო და ახალგაზრდული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მინისტრის აპარატს წარუდგენს რეკომენდაციებს.
 
მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტდება აფხაზეთიდან დევნილი 11 ახალგაზრდისგან და ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას უზრუნველყოფს.
 
საბჭოს წევრები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან.
 
შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების საფუძველზე შერჩეული პროექტის ორი წარმომადგენელი საქართველოს ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
 
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 10.03.2022.
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ქვემოთ მითითებულ ბმულზე
დავით ფაცაციამ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ - დავით ფაცაციასთან და და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარი თბილისში შემოვიდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრული ოკუპაცია მოახდინა, რომელსაც ათასობით ქართველი გმირულად ემსხვერპლა.
საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, რომელიც რუსულ ოკუპაციას უკავშირდება ხანგრძლივი აგრესიის სიმბოლოდაა ქცეული, რომლის შედეგებსაც ყოველდღიურად ვხედვათ, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ოკუპანტი რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ჩვენი მოძმე ერის-უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.
დღეს მიმდინარე მოვლენები, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ წარსული, არამედ ჩვენი აწმყოცაა. შესაბამისად, ვალდებულნი ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვრენიტეტი.
პატივს მივაგებ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ იმ გმირებს, რომლებიც წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპანტებს და უთანასწორო ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას.“ - დავით ფაცაცია.

 

,,ოკუპაციის კვირეული” - აფხაზეთის საჯარო სკოლებში
21-25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ცამეტივე საჯარო სკოლაში ,,ოკუპაციის კვირეული” გაიმართა.
 
კვირეულის ფარგლებში სკოლებში თემაზე - „25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღეა“ - მოეწყო კონკურსები და ლექცია/სემინარები, კონფერენციები და ლიტერატურული საღამოები, ვიქტორინები, ნახატებისა და პოსტერების გამოფენები და ესეების კონკურსები. ამავე თემისადმი მიძღვნილ პოეზიის საღამოებზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები ამ ტრაგიკულ დღეზე.
 
„ოკუპაციის კვირეულის“ მიზანია მოსწავლეებმა სრული იფორმაცია მიიღონ რუსულ აგრესიაზე და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია.
 
მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში რუსული ოკუპაციის შედეგად დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.
 
 
რუსლან აბაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. საუბარი შეეხო სოფლის განვითარების სააგენტოს იმ პროგრამებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დამატებით შეღავათებს ითვალისწინებს და 10%-ით მეტ თანადაფინანსებას გულისხმობს.

აფაზეთის დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 170-მდე მოზარდს საჩუქრები გადასცეს

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული სათამაშოები, ქ. სენაკში, ქ. ფოთსა და ქ. ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 170-მდე ბავშვს გადაეცა.
რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
„ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.

 

ნანა გაბელიამ ერთიანი ქართულ-აფხაზური ეთნოგრაფიული სივრცე გახსნა
ნანა გაბელიამ ერთიანი ქართულ-აფხაზური ეთნოგრაფიული სივრცე გახსნა.
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა თბილისში, ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული სივრცე გახსნა.
 
„აფხაზური ისტორიის სახლში“ განთავსდა ქართულ-აფხაზური ტრადიციული სამოსი, ხალხური საკრავები. აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები აქ შეისწავლიან ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრას. აქვე უნიკალური ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების და ფოტომასალის საფუძველზე ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი გამოფენა.
 
„აღნიშნული ეთნოგრაფიული სივრცის მოწყობის მიზანია ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, საერთო ტრადიციების, რელიგიური წეს-ჩვეულებების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, მათი შესწავლა და პოპულარიზაცია“-განაცხადა ნანა გაბელიამ.
 
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლევან ჩაკვეტაძემ პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილობაში მყოფი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე დევნილი მოსახელობისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის 2021 წელს გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ისაუბრა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესო საბჭოს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

#აფხაზეთისჯანდაცვა
#აფხაზეთისმთავრობა
#საქართველოსპარლამენტი

რუსლან აბაშიძე მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ენის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ენათმეცნიერები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.

თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი იყო უიშვიათესი მასალა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, ასევე ასოციაცია „ქართული შრიფტის“ მიერ წარმოდგენილი შრიფტების ნიმუშები (სხვადასხვა ეპოქის), ლექსიკონები, იშვიათი მხატვრული გამოცემები და თარგმანები.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლების „ლაშქარის“ და „თამარიონის“ მიერ შესრულდა აფხაზური და ოსური საცეკვაო ნომრები. ასევე წარმოდგენილი იყო თოჯინების თეატრალური სანახაობაც.

სამი კალიგრაფის მიერ, ადგილზე შესრულდა ბანერი, წარწერით „მშობლიური ენის საერთაშორისო დღე“, რომელზეც საპატიო წევრებმა ღონისძიების ბოლოს  ხელი მოაწერეს.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით, 1999 წელს დააწესა.