სამინისტროში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც განხილულ იქნა მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადებები, შესაბამისად კომისიამ განიხილა წარმოდგენილ ობიექტებზე (ქ.თბილისი, ვარკეთილის მეორე და მესამე მ/რ, კორპუსი #34-სა და ქ. თბილისი, დაბა წყნეთის გურამიშვილი # 40)-ში ტექნიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული მონაცემები და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებაზე

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული  ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში აცხადებს კონკურს  უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებაზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) კონკურსანტი უნდა იყოს აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან  ნეიტრალური სამგზავრო  დოკუმენტის მფლობელი;
ბ) ასაკი არ აღემატება 35 წელს;
გ) მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე;
დ) სწავლობს უცხო ქვეყნის კანონდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

დაფინანსების საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81-90 ან (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ან ქულობრივი შეფასების სისტემის არარსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური  შეფასება.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური  სამგზავრო  დოკუმენტის  ასლები;
ბ) CV/რეზიუმე;
გ) სამოტივაციო წერილი (ფონტი - sylfaen; ფურცლის ზომა-A4; შრიფტის ზომა - 11; ინტერვალი - 1,5;  მოცულობა- არანაკლებ 200 და არაუმეტეს 300 სიტყვისა);
დ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე  უპირობო  ჩარიცხვის  წერილი;
ე) ბაკალავრის  აკადემიური  ხარისხის დიპლომი;
ვ) უცხოეთის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი.
ზ) ორი რეკომენდაცია დაწერილი ლექტორის მიერ (ბოლო ექვსი თვის ვადით გაცემული);
თ) დოკუმენტი  სემესტრულად/წლიურად სწავლის  საფასურის  შესახებ;
ი) ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების  ასლები (არსებობის  შემთხვევაში);

(უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები განიხილება მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე)

დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ (სემესტრულად).

პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური ან/და ე.წ. „Executive“სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

მოქალაქეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით;

საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა იწარმოებს ელექტრონულ მისამართზე apkhazeti@mes.gov.ge ან/და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი:  თბილისი, უზნაძის ქ. N 68.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება და დამატებითი დრო საბუთების წარმოდგენისათვის არ განისაზღვრება.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დაბა ურეკში სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ ბანაკში დაისვენებენ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული  სოციალურად დაუცველი, 3-დან 6-წლამდე ასაკის თხუთმეტი ბავშვი მშობლებთან ერთად დაბა ურეკში დაისვენებს. სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ ბანაკში  ათი დღის განმავლობაში ბავშვების ჯანმრთელობაზე გამოცდილი პედიატრი იზრუნებს.

ბავშვები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა  და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის წარმომადგენლებმა გააცილეს.

პროექტი ასოციაცია"იმედი"დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის წარმომადგენლობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.

პროექტის მიზანია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ძვალ-სახსროვანი დაავადებით ხშირად  მოავადე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება,  იძულებით გადაადგილებულ  ქალთა და ბავშვთა ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაცია.

 

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები“-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საქართველოში კლასიკური მუსიკის XI საერთაშორისო ფესტივალ ”ღამის სერენადები”-ს ფარგლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საღამოზე ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა მსოფლიო კლასიკის შედევრები შეასრულეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი. „ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა მისი გეოგრაფიული არეალის გაფართოება განაპირობა, რის გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, ქალაქ თბილისის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს, 30 აგვისტოს, სრულიად საქართველო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“, ასოციაცია ,,ქსენონი“-სა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი ,,არ დამივიწყო“ ყვავილებით შეამკეს.

მემორიალთან პარაკლისი აღევლინა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა და მათი ოჯახებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო.

1983 წლიდან მსოფლიოში, ხოლო  2011 წლიდან კი საქართველოში 30 აგვისტოს  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საქართველოში 1990-იანი წლების სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2300-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდაყოფა. აგრეთვე, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.

 

ინფორმაცია დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტრომ დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-ადგენითი სახის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ოთხი ტენდერი გამოაცხადა:

ქ. ზუგდიდი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები 68464 ლარის ღირებულების

 

  1. ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის ქ.#222-ში მდებარე პროფსასწავლებელი
  2. სოფ. ჭითაწყარში მდებარე ვეტ-ლაბორატორია
  3. სოფ. ჭითაწყარში მდებარე ელქსელები

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები 24517 ლარის ღირებულების

 

1.ქ.ქობულეთი, 9 აპრილის ქ. # 109 ( ყოფილი სკოლა #7)

  1. დაბა ჩაქვის ყოფილი სკოლის შენობა

 

იმერეთის რეგიონში ჩასატარებელი სარემონტო- აღდგენითი სამუშაოები 18790 ლარის ღირებულების

 

  1. ქ.ქუთაისი, ნიკეას ქ. # 21 ( ყოფილი აისის შენობა)
  2. ხონი, სამხედრო დასახლება 4 სართულიანი შენობა, მე-4 კორპუსი

 

ქ.ხაშურში ჩასატარებელი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები 19725 ლარის ღირებულების

 

1.ქ. ხაშური ( ყოფილი 64-ე პროფსასწავლებლის შენობა)

ქ. ზუგდიდში გამოცხადებულ ტენდერზე გამოვლინდა გამარჯვებული (57484 ლარით) შპს ,,ზანგო -2015’’.

შპს ,, ზანგო-2015’’-მა უკვე დაიწყო სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და ობიექტების ჩაბარება გათვალისწინებულია 2019 წლის 15 სექტემბრისათვის.

 

აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ

ესპანეთში ორთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 20 ბავშვი 2019 წლის 28 სექტემბერს სამშობლოში დაბრუნდა. თბილისში მათ დახვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მშობლები.

აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტრო მადლობას უხდის ამ პროექტის ორგანიზატორს „FINSOL“-ს (ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდს ქ.მადრიდი, ესპანეთი), დევნილი ბავშვებისთვის ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი დღეების ორგანიზებისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდი „FINSOL” 2008 წლიდან თანამშრომლობს. მათ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასეულობით დევნილ ახალგაზრდას ესპანეთის სამეფოში დასვენების, ესპანურ ოჯახებში ცხოვრების, თავიანთ თანატოლებთან დამეგობრებისა და მრავალი სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალება მიეცა.
პროექტი აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ წარმომადგენელ ირაკლი ქოჩუასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების  გაუმჯობესების, მათი დასაქმების, მეწარმეობის განვითარებისა  და  პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ  ერთობლივი  პროექტები.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” და „ASB საქართველო“  აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს ,,დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების უზრუნველყოფის გზით. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში ზუგდიდში საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC) შეიქმნა, რომელიც დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დოკუმენტაციის მომზადებაში კონსულტაციას გაუწევს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო პროცესი

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის იგორ კოპალიანის ხელმძღვანელობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომაზე განიხილიეს ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები.

შეგახსენებთ, რომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 30 ივლისის №24-რს კანონის შესაბამისად, 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ლიკვიდირებულ უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები: სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის მიმართულებით გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შესაბამის სამსახურს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი  დახმარების უზრუნველყოფის მიმართულებით გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს;  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში მონაწილეობის მიღების მიმართულებით გადაეცემა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს.

რუსლან აბაშიძე, ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრები რუსთავსა და ვაზიანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრები რუსთავსა და ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილთა სხვადასხვა საჭიროებებთან ერთად ჯანდაცვის პრობლემებიც გამოიკვეთა.

მინისტრმა საჭიროებისამებრ ახლო მომავალში ქალაქ რუსთავში სამედიცინო-პროფილაქტიკური აქციაა დაანონსა.

ასევე, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ვაზიანში სამკერვალო მინი-ფაბრიკა მოინახულეს, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებული.

დევნილებთან შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე რუსთავსა და ვაზიანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ რუსთავსა და სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო ჩასახლებებში არსებულ  პრობლემურ საკითხებს  და მოსახლეობის საჭიროებებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა ბინების დაკანონებასთან და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები. 

რუსლან აბაშიძემ სოფელ ვაზიანში დათვალიერა მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი,  რომელიც  თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA“-ს და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტია.

ასევე,  რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა  ვაზიანში   სამკერვალო მინი-ფაბრიკა მოინახულეს, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან  დასაქმებულები.

დევნილებთან შეხვედრას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2019 წლის 21 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე.

განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების  პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ასევე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობის პროექტის შესახებ.

 

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს წყალმომარაგება აღუდგათ

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შუამდგომლობით,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამშენებლო კომპანია „ზანგო-2015"-ის მხარდაჭერით ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ინფრასტრუქურული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

ობიექტზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს წაყალმომარაგება აღუდგათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში თამაზ ხუბუასთან შეხვედრა გაიმართა

 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუასთან შეხვედრა გაიმართა. თამაზ ხუბუამ უმაღლესი საბჭოს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ტელევიზია „ერთსულოვნებაზე“ დოკუმენტური ფილმის - „დიმა ჯაიანის“ პრემიერა გაიმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით,  2018 წელს დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი - „დიმა ჯაიანი“ შექმნა. ფილმის შექმნას ორგანიზებას უწევდა სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია  თამარ ბართაია.

ფილმის შექმნაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ასევე: 

  • აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა;
  • საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“;
  • საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა;
  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივმა.

 

ფილმის პრემიერა შედგება 20 აგვისტოს, 21:30 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაზე,“ განმეორებითი ჩვენება კი 21 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.