აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ჩატარდა ლექცია-სემინარი (ტრენინგი) თემაზე: ,,საარქივო საქმის განვითარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული ფონდის შემქმნელ წყარო დაწესებულებებში“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში 2015 წლის 10 თებერვალს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის სამმართველოს მიერ ჩატარებული იქნა ლექცია-სემინარი  (ტრენინგი) თემაზე: ,,საარქივო საქმის განვითარება  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული ფონდის შემქმნელ წყარო დაწესებულებებში“. ლექცია-სემინარის (ტრენინგის) ორგანიზატორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის უფროსი – ავთანდილ ხაზალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის სამმართველოს უფროსი – სვეტლანა ხუბულავა და ამავე დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი – ასმათ ანდრიბავა.  ლექცია-სემინარი (ტრენინგი) დაიწყო 13:00 საათზე და იგი გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა. მან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს ფუნქციურ დატვირთვაზე, მის მნიშვნელობაზე და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და ლექცია-სემინარში (ტრენინგში) მონაწილეობის მიღებისათვის.   ლექცია-სემინარს (ტრენინგს) ესწრებოდნენ: დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ვასილ ზაქარაია და დავით თუნგია (არქივის სამმართველოს კურატორი). აგრეთვე, დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ეკატერინე გვასალია, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმის წარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსი  გიორგი პარკაია, უფროსი სპეციალისტი დარეჯან გაბისკირია და დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა  და საქმის წარმოების სამმართველოს კადრებისა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი სოფიო ადეიშვილი. ლექცია-სემინარს (ტრენინგს) ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. ასევე,  მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში საარქივო საქმეთა წარმოებაზე პასუხისმგებელი პირები. ღონისძიებას უძღვებოდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით თუნგია.  ლექცია-სემინარზე (ტრენინგზე) მოისმინეს ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის სამმართველოს უფროსის – სვეტლანა ხუბულავას მოხსენება, თემაზე – ,,ეროვნული საარქივო ფონდის არსი და მნიშვნელობა  საარქივო კანონმდებლობის შესაბამისად“ და ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმის წარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსი სპეციალისტის ელა გაბისონიას მოხსენება თემაზე – ,,მოთხოვნები საქმეთა  ნომენკლატურის შედგენისა და საქმეთა ფორმირებისადმი“. მომხსენებელმა სვეტლანა ხუბულავამ ისაუბრა აღმასრულებელ დაწესებულებებში არსებულ და სამომავლოდ კანონმდებლობის შესაბამისად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, რაც მოწვეულმა სტუმრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. არქივის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ელა გაბისონიამ კი აღნიშნა, თუ როგორ უნდა ხორციელდებოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ დაწესებულებებში ნომენკლატურის შედგენა, დოკუმენტების ფორმირება და საქმის წარმოება აღნიშნულის საფუძველზე.   განსახილველი თემების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა ზურაბ გახარიამ, აღმოსავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების წარმომადგენლებმა ლევან ბარათელმა და  ლელა კვეკვესკირმა.   განსახილველი თემების ირგვლივ  მუშაობა შეაჯამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ხუბულავამ.  ლექცია-სემინარის (ტრენინგის) დასასრულს სიტყვით გამოვიდა აპარატის უფროსი ავთანდილ ხაზალია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და ლექცია-სემინარში (ტრენინგში) მონაწილეობისათვის.

აფხაზეთის თასის გათამაშება ფუტსალში დასრულდა

საქართველოს თასი 2015 აფხაზეთის რეგიონის ტურნირი დასრულდა. ფინალში ასმც 8:2 ანგარიშით გალის ,,მზიური" დაამარცხა და გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ "ასმც" კაპიტანი გიორგი ჭანტურიძე დასახელდა. "ასმც" და მზიური საქართველოს თასი 2015 ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის მხარდაჭერითა და თანადგომით, სპორტკომპლექს „არენაში" 29-30-31 იანვარს პირველად ჩატარდა აფხაზეთის თასის გათამაშება ფუტსალში.

ტურნირში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის 8 გუნდმა: "ასმც" - „აფხაზეთი", „ამირანი" - ოჩამჩირე, „მზიური" - გალი, „გაგრა" - გაგრა, „კოლხა" - გულირიფში, „სოხუმი" - სოხუმი, „დიოსკურია" - სოხუმი, „ცხუმი" - სოხუმი. აღნიშნული გუნდები საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგაში თამაშობენ.

გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ

ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის (VI ს) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ-სანოვაგე შესწირეს.

მარტყოფის მამათა მონასტერი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის შემდგე, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენციად ითვლება. ეპარქიას ისტორიულ საფუძველზე დაყრდნობითა და არსებული ვითარების გათვალისწინებით, რამოდენიმე წელია განაგებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარია აფხაზეთის მკვიდრი, არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია).

აღსანიშნავია, რომ მარტყოფის ,,ღვთაების'' ეზოში დაკრძალულია თანამედროვე ქართული ეკლესიის ერთ-ერთი ცნობილი მოღვაწე, კოდორის ხეობაში ტრაგიკულად დაღუპული იღუმენი ელისე (ბელქანია).

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა სამეგრელოს რეგიონში 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

ზუგდიდში აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ქეთევან ბაკარაძემ, კონსტანტინე კუჭუხიძემ, ვალერი ბასარიამ, დავით თუნგიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

შეხვედრას დევნილი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიისა და გამგეობის წარმოამდგენლები, ასევე საზღვრისპირა სოფლების სკოლების პედაგოგები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ,,აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილობაში - თანამედროვე რეალიები".

დღესვე მთავრობის წევრებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა მოინახულეს, გაეცვნენ პოლიკლინიკისა და მისი ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტებს, რომელთა მიხედვით გათვალისწინებულია მწვანე ზონისა და რენდგენის ლაბორატორიის შექმნა. ქეთევან ბაკარაძემ ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის მთავარ ექიმს თამაზ ჯანაშიას აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეებში უანგაროდ გაწეული თანადგომისა და შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადასცა. მთავრობის წევრებმა სოფელ რუხის ტერიტორიაზე მშენებარე საავადმყოფოც მოინახულეს.

დავით სუჯაშვილმა ვახტანგ ყოლბაიასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დეპარტამენტის ხელმძღვანელები, გიორგი ბალანიშვილი და ლაშა ხვედელიძე.

შეხვედრაზე აფხაზეთის პრობლემის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში რეგიონში მიმდინარე პროცესებს, აფხაზეთის მთავრობის მუშაობის მიმართულებებს, შიდა და საგარეო კუთხით.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, საჭიროა მუშაობის გააქტიურება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები შესაბამისი სამინისტროები.

 

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა იმერეთის რეგიონში 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

დღეს ქუთაისში, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ქეთევან ბაკარაძემ, კონსტანტინე კუჭუხიძემ, ვალერი ბასარიამ, იგორ კოპალიანმა და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს და დევნილ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ბიზნესმენებს დოკუმენტური ფილმი ,,აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილობაში-თანამედროვე რეალიები" გააცნეს.

ანგარიშში ყურადღება გაამახვილდა განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, სპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებსა და დევნილთა დასაქმების საკითხებზე. ასევე, წარმატებული დევნილი ახალგაზრდების, ხელოვანი ადამიანების და მეცნიერების ხელშეწყობაზე, გალის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და მცირე ბიზნეს პროექტების განხორციელებაში დევნილთა ჩართულობაზე. ასევე ისაუბრეს 2015 წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე.

აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის საზოგადოებისთვის წარდგენის შემდეგ შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა. მთავრობის წევრებმა დევნილთა შეფასებები და მათი პობლემები მოისმინეს.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ,,სოლიდარობის ფონდი''-ს ორგანიზებით 100-მდე დევნილი ბავშვი კინოთეატრ ,,რუსთაველში'' უფასო კინოჩვენებას დაესწრნენ.

ამჟამად საქველმოქმედო აქცია თბილისის ზღვის კომპაქტურად დასახლების ობიექტში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის, აფხაზეთის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახების შვილებისთვის მოეწყო.

კინოთეატრ ,,რუსთაველი''-ს მხარდაჭერითა და აფხაზეთი მთავრობის ,,სოლიდარობის ფონდის" ორგანიზებით მსგავსი სახის საქველმოქმედო ღონისძიება მომავალშიც დაიგეგმება.

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებული რეგიონების საკითხებზე მუშაობენ. შეხვედრისას, მათ ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მწვავედ დგას ოკუპირებულ რეგიონებში.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულება და რუსეთის დუმაში მისი რატიფიკაცია იყო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, რათა ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით, უცხოელი პარტნიორების დახმარებითა და მხარდაჭერით მოგვარდეს. საუბარი შეეხო აფხაზებსა და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნების მოქალაქეებსაც.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსულტაციების მიზანი განსხვავებულ აზრთა შეჯერება და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაა.

პროექტის „სამშვიდობო რესურსები ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

„არტ-ჰოლში" პროექტის „სამშვიდობო რესურსები ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში საზოგადოების წინაშე ქართული ცეკვებითა და ხალხური სიმღერების ერთ საათიანი პროგრამით წარსდგა მარტვილის #2 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „აფსნი", რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები არიან. სცენაზე 100-მდე ვირტუოზი ცეკვავდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ანსამბლმა 2014 წელს ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ორი გრანპრი აიღო. ფესტივალზე 35 ქვეყანა იყო წარმოდგენილი.

დამსწრე საზოგადოებას და ანსამბლი ,,აფსნის" შემოქმედებით კოლექტივს სიტვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ბელა კოპალიანმა, ორგანიზაცია ,,აფხაზეთის" ხელმძღვანელმა ნენე კალანდიამ, ანსამბლის ხელმძღვანელმა პაატა ბართიამ და მარტვილის #2 სკოლის დირექტორმა მამუკა თვალაძემ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი შემოქმედებითი გუნდი აუცილებლად უნდა იქნეს ჩართული მშვიდობის, ნდობის აღდგენის და სახალხო დიპლომატიის პროცესში.

პროექტის ორგანიზატორებია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,აფხაზეთი".

სამძიმარი ვაზაგაშვილების ოჯახს

 

კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დაცვა ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრების, სტაბილურობის მთავარი გარანტიაა.

ჩემთვის, როგორც ოჯახის პატრონისთვის, მამისთვის, ხელმძღვანელისთვის თავზარდამცემია არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე“ ხელმძღვანელის, 2006 წლისს 2 მაისს კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის აფეთქება შვილის საფლავზე. 

ადამიანურ ენაზე ასეთ საზარელ ფაქტს სახელი არა აქვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოებას გამოწვევას უგზავნიან ის პირები, რომელთათვის არაფერს ნიშნავს ადამიანური სიცოცხლე და დაუსჯელობის განცდით ცხოვრობენ ჩვენს გარშემო.

ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს, სამართლიანობისთვის ბრძოლაში მის თანამოაზრეებს.

იმედს გამოვთქვამ, რომ შვილის და მამის მკვლელობა უსწრაფესად იქნება გამოძიებული.

 

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი                                        ვახტანგ ყოლბაია

ვახტანგ ყოლბაია დევნილი ბავშვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებას ,,ხელი შეუწყოთ დევნილ მოზარდებს“ დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილი ბავშვებისათვის გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში მოზარდებმა საკუთარი ნამუშევრები და ხელნაკეთი თოჯინები გამოფინეს.

პროექტის მიზანია დევნილობაში მყოფ მოზარდების მოტივაციის  ამაღლება.

ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვალერიან არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიმართა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი - დევნილთა დასაქმება

საქართველოს მთავრობის და, შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა იგპ-თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ კუთხით 2015 წლისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება. ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობამ უკვე დაიწყო აქტიური პარტნიორული თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის აფხაზეთის მთავრობის მიერ შემუშავებულია რიგი  სასოფლო-სამეურნეო პროექტები, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია ან მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მაგალითად: იაპონიის მთავრობამ გრასრუტის პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორასთვის" გამოყო გრანტი, რომელიც მოხმარდება სამეგრელოს რეგიონში სასათბურე მეურნეობის განვითარებას. ასევე,  მთავრობის აქტიური ჩარევის შედეგად, USAID-ის ქოლგის ქვეშ მყოფმა ორგანიზაცია NEO-მ დაგეგმა გრანტის გამოყოფა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონში ბიზნესინკუბატორისთვის სასათბურე მეურნეობის განვითარებისათვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სოფელ ვაზიანში მინი-სამკერვალო ფაბრიკა „იმედის" ამოქმედება. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოსთან და არაკომერციულ ორგანიზაცია „ჰეიფერ ინტერნეშენალ საქართველოსთან" აფხაზეთის მთავრობის აქტიური თანამშრომლობის შედეგად იგეგმება მეფრინველეობის დარგის განვითარება სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ წალენჯიხის რაიონში. ასევე, სამეგრელოს რეგიონში, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით დევნილებისათვის გადაცემულ 10 ჰ. მიწის ნაკვეთს (სადაც 2014 წელს დევნილებმა საკმარისი რაოდენობის სიმინდის მოსავალი მიიღეს) წლეულს დაემატება კიდევ 10 ჰ., სადაც დასაქმდება დევნილთა ახალი ნაკადი.

დევნილთა დასაქმების მიზნით აფხაზეთის მთავრობა ამჟამად აწარმოებს კონსულტაციებს თურქეთის საელჩოსთან, რათა შედგეს თანამშრომლობა საქველმოქმედო ორგანიზაცია „XXI საუკუნესა" და თურქეთის უმსხვილესი კომპანია „ჰაიატს" შორის თურქეთიდან სარეცხი საშუალებების ჩამოტანისა და ადგილზე დაფასოებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქციას – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საყოველთაო კამპანიას „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე!” შეუერთდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, მინისტრის მოადგილეებმა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა კამპანიისთვის სამი მთავარი გზავნილი შეარჩიეს:

1. ჯანსაღი ცხოვრების წესი;

2. აქტიური პრევენცია;

3. საზოგადოების კონსოლიდაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოწვევას უგზავნის აფხაზეთი ა/რ უმაღლეს საბჭოს.

2015 წელი საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის წლადაა გამოცხადებული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა მხარს უჭერს ჯანდაცვის სამინისტროს აქციას და მასში სერიოზულ მონაწილეობას გეგმავს.

„C ჰეპატიტთან ბრძოლა და მისი დამარცხება კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. მიხარია, რომ ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ბატონ დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით. ბუნებრივია, რომ ჩვენი, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად გამოეხმაურა ამ აქციას, რადგან აფხაზეთის მოსახლეობაში ეს დაავადება ფართოდაა გავრცელებული. ეს სენი კაცობრიობის ერთ-ერთ საშინელ დაავადებად იქცა, მასთან გამკლავება კი მხოლოდ საზოგადოების სრულ მობილიზებას შეუძლია. მადლობა პროექტის ინიციატორებს, რომ საზოგადოებას ეძლევა საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საშინელი სენის დამარცხების საქმეში. დარწმუნებული ვარ, მას საყოველთაო მხარდაჭერა ექნება.

ვუერთდებით ამ შესანიშნავ ინიციატივას და ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ამ მძიმე სენის დამარცხებას“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინსიტრის, ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, ეს აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებული აფხაზეთისათვის, ვინაიდან იქ ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ იქ მაცხოვრებელი ადამიანები აქციაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ვუერთდებით ამ აქციას; ეს არის წინ გადადგმული რევოლუციური ნაბიჯი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, რადგან რეგისტრირებული ფორმით, ამ დაავადებით მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია დაავადებული, თუმცა, არაოფიციალური ცნობებით ეს რიცხვი ალბათ გაცილებით მეტია. ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან C ჰეპატიტით დაავადებულია ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებიც თავიანთი სახსრებით წლების მანძილზე ვერ ახერხებდნენ ამ დაავადების დამარცხებას. ახლა მათ რეალური შანსი მიეცათ – უზარმაზარი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ეს პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ძვირადღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფას, არამედ დიაგნოსტიკურ კვლევებსაც. სოციალურად დაუცველთათვის ეს აქამდე მიუღწეველი მომსახურება იყო. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ცენტრალური ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალს, ჩვენ მათი ნაწილი ვართ; ყველა მათ ინიციატივას ჩვენ ვიზიარებთ, მხარში ვუდგავართ და რასაკვირველია ახლაც, ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით ამ საქმეში“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების ხელემძღვანელებთან შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ რეგიონებში წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ უკვე შესრულებულ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა თბილისის მერიასა და რეგიონებში თვითმმართველობის ორგანოებს გაწეული თანადგომისათვის.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მოუწოდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან უფრო აქტიური თანამშრომლობისაკენ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ოთარ ვახანიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ოთარ ვახანიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა.

საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ. ოთარ ვახანიას იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. კოლეგებმა და მეგობრებმა გაიხსენეს ოთარ ვახანიას მოღვაწეობა და ისაუბრეს პროფესორის შემოქმედებით მიღწევებზე. ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომელიც მის მოღვაწეობასა და ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.

საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის პროფესორ ოთარ ვახანიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადაეცა.