,,ტიფლის პალასში'' აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2014 წლის მუშაობა შეაჯამა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საზოგადოებას სტრუქტურის მუშაობის ერთწლიან ანგარიში წარუდგინა. ასევე, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილობაში-თანამედროვე რეალიები" პრეზეტნაცია, რომელიც მთავრობის საქმიანობას ასახავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 2014 წელს ორიენტირებული იყო სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებზე. ასევე თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, სპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებსა და დევნილთა დასაქმების საკითხებზე. ასევე, წარმატებული დევნილი ახალგაზრდების, ხელოვანი ადამიანების და მეცნიერების ხელშეწყობაზე, გალის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და მცირე ბიზნეს პროექტების განხორციელებაში დევნილთა ჩართულობაზე.
ვახტანგ ყოლბაიამ ასევე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დასაქმების ხელშეწყობას, ბიზნეს პროექტების განხორციელებისათვის დაფინანსების მოძიებას, დევნილი მოზარდებისთვის უცხოეთის უნივერსიტეტებში განათლების მიღების ხელშეწყობას, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლებში დევნილი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს შეეხება.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოსა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები დაესწრნენ.
17 დეკემბერს, 12:00 საათზე ,,ტიფლის პალასში'' აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 2014 წლის მუშაობას შეაჯამებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საზოგადოებას სტრუქტურის მუშაობის ერთწლიან ანგარიშს წარუდგენს. ასევე, გაიმართება დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილობაში-თანამედროვე რეალიები" პრეზეტნაცია, რომელიც მთავრობის საქმიანობას ასახავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 2014 წელს ორიენტირებული იყო სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებზე. ასევე თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთისდეფაქტოპრეზიდენტისრაულხაჯიმბასგანცხადებას, „ენგურჰესის“საკიხთან დაკავშირებით ეხმიანება.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, „ენგურჰესი“ საქართველოს ენერგოსისტემის ნაწილია და ეს უნდა გვესმოდეს, რადგან ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასაქართველოს ტერიტორიაზე - გალისა და წალენჯიხის რაიონებში მიმდინარეობდა, რომელიც იმ დროს იყო საბჭოთა კავშირი და შემდგომ კი დამოუკიდებელ საქართველოს ტერიტორიული ერთეული.
„რამდენდაც მახსოვს, როცა გადაწყდა ენგურჰესის რეაბილიტაცია ამ სამუშაოების ჩასატარებლად ევროსტრუქტურებიდან 20 მილიონამდე ევრო გამოიყო და მიღწეულ იქნა შეთანხმება გამომუშავებული ენერგიის ნაწილის 40% მოხმარებოდა აფხაზეთის ტერიტორიას, ხოლო 60% დანარჩენ საქართველოს. სამწუხაროდ ჩვენ არ გვქონდა წვდომა თუ როგორ აისახებოდა „ენგურჰესიდან“ მიღებული თანხები აფხაზეთის ბიუჯეტზე, თუმცა ამის გარკვევა არ იქნება რთული საკითხი. სოხუმში ალბათ იციან, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება გიდროაგრეგატების მეშვეობით, რომლის ნაწილი მდებარეობს საბერიოში, ნაწილი კი სოფელ რეჩხში. კაშხალი კი, საიდანაც წყალი გვირაბით ამ ჰესებზე მიედინება წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში, ამ წყლის გარეშე კი ,,ჰიდროსადგური’’ ვერცერთ კილოვატ ენერგიას ვერ გამოიუმუშევებს. ამიტომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საჭიროა ორივე მხარის კეთილი ნება იმისათვის, რომ ჰიდროელექტროსადგურმა გამართულად იმუშაოს და დაცული იქნას ენლექტროენერგიის მომხმარებელთა ინტერესები“ - აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ძიუდოში 2000-2001 და 2002-2003 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, აჭარის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გუნდებმა.
გამოვლინდნენ გამარჯვბული და პრიზიორი სპორტსმენები ასაკობრივად წონითი კატეგორიების მიხედვით, რომლებიც თასებით, მედლებით და დიპლომებით დააჯილდოვეს.
ტურნირის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლებში სასწავლო-საწვრთნო მუშაობის განვითარება, სპორტსმენთა ოსტატობის დონის ამაღლება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, წარმატებული სპორტსმენების გამოვლენა და აფხაზეთის ასაკობრივი ნაკრები გუნდის დაკომპლექტება.
11 დეკემბერს, კინოთეატრ „რუსთაველში" დევნილი ბავშვებისათვის 3D ფორმატში უფასო კინოჩვენება გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაში ამჯერად ქ.რუსთავის ყოფილი სტუ-ს შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 30 მდე მოზარდი მონაწილეობდა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ააიპ „კავკასიონის სინერგიას " მხარდაჭერით გაიმართა.
კინოჩვენების დასრულების შემდეგ ბავშვებს ლანჩით გაუმასპინძლდნენ. მსგავსი სახის აქციების გამართვა მომავალშიც იგეგმება.
თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, ქართველ კომპოზიტორისა და მომღერლის, ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება მომღერლის დაბადების დღეს დაემთხვა.
შემოქმედებით საღამოზე თავად ავტორისა და სხვა ქართველი მომღერლების შესრულებით აჟღერდა ია მაისაიას სიმღერები, რომელთა შორის იყო ცნობილი აფხაზეთელი პოეტის, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერებიც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, პოეტი და დრამატურგი გენო კალანდია და ია მაისაიას ახლობლები და მეგობრები.
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაციამ, მინისტრ სოზარ სუბარის სახელით, ია მაისაიას საპატიო სიგელი გადასცა.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 30-ე რაუნდზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.
შეხვედრაზე ქართული მხარე აუცილებლად დასვამს საკითხს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე.
მოლაპარაკებები ჟენევაში 9-10 დეკემბერს გაიმართება.
დღეს, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში, საგარეჯოსა და ბაკურციხეში ჩასახლებულ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.
სამედიცინო აქცია აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.
საგარეჯოში მაცხოვრებელი დევნილებისათვის სამედიცინო გამოკვლევები „ჯეოჰოსპიტალში", ბაკურციხეში კი ე.წ. ტურბაზის დასახლებბაში ჩატარდა. გამოკვლევები ჩაატარეს „ღუდუშაურისა" და დვალის თვალის კლინიკის მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა. აქციაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი.
ღონისძიებას ესწრებდონენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.
ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხვალ თელავში მაცხოვრებელი დევნილებისათვის ჩატარდება.
დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში აკადემიკოს როინ მეტრეველის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება და წიგნის - „ქვეყნის სიყვარულში განვლილი წლები'' წარდგინება მოხდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართმადიდებულური ეკლესიის წარმომადგენლები, ქართველი პროფესორ-აკადემიკოსები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია.
ვახტანგ ყოლბაიამ როინ მეტრეველს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ დაწესებული სიგელი გადასცა.
„ბატონი როინ მეტრეველი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გამორჩეული ფიგურაა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ისტორიული მეცნიერების განვითარებაში. განსაკუთრებულია მისი დამოკიდებულება აფხაზეთის პრობლემისადმი ზოგადად და ააფხაზეთის ტრაგედიისადმი, კერძოდ.. გამიჭირდება მადლიერების გამოხატვა ჩემი და დევნილთა საზოგადოების სახელით, როცა მან შვილივით შეიფარა აფხაზეთის უნივერსიტეტი, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები. ყოველდღიური ზრუნვა აფხაზეთის უნივერსიტეტის პერსონალზე, მან თავის უმთავრეს საქმედ მიიჩნია. ბატონმა როინ მეტრეველმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს უნივერსიტეტს თავი გარიყულად არ ეგრძნო. მისი მიზანი გახლდათ – აფხაზეთის უნივერსიტეტს სრულფასოვნად შეედგა ფეხი საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო სამყაროში. ბატონი როინის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი სოხუმის უნივერსიტეტი ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს იკავებს ქართულ საგანმანათლებლო სფეროში. არ შემიძლია ჩვენი უნივერსიტეტის პირველი რექტორის ბატონი ოთარ ჟორდანიას დამსახურებაზეც არ ვთქვა ორიოდ სიტყვა. მან ძალიან სწრაფად აუღო ალღო შექმნილ ურთულეს სიტუაციას. მართვის უნარმა, განსაცვიფრებელმა ორგანიზატორულმა ნიჭმა და ახალ სიტუაციაში ახლებური მიდგომების გამონახვამ, თავისი საქმე გააკეთა. ბატონი როინისთვის ეს დიდი ძალა იყო. ქვეყნის წინაშე კი იდგა უდიდესი ამოცანა, უნდა
გადაერჩინათ ძირძველი ტერიტორიიდან დევნილი ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო კერა, მისი სახელი, ავტორიტეტი, ადამიანები, მათი წარსულიც და მომავალიც. იმ დროს, როცა ყველაფერი ჭირდა, ბატონმა როინმა თავისი კოლექტივის „ხარჯზე“, მოიკლო ყველაფერი ჩვენი უნივერსიტეტის სასარგებლოდ. ეს ღვაწლი ღირსეულად არის შეფასებული აფხაზეთის უნივერსიტეტში.
ვულოცავ ბატომ როინს დღევანდელ საიუბილეო დღეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება, გაგრძელდება სოხუმშიც. ეჭვგარეშეა, რომ სოხუმში მის პიროვნულ თვისებებს დღესაც პატივისცემით ეკიდებიან.“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
გუშინ გალში, გაეროს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გალის რაიონის მოსახლეობისთვის სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხს არ ეწინააღმდეგება. „მაგრამ ერთი პირობით, სახელმძღვანელოები და ყველა თვალსაჩინოება თუ ნივთი, რაც ამისთვის საჭიროა, აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული და გამოცემული."
ხაჯიმბას ამ გამოსვლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ეხმიანება: „მისასალმებელია, რომ ხაჯიმბას გალის რაიონში არსებული ვითარების რეალური შეფასების მცდელობა აქვს. ამ შემთხვევაში სამწუხაროა, რომ ქართველებისათვის იმ ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლას სთავაზობს, რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ, ობიექტურობასთან და ისტორიულ წყაროებთან საერთო ცოტა რამ აქვს, არა მგონია, რომ ეს წაადგეს ქართველ ან აფხაზ მოსწავლეებს. დადგა დრო- აფხაზი და ქართველი ისტორიკოსები მიუსხდნენ მაგიდას და დაიწყონ ფიქრი ისტორიის ისეთი სახელმძღვანელოს შექმნაზე, რომელიც არ იქნება გაჯერებული პოლიტიკით, იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური. ეს არ არის იოლი საქმე, მაგრამ ასეთი წიგნი ყველასთვის იქნებოდა მისაღები. ამიტომაც ვამბობ- დროა ამაზე დავიწყოთ საუბარი ერთად.
კარგი იქნება, თუ გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, პოლიტიკური იდეოლოგიის მიღმა იმუშავებენ ქართული სკოლები. იმ ფონზე, როცა აფხაზეთში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ფუნქციონირებს სომხური, რუსული სკოლები (რომლის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს) ლოგიკური და ადეკვატური იქნებოდა ქართული სკოლების გახსნა გალის რაიონში მაინც. ქართული ენისა და ობიექტური ისტორიის შესწავლა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და იქნებ ეს სოხუმში გაითვალისწინონ".
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით 6 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, პრაღაში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Diamonds Voice-2014 („ბრილიანტის ხმები") ფარგლებში, „აფხაზეთის კულტურის დღეები" გაიმართა.
საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მომღერლები 16 ქვეყნიდან, საქართველოს სახელით გასულმა, აფხაზეთიდან დევნილმა მარიამ პაჭკორიამ მესამე ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი გავიდა, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი კუბელი მონაწილე გახდა. სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებთან ერთად მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის დავით ბაძაღუას ნამუშევრების გამოფენა.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი იყო სამუშაო შეხვედრები ჩეხეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში.
ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ზურაბ ჯგუბურია და ჩეხეთში საქართველოს ელჩის მოაგდილე ალექსანდრე ჭელიძე ჩეხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კატერინა კალიგსტოკას შეხვდნენ.
შეხვედრისასა საუბარი შეეხო აფხაზეთში მდებარე ქართულ სკოლებში არსებულ პრობლემებს, ასვე დევნილობაში აფხაზეთის კულტურის კერების- თეატრების, სამუსიკო სკოლებისა და სასწავლო ცენტრების საქმიანობას. ისაუბრეს აფხაზეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად სამომავლო პროექტების განხორციელებაზე.
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე შეხვედრები გამართეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატში საქართველო-ჩეხეთის პარლამენტის ჯგუფის ხელმძღვანელებთან და უსაფრთხოებისა და ევროპარლამენტის კომისიის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრებმა ჩეხეთის პარლამენტარებს გააცნეს აფხაზეთის ხელისუფლების საქმიანობა, აფხაზეთში არსებული ვითარება. შეთანხმდნენ, რომ ჩეხეთის პარლამენტი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დაგეგმავენ სამუშაო და საქმიან სამომავლო შეხვედრებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კარლოვი ვარის მხარის მერთან პეტრე კულანეკთან, სადაც ისაუბრეს მათი მხრიდან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის დახმარების გზების მოძიებასა და კულტურულ თანამშრომლობაზე.
ქართულმა დელეგაციამ მონიშნა ის სახლი, სადაც 1923-39 წლებში პრაღაში ცხოვრობდა საქართველოს მთავრობის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე არზაყან ემუხვარი, რომელმაც საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად 1921 წელს იძულებით დატოვა საქართველო. მის შთამომავალს ნატო მარშანიას კი ამ ადგილის მოძიებაში დაეხმარნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ პრაღაში.
ვიზიტის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია მიწვეულნი იყვნენ პრაღაში „რადიო თავისუფლების" ქართულ რედაქციაში, სადაც სტუმრებს თბილი დახვედრა მოუწყვეს „რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის უფროსმა დავით კაკაბაძემ, რედაქტორმა ოქროპირ რუხაძემ და რადიომაუწყებლობის თანამშრომლებმა.
გადაცემაში „დაბრკოლების ზოლი" აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტ კობა ლიკლიკაძის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და შეაჯამეს აფხაზეთის კულტურის დღეები. ასევე, ისაუბრეს რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებულ ხელშეკრულების შესახებ, აფხაზეთში შექმნილ ვითარებასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პრობლემატიკაზე.
პრაღაში „აფხაზეთის კულტურის დღეები"-ს ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული ჩეხეთში საქართველოს საელჩო და პირადად ელჩი ზაზა გოგსაძე.
გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, რეკულტივაციის სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საქვეუწყებო სატყეო სამსახურის ინციატივით, ხეების დარგვის აქცია გაიმართა. სამუშაოების ფარგლებში სულ 1100-მდე ძირი ხე დაირგა. რეკულტივაციის სამუშაოების პირველი ეტაპი ამა წლის მარტში დაიწყო და დღეს დასრულდა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და სატყეო სამმართველოს თანამშრომლები.
28 ნოემბერს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში გლდანის რაიონში განსახლებული დევნილებისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.
გასინჯვებს მთელი დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის" კვალიფიციური სპეციალისტები და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმები ატარებდნენ.
სამედიცინო აქცია აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.
26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, პრაღაში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Diamonds Voice-2014 („ბრილიანტის ხმები") ფარგლებში, „აფხაზეთის კულტურის დღეები" იმართება. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი პრაღაში ყოველწლიურად ტარდება და მასში ტრადიციულად სხვადასხვა ქვეყნის ინდივიდუალური შემსრულებლები და საესტრადო ანსამბლები მონაწილეობენ.
ფესტივალის ორგანიზატორის (სამოდელო სახლი NARIMODELS, ing. Iosef Cermak) და გენერალურ სპონსორების (Hotel TDP PRAGUE, Metropolitan District Prague 6, პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია Ekotekhnika CZ, Radio CZ-I და სხვ.), პატრონაჟით ფესტივალში წელს პირველად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და ხელოვნების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციას მიაწვდიან ჩეხეთის პოლიტიკური, მედიის, კულტურის, სამეცნიერო წრეებისა და ჩეხეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში, პრაღის მერიაში და კარლოვი-ვარის მხარის გუბერნატორთან.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა კატალოგის და ნამუშევრების გამოფენა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას „აფხაზეთის ისტორია" (ჩეხურ ენაზე) და ზურაბ ჯგუბურიას „ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში" წიგნების (ქართულ-რუსულ-ინგლისურ-ფრანგულ ენებზე) პრეზენტაცია-გავრცელება ფესტივალის მონაწილეებსა და საპატიო სტუმრებს შორის.
ფესტივალ Diamonds Voice-2014 -ის საერთაშორისო ჟიურის წევრთა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.