რუსლან აბაშიძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა.

საბაერძნეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ბერძენ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითხებში, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიან ფუნქციონირებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ აუცილებელია ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგეს გალში და რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად იმართებოდეს ერგნეთში. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის პროვოკაციული და უკანონო ქმედებების გამო ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით.

ზუგდიდში წარმატებით გრძელდება პროექტი ,,დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე"
მინისტრის აპარატი აგრძელებს რეგიონებში, კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში, ახალ პროექტს „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“.
 
ამჯერად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ყოველ შაბათ-კვირას დევნილი მოზარდები ესწრებიან საგანმანათლებლო-შემეცნებით ტრენინგებს, მონაწილეობენ საინტერესო და გუნდურ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას, უზრუნველყოფს აქტუალურ საკითხებზე მათ ინფორმირებულობას და მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩართულობას.
 
ფოცხო-ეწერის, ფოთისა და რუსთავის შემდეგ, ეს რიგით მეოთხე, არაფორმალური განათლების სივრცეა, რომელიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ეკა ხოფერია გალფის ახალი პლატფორმის „მომავალი ჩვენია“ პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გალფის და პეტროკას ენერჯი ჯგუფის ახალი პლატფორმის „მომავალი ჩვენია“ პრეზენტაცია გაიმართა. აქვე „გალფის სასტიპენდიო პროგრამის“ ფარგლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საუკეთესო 100 პირველკურსელი ყოველთვიური 300-ლარიანი სტიპენდიით დაჯილდოვდა.
 
გარდა ამისა, არველაძეების ფონდის ინიციატივითა და კომპანია გალფის მხარდაჭერით, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი, რომლებიც 10-13 ნოემბერს გაემგზავრებიან იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში და ნაპოლი-უდინეზეს მატჩზე, ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივრებენ. მატჩის შემდეგ კი პირადად გაეცნობიან საქვეყნოდ აღიარებულ ქართველ ფეხბურთელს. ამ 12 წარმატებულ სტუდენტს შორისაა პირველკურსელი ნიკა შარია, აფხაზეთიდან.
 
პრეზენტაციას კომპანია გალფის მენეჯმენტი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
აჭარის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აჭარის რეგიონში, დაბა ჩაქვსა და ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, 200-მდე აფხაზეთიდან დევნილს ჩაუტარდა შემდეგი მომსახურებები:
➢ ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
➢ მხედველობის სკრინინგი:
ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).
➢ პედიატრის კონსულტაცია;
➢ კარდიოლოგის კონსულტაცია;
ეკგ.
➢ ნევროლოგის კონსულტაცია;
➢ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
➢ სხვადასხვა სისტემის რადიოლოგიური კვლევა;
➢ ტესტირება COVID-19 -ის დიაგნოსტიკის მიზნით.
გამოკვლევებში საქართველოს წამყვანი კლინიკებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ასევე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ჰიგიენური სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.
რუსლან აბაშიძე ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის განხილვის ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის განხილვა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

შეხვედრას, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და გარემოსდაცვითი მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

ტყის ეროვნული აღრიცხვის პროგრამა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.

რუსლან აბაშიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორს თუბა ოზუთოქს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ სააგენტოს წარმომადგენელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილთა დასაქმებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

საომარ მოქმედებებში დაღუპული მეომრების ოჯახებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული და ომის შემდგომ გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ.
 
სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე და 243-ე ბატალიონის 20 მებრძოლის ოჯახის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომრის მოადგილე ანზორ მარგიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ, სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსმა გია ედილაშვილმა და 242-ე ბატალიონის მეთაურმა სოსო სილაგაძემ გადასცეს.
 
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ბონდო ბენიძე, ტრისტან დარახველიძე, ველოდი (ნიკოლოზის ძე) ხეცურიანი, გელა ჩხეტიანი, ხოლო გივი აბაშიძე, ვალერი ბენდელიანი, ველოდი (ვახტანგის ძე) ხეცურიანი, ხვიჩა ბენდელიანი, დემურ თუთისანი, ვარდენ ირემაძე, თენგიზ კოპალიანი, ცეზარ კოპალიანი, ემზარ მეშველიანი, მურმან მეშველიანი, რომან სილაგაძე, ბიქტორ საღინაძე, ემზარ ფუტკარაძე, რაჯი ხეცურიანი, ზურაბ ჯიდოშვილი და გია ხეცურიანი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.
 
დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში გაიმართა.
რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ედიტე მედნეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

ლატვიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ევროინტეგრაციის საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს შეხვდნენ.
 
ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.
 
შეხვედრას ასევე ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი ირაკლი ყურაშვილი და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე ესწრებოდნენ.
 
აღნიშნული ღონისძიება მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
რუსლან აბაშიძე შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის დირექტორ თინათინ მახარაძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდა.

შეხვედრის მონაწილეებმა მიმდინარე ეტაპზე ურთიერთთანამშრომლობის ასპექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ კოლეჯში წელს პირველად ჩაირიცხა აფხაზეთიდან დევნილი ორი ახალგაზრდა, რომლებიც განათლებას რძის პროდუქტების წარმოებისა და ფერმერობის მიმართულებით მიიღებენ.

სასწავლებლის სტუდენტები სწავლობენ და ცხოვრობენ შვეიცარიული სტანდარტის კეთილმოწყობილ კამპუსში, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარეობს. სწავლა დაფუძნებულია დუალური სწავლების პრინციპებზე, რაც თეორიისა და პრაქტიკის კომბინაციას გულისხმობს.

შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების სექტორში. შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებულია მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაში.

რუსლან აბაშიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

რუსლან აბაშიძემ თურქეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ და გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

რუსლან აბაშიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, აფხაზეთის საზოგადოების მხარდასაჭერად ახორციელებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

თავის მხრივ, თურქმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა რუსლან აბაშიძეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

ევროინტეგრაციის საკითხებზე აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი ირაკლი ყურაშვილი და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე მონაწილეობდნენ.

დევნილმა ახალგაზრდებმა შეხვედრაზე ევროკავშირის ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს, სადაც საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულების ნაწილს, თავისუფალი ვაჭრობისა და უსაფრთხოების, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განვითარების და სექტორალური ინტეგრაციის საკითხებს. ასევე, ინტეგრაციის პროცესში სამშვიდობო პოლიტიკის გატარების მნიშვნელობას, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის აქტიურ მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში.

შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა.

რუსლან აბაშიძე თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბილტმორში ოფიციალურ მიღებაზე იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბილტმორში ოფიციალურ მიღებაზე იმყოფებოდა.

საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „აფხაზური ენის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

რუსლან აბაშიძემ სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და დამსწრე საზოგადოებას. ასევე, განსაკუთრებით იმ სტუდენტებს, რომლებმაც ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზური ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები, პროფესორები: სტუ-ის სენატის სპიკერი ჯემალ გახოკიძე, ალეკო ცინცაძე და კოტე ფხაკაძე.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია "მოდინახეს" მსახიობმა სტუდენტებმა მუსიკალურ-ლიტერატურული  წარმოდგენა გამართეს, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.