რუსლან აბაშიძე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2022 წლის ახალგაზრდული საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ახალგაზრდული მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც იმ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს მიერ მიმდინარე საანგარიშო წელს განხორციელდა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია” დაამტკიცა, რომელიც საფუძვლად დაედო სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შექმნას. აღნიშნული „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმა მთავრობის სხდომაზე პრემიერს წარედგინა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ყოველწლიური დახურული მიღება გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კავკასიის უნივერსიტეტში ყოველწლიური დახურული მიღება გამართა.
მიღების მიზანი სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის სამინისტროს მიერ მთელი წლის განმავლობაში განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა იყო.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ დამსწრეთ სამინისტროს 2022 წლის ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო პროექტებთან ერთად სამომავლო გეგმები გააცნო.
 
სტუმრებს მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის დარგში ირენა მელუა, მასწავლებელთა სახლის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და სხვ.
 
მიღებას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ანზორ მარგიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე შიოს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე  ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტს მეუფე შიოს შეხვდა.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნანა გაბელია ესპანეთში მცხოვრებ დევნილ ემიგრანტებს შეხვდა
ქ. მადრიდში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
ნანა გაბელიამ დევნილ ემიგრანტენთან მინისტრის აპარატის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
 
„ჩვენ განვიხილეთ ემიგრანტებთან კომუნიკაციის ყველა შესაძლო მეთოდი, მათ შორის, ვისაუბრეთ ქართული დიასპორებისათვის საკომუნიკაციო ონლაინ პლატფორმის შექმნის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. დავსახეთ მინისტრის აპარატის სამომავლო პროგრამებში ქართული დიასპორების ჩართულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ქმედება და აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“-განაცხადა მინისტრმა.
 
შეხვედრისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი გაბედავამ აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებსა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა.
 
ღონისძიებას ,ასევე ,ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე ესწრებოდა.
 
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, საზოგადო მოღვაწის გიორგი აფხაზის ნამუშევრების ვირტუალური გამოფენა მოეწყო.
 
დევნილ ემიგრანტებთან შეხვედრა, პროგრამის „დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
რუსლან აბაშიძე ესპანეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის საქმიანობაზე, ასევე დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს მადრიდში მცხოვრები დევნილი ემიგრანტებისთვის, მოეწყო ემიგრაციაში მოღვაწე დიდი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის გიორგი აფხაზის ნამუშევრების ვირტუალური გამოფენა.

შეხვედრა პროგრამის „დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ქ.მადრიდში დევნილი ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვის მიზნით თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ოფიციალური ვიზიტით ქ. მადრიდში იმყოფებიან.
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL“ შტაბ-ბინაში გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მოზარდებისა და ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ესპანეთში.
 
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ესპანური მხარის სახელით, ესპანური ასოციაციის "TODOS SOMOS NIÑOS“ პრეზიდენტმა ანხელ მარუგან კალვომ.
 
პროექტის ფარგლებში მოზარდები შეირჩევიან წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით, მათ შორის, პრიორიტეტი მიენიჭებათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს და სხვა.
დევნილი ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვის მიზნით თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე  სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL“ შტაბ-ბინაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ესპანურ ასოციაცია „TODOS SOMOS NIÑOS“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ესპანეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისა და ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს.

ხელშეკრულებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ესპანური ასოციაცია „TODOS SOMOS NIÑOS“-ის პრეზიდენტმა ანხელ მარუგან კალვომ მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში, მოზარდები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩევიან, სადაც პრიორიტეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს მიენიჭებათ.

რუსლან აბაშიძემ სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდი ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშების პრიზიორს, საფეხბურთო კლუბ „დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე სეზონში კლუბის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე ისაუბრა, სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და გუნდი ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა.  

შეხვედრას საფეხბურთო კლუბ „დინამო“ სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თაქთაქიშვილი ესწრებოდა.

მინისტრის აპარატმა "იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციფიკური ადამიანის უფლებების საჭიროებების სამართლებრივი გზამკვლევის" პრეზენტაცია გამართა
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.
აღნიშნული გზამკვლევის შექმნის მიზანია შერიგებაზე და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული სამართლებრივი დახმარება, კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ობიექტური, რეალური ინფორმაციის გაცვლა და კონსტრუქციული ტიპის დიალოგის ხელშეწყობა.
შეხვედრისას, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები გზამკვლევში მოცემულ ინფორმაციას გაეცნენ.
დისკუსიებისა და განხილვის შედეგად მიღებული დამატებითი შენიშვნები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება.
ღონისძიება მინისტრის აპარატის პროგრამის ,,სამშვიდობო რესურსი-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარდა.
ლევან თევზაია საქართველოს დროის გამოყენების კვლევის პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი,ლევან თევზაია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას - ,,დროის გამოყენების კვლევა" დაესწრო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში საქართველოში პირველად ჩატარდა დროის გამოყენების გამოკვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება. ასევე, გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მაჩვენებლების გაანგარიშება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის ინფორმირება.

გამოკვლევის შედეგად შეგროვდა მონაცემები მოსახლეობის მიერ სხვადასხვა აქტივობაზე დახარჯული დროის შესახებ, მათ შორის, ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ შრომაზე, საოჯახო და ზრუნვის საქმიანობებზე, სწავლაზე, დასვენებაზე, სოციალიზაციაზე.

პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციფიკური ადამიანის უფლებების საჭიროებების სამართლებრივი გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციფიკური ადამიანის უფლებების საჭიროებების სამართლებრივი გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.

გზამკვლევის შექმნის მიზანია შერიგებასა და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული სამართლებრივი დახმარება,  კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ობიექტური, რეალური ინფორმაციის გაცვლა და კონსტრუქციული ტიპის დიალოგის ხელშეწყობა.

შეხვედრაში  სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, განხილვის შედეგად მიღებული დამატებითი შენიშვნები  დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება.

ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროგრამის  ,,სამშვიდობო რესურსი-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარდა.

რუსლან აბაშიძე დიღმის ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 11 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 3 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 11 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (8 სამხედრო - ოთარ გაგუა, რევაზ კვარაცხელია, ვახტანგ ხოჯანაშვილი, ბიძინა უშხვანი, ზვიადი უშხვანი, ბორის ბერულავა, სპირიდონ (ფრიდონ) თირქია, ხვიჩა დეკანოსიძე და 3 მშვიდობიანი მოქალაქე - გიორგი ჯოხაძე, ოთარ თუთისანი, იური მაჭარაშვილი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა და წლევანდელი ლაურეატები აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ - ქორეოგრაფიული და მუსიკალური პროგრამისთვის - „ქორეონიკონი“, ჯეირან ბასარია - ფერწერული ნამუშევრებისთვის, ვანო ქავშბაია - ფერწერული ნამუშევრებისთვის, დარიკო ფიფია - პოეტური კრებულისთვის „ორი მზე“ გახდნენ. გამარჯვებულებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და ჟიურის წევრებმა გადასცეს.

პრემია ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და ენიჭება პირს ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში შექმნილი მნიშვნელოვანი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის მაღალი იდეალებით. საკონკურსო ნაწარმოები (ნაშრომი) უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პოპულარიზაციას.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აქციის ფარგლებში, 100-მდე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და კვლევები ჩაუტარდა. ასევე, ბენეფიციარებს ოფთალმოლოგების დანიშნულების შესაბამისად საჭირო სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

ღონისძიება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიისა“ (International Human Rights Commission) და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე - ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აქციის მიზანია აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.