სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო.
 
მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე, რომლებიც აფხაზური ენის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ხორციელდება.
 
„აფხაზეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია აფხაზური ენის შესწავლისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას, რათა აფხაზური ენა სათანადოდ იყოს დაცული, შესწავლილი და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებული. აფხაზეთის მთავრობა სამომავლოდ გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა.
 
ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეები ქეთევან ლომთათიძის მემკვიდრეობასა და აფხაზური ენის შესწავლაში მის განსაკუთრებულ წვლილს გაეცნენ.
2026-10-28
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
 
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა. ეროვნული პრემიის ერთ-ერთი გამარჯვებული აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი რუსუდან ლომთაძე გახდა.
 
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
2026-10-27
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 26 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს თანათავმჯდომარეებმა და დელეგაციამ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განხილული იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და არსებით საკითხებზე კონკრეტული პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.

2026-10-27
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სპექტაკლს „დევნილთა უღელტეხილი“ დაესწრო
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლი „დევნილთა უღელტეხილი“ გაიმართა.
 
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
 
ნიკოლოზ რობაქიძის პიესა „დევნილთა უღელტეხილი“ გურამ ოდიშარიას ამავე სახელწოდების მოთხრობითაა შთაგონებული.
 
სპექტაკლი დევნილობის გამოცდილებას - მშობლიური სახლიდან მოწყვეტას, დაკარგულ წარსულს, ომის ტრაგედიას და სამშობლოში დაბრუნების სურვილსა და იმედს ეხება.
 
წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მწერალი გურამ ოდიშარია ესწრებოდნენ.
 
სპექტაკლი „დევნილთა უღელტეხილი“ ფესტივალის „ციფრული სოხუმის“ ფარგლებში დაიდგა.
2026-10-26
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა
აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა. მთავრობის თავმჯდომარემ მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მასწავლებლების განსაკუთრებულ ღვაწლსა და დამსახურებაზე, ასევე მათი სათანადოდ დაფასების აუცილებლობაზე ისაუბრა.
 
მოწვეულ სტუმრებს ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ მიმართეს.
 
ღონისძიებაზე აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები მათე შონია, მაკა ქათალანძე და ⁠ანგელინა გოგია, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები ლია თევზაძე, ლუარა ჩაკაბერია, ნუნუ პერტენავა, სვეტლანა რურუა, თამარ წერედიანი და ზოია ბოკუჩავა, სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
 
ღონისძიების ფარგლებში, მარინე ჩაკვეტაძესა და რუსუდან შონიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მადლობის სიგელები გადაეცათ.
 
დაჯილდოებას, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
წლის საუკეთესო მასწავლებლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდნენ. შერჩეული კანდიდატები სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებით, მოსწავლეზე ორიენტირებული პრაქტიკით, ბოლო წლებში დადებითი დინამიკით პროგრესირებადი შედეგებითა და პროფესიული კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების სურვილით გამოირჩევიან.
 
აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.
2026-10-24
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე - რესურსების გადანაწილებისა და ოპტიმიზაციის მეშვეობით, კიდევ უფრო შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და გავზარდეთ პროგრამული დაფინანსების მოცულობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის წევრებმა ახალ პროგრამებზე და ინიციატივებზე იმსჯელეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას აგრძელებს. განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთიდან დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ინიციატივების ხელშეწყობასა და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ზრდას ეთმობა.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დევნილი ვეტერანების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, წელს მნიშვნელოვნად გაგვეზარდა დაფინანსება. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ.

დღეს, ასევე წარმოდგენილია 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი. აღსანიშნავია, რომ რესურსების გადანაწილებისა და ოპტიმიზაციის მეშვეობით, კიდევ უფრო შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და გავზარდეთ პროგრამული დაფინანსების მოცულობა.

ასევე, ვიწყებთ მნიშვნელოვან რეფორმას საჯარო მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივი გამოყენების მიმართულებით. სამინისტროებში ვნერგავთ ოთხწლიანი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების პრაქტიკას.

აღნიშნული მიდგომა გაზრდის სამინისტროების საქმიანობის გამჭვირვალობას და გააუმჯობესებს ანგარიშგების ხარისხს, რაც პირდაპირ აისახება დევნილთა კეთილდღეობისკენ მიმართული პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.

მინდა დავაინიცირო კიდევ ერთი სიახლე... მიმდინარე წელს დაფინანსდება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ინიციატივები, რისთვისაც მთლიანობაში გამოყოფილია 290 000 ლარი. უკვე დაწყებულია საპროექტო განაცხადების მიღება საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის მიმართულებებით.

ასევე, დაგეგმილია ორი ახალგაზრდული ბანაკის ორგანიზება, სადაც 100-მდე დევნილი ბენეფიციარი ჩაერთვება არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

2026-10-23