აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის №1, №2, №3, №6, №7, №10, №14, №15, №21 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სპორტულ ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა.

მინი ფეხბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას ერგო, მესამე ადგილზე კი აფხაზეთის №14 საჯარო სკოლა გავიდა.

ოლიმპიადის მონაწილე გუნდები სპორტული ფორმებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის რეგიონულ ტურნირში პირველ ადგილზე გასული გუნდები საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ შეხვედრაში აფხაზეთის სახელით იასპარეზებენ.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის №11, №14, №5, №15, №6, №3, №12 საჯარო სკოლებში სხვადასხვა თემატური აქტივობა მოეწყო.

აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებმა დედაენის დღის თემატიკაზე ინდივიდუალური პროექტების პრეზენტაციები წარმოადგინეს. ასევე, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მხატვრული კითხვის, კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი მოეწყო, ნაჩვენები იყო ფილმი „1978 წლის 14 აპრილი“. მოსწავლეებმა შექმნეს და გამოფინეს თემატური პოსტერები: „ენა ბურჯია ერისა“, „დაიცავი დედაენა“, დაამზადეს ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები და სანიშნეები.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“ ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სენაკსა და ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ფრენბურთში, კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა და მასში აფხაზეთის №5, №7, №10, №11 და №12 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ოლიმპიადის მონაწილე გუნდები სიგელებითა და სპორტული ფორმებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის რეგიონულ ტურნირში პირველ ადგილზე გასული გუნდები საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ შეხვედრაში აფხაზეთის სახელით იასპარეზებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გამოცხადდა ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობებზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გამოცხადდა ღია კონკურსი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/85009?active=1

ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/85012?active=1

 

საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის წევრებს სამინისტროს ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ გააცნო.

სხდომაზე, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვეს.

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ, საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში, როგორც ოლიმპიური, ისე არაოლიმპიური სპორტის სახეობებში დადასტურებული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა სპორტსმენებს.

საკონკურსო კომისიამ სამი გამარჯვებული გამოავლინა:

ირაკლი ვეკუა - ძალოსნობაში 17-წლამდელთა შორის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2023 წლის ევროპის ჩემპიონი.

საბა ადამია - ძალოსნობაში 17-წლამდელთა შორის 2023 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი და 2023 წლის ევროპის ჩემპიონი.

ალექსანდრე ლოლაძე - ძიუდოში 2023 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და 2021 წლის ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში.

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოსა და აფხაზეთის სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

პროგრამა „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერა“ დაიწყო

პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა და მათი სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს:

სამეცნიერო ლიტერატურის/კვლევის გამოცემა.

სამგზავრო ხარჯები მეცნიერებისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.

აფხაზეთის მკვიდრი მეცნიერი, რომელიც წარმოადგენს კვლევას მეცნიერების რომელიმე დარგში.

მეცნიერი, რომელიც არაა აფხაზეთის მკვიდრი, მაგრამ მისი კვლევა თემატურად დაკავშირებულია საქართველოს ამ კუთხესთან.

განაცხადების შემოტანის ვადებია:

2024 წლის 1 ნოემბრამდე მიიღება ბეჭდვასთან დაკავშირებული პროექტები.

2024 წლის 30 ნოემბრამდე მიიღება მეცნიერებისა და დოქტორანტურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის სამგზავრო ხარჯებთან დაკავშირებული განცხადებები.

პროექტების ავტორებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

განცხადება მინისტრის სახელზე.

სარეკომენდაციო წერილი წარმომდგენი დაწესებულებიდან.

განსახილველი პროექტის თაობაზე შევსებული განაცხადის/ანკეტის ფორმა.

არანაკლებ ორი რეცენზია გამოსაცემ ნაშრომზე.

გამოსაცემი ნაშრომის ელექტრონული ვერსია.

პროექტის წარმომდგენი რეკომენდირებული პირის ავტობიოგრაფია (cv).

პირადობის და დევნილის მოწმობების ასლები.

ინვოისები არანაკლებ ორი გამომცემლობიდან, ხოლო სამგზავრო ხარჯების დაფინანსებისას შესაბამისი კომპანიებიდან.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამეცნიერო საქმიანობასთან, კონფერენციებში მონაწილეობასა და დოქტორანტურის პროგრამებზე სწავლასთან დაკავშირებული სამგზავრო ხარჯების დასაფინანსებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ასევე მიწვევის, სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

უცხო ქვეყანაში შესვლის ნებართვა, ანუ ვიზა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე:

 https://abkhazia.gov.ge/banner/25

ნანა გაბელია აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრ მაია ხაჯიშვილს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაში, ასევე, აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე მონაწილეობდა.

ნანა გაბელიამ კოლეგებს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე შეთანხმდნენ.

ნანა გაბელია სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას ესტუმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სსიპ-ეკონომიკის სააგენტოს ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად რეკრეაციული ზონის მოწყობაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრი ასევე, გაეცნო სკოლის ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს, მოისმინა ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნანა გაბელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

დედის დღესთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემ მიმართეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ დირექტორი ბესიკ სილაგაძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შვილებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.