აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დაიწყო განაცხადების მიღება კონფერენციაზე "შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება" მონაწილეობის მისაღებად

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი  იწყებენ ნაშრომების მიღებას შავი ზღვის დაცვის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში. კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების დონის ამაღლებას შავი ზღვის ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების მდგრად განვითარებაზე, მათ ხელისშემშლელ ფაქტორებსა და მართვის გზებზე.

სტუდენტურ კონფერენციაში „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობით დაინტერესებულ სტუდენტებს.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ ნამუშევრები შემდეგ საკითხებზე:

  • ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება: გამოწვევები და სტრატეგიები შავი ზღვის ეკოსისტემაში;
  • დაბინძურებასთან ბრძოლა: შავი ზღვის რეგიონში გარემოსდაცვითი საფრთხეების მოგვარება;
  • კლიმატის ცვლილების გავლენა შავ ზღვასა და მის სანაპიროზე;
  • მდგრადი მეთევზეობა და კონსერვაცია შავ ზღვაში;
  • შავი ზღვის წყალქვეშა სიცოცხლე;
  • შავი ზღვის სანაპირო ზონის მართვა და მდგრადი განვითარება;
  • ინვაზიური სახეობების მართვა: შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები;
  • სამართლებრივი ჩარჩოები და პოლიტიკის ინიციატივები შავი ზღვის გარემოს დაცვისთვის;
  • საზოგადოების ჩართულობა და განათლება შავი ზღვის დაცვისთვის;
  • შავი ზღვის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა და პოლიტიკა;
  • შავი ზღვის რეგიონული დინამიკა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოება;
  • კლიმატის ცვლილება და შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა: იზოლირებული ზღვა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები;
  • ექსტრემალური მოვლენები და კლიმატის ცვლილების გავლენა შავი ზღვის რეგიონში;
  • განახლებადი ენერგია და მდგრადი გადაწყვეტილებები, კლიმატის ცვლილების ეფექტების შესამცირებლად შავ ზღვაში;
  • სანაპირო ქალაქები და მათი განვითარება შავი ზღვის რეგიონში: ეკოლოგიური მდგომარეობა და სანაპირო გარემოსდაცვითი პოლიტიკა.

    მონაწილეების მოხსენება და პრეზენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს:

    • ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ის ფაილის სახით. შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი - 1.15;
    • სამუშაო ენა - ქართული;
    • ნაშრომის მოცულობა - მაქსიმუმ 5 გვერდიანი მოხსენება კონფერენციის სათაურის ქვეშ, არსებობის შემთხვევაში კონკრეტული ქვე-სათაურით;
    • ნაშრომში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, უნივერსიტეტის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი;
    • ნაშრომი უნდა მოიცავდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს;
    • ნაშრომის პრეზენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი Power Point Presentation-ის ფორმატში, სადაც აღნიშნული იქნება ავტორის სახელი, გვარი და მოხსენების სათაური.

ნამუშევრების წარდგენის წესი:

ნაშრომისა და პრეზენტაციის ელექტრონული ვერსიები გამოგზავნილი უნდა იყოს Word და Power Point Presentation დოკუმენტების სახით, 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: mariamgabunia.afsm@gmail.com სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს „სტუდენტური კონფერენცია“.

პრეზენტაციის დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს (კითხვა-პასუხის სესიის ჩათვლით). მოხსენება უნდა იყოს წარდგენილი ინდივიდუალურად. პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შერჩეული საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრისათვის აუცილებელ რესურსებსა და  შესაძლებლობებს.

მონაწილეების ნამუშევრებსა და პრეზენტაციას, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია. შედეგად, კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს (სამი საპრიზო ადგილი). გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ პრიზები. ყველა მომხსენებელი მიიღებს კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.  

კონფერენცია გაიმართება ქალაქ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი №32–ში.

სტუდენტური კონფერენციის შესახებ საკონტაქტო პირია: მარიამ გაბუნია 597877957.