მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის თანადაფინანსება
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის  თანადაფინანსება

მიზანი: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

აღწერა: პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი იღებს თანადაფინანსებას ახალი მოტობლოკის შესაძენად, რომლის ღირებულების 80%-მდე (არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით) ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. პროგრამა მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და მიმართულია მცირე მიწათმოქმედი დევნილების ეკონომიკური აქტიურობისა და თვითდასაქმების წახალისებაზე. თანადაფინანსება გაიცემა ე.წ „ქეშბექის“ სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების სრულ ანაზღაურებას. ბენეფიციარის ანგარიშზე თანადაფინანსების თანხა ჩაირიცხება სამინისტროსთვის შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ. ბენეფიციარებზე თანადაფინანსება გაიცემა რიგითობის პრინციპით, ბიუჯეტის ამოწურვამდე. 

სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც გააჩნიათ 0,2 ჰექტარიდან 3 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მფლობელობაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო 0,2 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე ფართობის (ერთიანად ან ჯამურად) მიწის ნაკვეთი. მფლობელობის ფორმა შეიძლება იყოს:

  • საკუთრება/თანასაკუთრება;
  • იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;

თანადაფინანსების პირობები: პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება:

  • 7 და მეტი ცხენის ძალის სიმძლავრის წვრილღერძიანი (30 მმ-მდე) სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
  • 7 და მეტი ცხენის ძალის სიმძლავრის მსხვილღერძიანი (30 მმ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით;

შეზღუდვები: ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კალენდარული წლის ვადაში არ გაასხვისოს, გაცვალოს ან სარგებლობაში არ გადასცეს სხვა პირს პროგრამის ფარგლებში შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - მოტობლოკი.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა)პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) 2025 წელს განახლებული სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო 0,2 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე ფართობის (ერთიანად ან ჯამურად) მიწის ნაკვეთის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დ) პროგრამაში მონაწილეობის განაცხადი (ელექტრონული ფორმით);
ე) შესასყიდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე და უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის მახასიათებლების შესახებ ( მოდელი, სიმძლავრე, ღერძის ზომა და სხვა მახასიათებლები).
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახდის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი

ბენეფიციარის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ):

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგარანტიო დოკუმენტი;
  • შევსებული და ხელმოწერილი გადახდის მოთხოვნის ფორმის დასკანერებული ვერსია;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტები, სამინისტროს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

წესები და პირობები: 

  • განაცხადში მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია;
  • გაცნობილია ვებ გვერდზე - www.abkhazia.gov.ge გამოქვეყნებულ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული  პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის თანადაფინანსების“ პირობებს, შესაბამისობის კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების პირობებს;
  • ქვეპროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე.
  • ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
  • ქვეპროგრამის კომპონენტის ფარგლებში მიწის (უძრავი ქონების) ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაიცემა თანადაფინანსება მხოლოდ ერთ სასოფლოსამეურნეო ტექნიკაზე - მოტობლოკზე.
  • ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კალენდარული წლის ვადაში არ გაასხვისოს, გაცვალოს ან სარგებლობაში არ გადასცეს სხვა პირს პროგრამის ფარგლებში შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - მოტობლოკი.
  • სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მესამე პირებთან ან/და სხვა არსებული წყაროების გამოყენებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა განაცხადში მითითებული ინფორმაციის ან მისი ნაწილის უზუსტობა, იქნება ეს განმცხადებლის მიერ განზრახ/გაუფრთხილებლობით ან/და მესამე პირ(ებ)ის მიზეზით მცდარი ინფორმაციის მითითება, სამინისტრო იტოვებს უფლებას უპირობოდ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ განაცხადში მითითებული მცდარი ინფორმაციის მიზეზით სამინისტროს მიადგება მატერიალური ან/და არამატერიალური, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანი, განმცხადებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ზიანთან დაკავშირებით;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადის შევსებასთან ან/და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირდაპირ/არაპირდაპირ ხარჯზე;
  • განაცხადი არ შეიძლება განმცხადებლის ან/და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მიერ განხილულ იქნეს, როგორც სამინისტროს რაიმე სახის პირდაპირი/არაპირდაპირი დაპირება;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ / არაპირდაპირ შედეგებზე;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ დანახარჯებზე.
  • პოტენციური ბენეფიციარი აცნობიერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემდგომი გაძვირების შესაძლებლობას და მზად არის საკუთარი თანამონაწილეობით დაფაროს გაძვირების შედეგად წარმოქმნილი ფასთა სხვაობა;
  • განაცხადის წარდგენიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ნივთის ფასის კლების შემთხვევაში, პროპორციულად მცირდება განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების თანხის ოდენობა, თანადაფინანსების წილობრივი მაქსიმალური ოდენობის (80%) გათვალისწინებით.

პროცედურა:

  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადის შემოტანა
  • სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, წარმოდგენილი ინფორმაციისა და თანდართული ფაილების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
  • შესაბამისობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება განაცხადზე უარი, გამომწვევ მიზეზებთან ერთად. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს თავიდან შემოაქვს განაცხადი.
  • შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
  • სამინისტროსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
    ხელშეკრულება ფორმდება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართზე: ქ.თბილისი, მ.თამარაშვილის 15ა, II სართული) ან დისტანციურად, ელექტრონული კვალიფიკაციური ხელმოწერის გამოყენებით.
    სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ხელშეკრულების გაფორმების დროს, შესაძლებელია ბენეფიციარის ნაცვლად, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს მინდობილმა პირმა, შესაბამისი, ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობის არსებობის შემთხვევაში.
  • ბენეფიციარი შეისყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და გადახდის ქვითარსა და საგარანტიო ბარათს, სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად, წარუდგენს სამინისტროს.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, 2 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტრო უნაზღაურებს ბენეფიციარს თანადაფინანსების თანხას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დოკუმენტურ და საველე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.
განაცხადის შევსება