
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილთა ჩასახლებაში მდებარე მე-18 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა იმყოფებოდნენ.


დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
პრემიერმა საანგარიშო მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა:
„რაც შეეხება შერიგება-თანასწორობის მიმართულებით მთავრობის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორცილება. ჩვენი მიზანია საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების შერიგება.
ჩვენ ძალიან ბევრს ვეხმარებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ძმებს და დებს, ამის თაობაზე ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ეს არის შეგნებული პოლიტიკა, გააზრებული პოლიტიკა, ამიტომ არ გვსურს ამის აფიშირება, თუმცა მინდა გითხრა,თ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისებით. მაგალითად 230 სტუდენტი ჩაირიცხა გასულ წელს, 1300 -ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის სერვისებით და რა თქმა უნდა, ეს დახმარებები გაგრძელდება მომავალშიც.
საერთოდ ერთი მინდა ვთქვა, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა, რომლის გარშემოც ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.საუბედუროდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა.
მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი სულ რაღაც რამდენიმე ასეულ, თუ არ ვცდები 200 მილიონ დოლარს შეადგენს, აქედან სრულად არის დოტაციაზე მათი ეს ბიუჯეტი და მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გქვონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთის რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი მეორე მონტე კარლო, შეიძლება ასე ითქვას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები, რომ იტყვიან, მოვიშუშოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება და შერიგება იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში, ევროპულ საქართველოში“.
ყოველწლიურ ანგარიშში პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო დევნილი მოსახლეობის განსახლების საკითხს.
„რაც შეეხება ზოგადად დევნილების მიმართულებით, ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას, იცით, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს. ჩვენ 13 000 ოჯახს ავუშენებთ ბინებს, ეს არის 900 მილიონი ლარის პროექტი, მომდევნო ორ-სამ წელიწადში დასრულდება აღნიშნული პროექტი და 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. სულ, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 29 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგებს და ხელოვანებს შეხვდა.
მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს რუსლან აბაშიძემ მიმართა. დამსახურებულ პედაგოგებს და ხელოვანებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, მადლობა გადაუხადა წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
დღესვე, არტ-გალერეაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამისა“ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების ავტორებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ასევე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, სადაც ავტორებმა დეტალურად ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე.
აღნიშნული პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა, მათი მდიდარი ინტელექტურალური პოტენციალის გაღრმავების, აფხაზეთის თემატიკის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში კიდევ უფრო წარმოჩენის და სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა.
ღონისძიებები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მერაბ ფიფიას და ავთანდილ შენგელიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. შეხვედრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, სამეცნიერო წრეების, განათლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლა მოინახულეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გახსნეს.
სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია 2022 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით, რუმინეთის განვითარების ფონდისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდა.
დარბაზის გახსნას რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია შშმ მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტეგრაციისა და ჩართულობის ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდები ბაკურიანში ათი დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას. პროგრამის ბენეფიციარები დარგის ექსპერტების ჩართულობით ინტეგრაციის, პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებით ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდნენ.


„დიალოგი მშვიდობისთვის“ კონფერენციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ საზოგადეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
რუსლან აბაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე და დაგეგმილ იმ პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხორციელდება. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სამშვიდობო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.
კონფერენცია სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი საზოგადეობის ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად მათ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. შეხვედრაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ღვაწლმოსილი ადამიანები მონაწილეობდნენ.


„გარდენ ჰოლში“ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად ძალოსანი - კახი ასანიძე, ძალოსანი - საბა ასანიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე - ლუკა ღვინჯილია, მოციგურავე - ლუკა ბერულავა, პარამოფარიკავე - ირმა ხეცურიანი, მაგიდის ჩოგბურთელი - ანასტასია ჩხარტიშვილი, ძალოსანი - მარიამ მურღვლიანი, ძიუდოისტი - გიორგი გეგია, რაგბის კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი - ლევან ჯობავა, საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტი - გოდერძი ჩიხრაძე დასახელდნენ.
სპორტსმენებს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ გადასცეს. ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება. ნომინანტების შერჩევა სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება.


ახალგაზრდული მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც იმ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს მიერ მიმდინარე საანგარიშო წელს განხორციელდა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია” დაამტკიცა, რომელიც საფუძვლად დაედო სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შექმნას. აღნიშნული „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმა მთავრობის სხდომაზე პრემიერს წარედგინა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტს მეუფე შიოს შეხვდა.
საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის საქმიანობაზე, ასევე დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების ბოლოს მადრიდში მცხოვრები დევნილი ემიგრანტებისთვის, მოეწყო ემიგრაციაში მოღვაწე დიდი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის გიორგი აფხაზის ნამუშევრების ვირტუალური გამოფენა.
შეხვედრა პროგრამის „დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL“ შტაბ-ბინაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ესპანურ ასოციაცია „TODOS SOMOS NIÑOS“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ესპანეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისა და ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს.
ხელშეკრულებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ესპანური ასოციაცია „TODOS SOMOS NIÑOS“-ის პრეზიდენტმა ანხელ მარუგან კალვომ მოაწერეს ხელი.
პროექტის ფარგლებში, მოზარდები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩევიან, სადაც პრიორიტეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს მიენიჭებათ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშების პრიზიორს, საფეხბურთო კლუბ „დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე სეზონში კლუბის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე ისაუბრა, სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და გუნდი ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა.
შეხვედრას საფეხბურთო კლუბ „დინამო“ სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თაქთაქიშვილი ესწრებოდა.


იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციფიკური ადამიანის უფლებების საჭიროებების სამართლებრივი გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.
გზამკვლევის შექმნის მიზანია შერიგებასა და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული სამართლებრივი დახმარება, კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ობიექტური, რეალური ინფორმაციის გაცვლა და კონსტრუქციული ტიპის დიალოგის ხელშეწყობა.
შეხვედრაში სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, განხილვის შედეგად მიღებული დამატებითი შენიშვნები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება.
ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროგრამის ,,სამშვიდობო რესურსი-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 11 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 3 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 11 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (8 სამხედრო - ოთარ გაგუა, რევაზ კვარაცხელია, ვახტანგ ხოჯანაშვილი, ბიძინა უშხვანი, ზვიადი უშხვანი, ბორის ბერულავა, სპირიდონ (ფრიდონ) თირქია, ხვიჩა დეკანოსიძე და 3 მშვიდობიანი მოქალაქე - გიორგი ჯოხაძე, ოთარ თუთისანი, იური მაჭარაშვილი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
