აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს, - ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზური ენის დასაცავად კიდევ უფრო მეტი ღონისძიებები განხორციელდება.
„27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე. საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. აფხაზური ენა იუნესკოს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი და საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევითი საგნის სახით ისწავლება და ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი ღონისძიებები განვახორციელოთ მის დასაცავად.
აფხაზური ენა ჩემთვისაც ძვირფასი და მშობლიურია და ვულოცავ ამ დღეს ყველას. დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ ერთმანეთთან ისევ დაახლოებას, ტკივილების მოშუშებას და მშვიდობიან და აყვავებულ ქვეყანაში ყველა ერთად ცხოვრებას“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.
საქართველოში აფხაზური ენის დღე 2007 წლიდან აღინიშნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნეს და სიტყვით გამოსვლისას ქვეყნისთვის ამ სტრატეგიული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ, ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და "ტალღმტეხელის" მოწყობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია „Jan De Nul N.V.“ ასრულებს, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული და მსოფლიოში არაერთი მსგავსი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული.
მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, ანაკლიის ახალი ნავსადგური პირველი გემების მიღებას 2029 წელს შეძლებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე ვეტერანებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ მიმართეს.
ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
„დღეს შევხვდით ღირსეულ ვეტერანებს, მივულოცეთ მათ 10 წლის იუბილე. შეუფასებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით, მივულოცო მათ დღევანდელი დღე და ჯანმრთელობა ვუსურვო“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ზუგდიდში, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო.
მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად ჩაუშვა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა.
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება - ექვსი 12-სართულიანი და ერთი 14-სართულიანი. პროექტს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარს შეადგენს.
დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც კლინიკაში განთავსებული ახალი სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერა.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთი-ერთი მძლავრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც ემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას და, ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების — რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე.
ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი 2024 წლის 5-6 ნოემბერს არის დაგეგმილი.
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ გახსნა, მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თბილისობის“ ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქცია, მოეწყო ტრადიციული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, აფხაზური თემატიკის ფოტო მასალა და ბეჭდური გამოცემები, გასტრონომიული და კალიგრაფიული მასტერკლასები, ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და ქვიშაზე მომზადებული ყავა სოხუმურად.
მოწვეული სტუმრების წინაშე აფხაზურ-ქართული მუსიკალური და ფოლკლორული წარმოდგენით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოტობაია“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ წარდგნენ.
„მინდა თბილისობა მივულოცო ჩემს თბილისს, თბილისელებს და ყველა კუთხის წარმომადგენლებს. განსაკუთრებით ჩემ დროებით დევნილ მოსახლეობას, დიდი ამაგი აქვს თბილისს ჩვენი დევნილი მოსახლეობის მიმართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს. ასევე, ყველა რაიონის გამგებელს იმ სიკეთისთვის და გვერდში დგომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად ჩვენი მოსახლეობის მიმართ იჩენენ. დღევანდელი ღონისძიება ამ ყველაფრის ნათელი დასტურია და დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა წარმოვაჩინოთ და გავუზიაროთ სხვადსხვა სტუმარს, მათ შორის ტურისტებს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, ძალიან მალე, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან სოხუმში გიმასპინძლებთ.“ - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ.
ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს არის გაგრის დაცემის დღე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ 1992 წელს გაგრაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, გმირთა მოედანზე საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.
გმირთა მემორიალთან აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა და ჟიული შარტავას შვილიშვილმა ზუგდიდში საქართველოს ეროვნულ გმირ ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნეს.
ბიუსტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სამშობლოს წინაშე ჟიული შარტავას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ. ბიუსტის გახსნაზე, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
„ბატონი ჟიული შარტავა ყველასთვის ცნობილი პიროვნებაა. ადამიანი, რომელმაც, ვიტყოდი, რომ გარდაცვალების შემდეგაც შექმნა ახალი ეპოქა და ამის დასტურია ქალბატონი ლიკას, მისი შვილიშვილის ჩვენს გუნდში ყოფნა, გაწევრიანება ჩვენს დიდ პოლიტიკურ ოჯახში. იმედი მაქვს, ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ბატონი ჟიულის სახელის უკვდავსაყოფად" - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ჟიული შარტავას ბიუსტი "ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოების" ინიციატივით შეიქმნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკისთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "აზდაკის ბაღის“ - ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ აფხაზეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ინტეგრირებული თეატრის ახალი სეზონი წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლით "Hellados", რომელიც სოხუმში განვითარებულ მოვლენებზეა და ასახავს ორი მეგობრისა და სამშობლოს სიყვარულის ისტორიას.
ინტეგრირებული თეატრის მიზანია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თეატრით, გამოსცადონ თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
სოხუმის დაცემის დღეს, ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას საფლავზე მამა ლევან ჯანაშიამ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც ჟიული შარტავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, 30-მდე ქართველთან ერთად, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, სოხუმის დაცემის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიასა და გენო ადამიას საფლავები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
დღესვე ლევან მგალობლიშვილმა პატივი მიაგო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესა და დევნილობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილს.