საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2023: საქართველო - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ, ყველამ ერთად, ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ხალხის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის. მინდა გულწრფელად ყველა დიპლომატს, ყველა ელჩს გადაგიხადოთ მთავრობის სახელით მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის, პატრიოტიზმისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გზა არ ყოფილა იოლი, ძალიან ბევრი საქმე იქნა გაწეული როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის მიერ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიერ და შედეგი გვაქვს სახეზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი გამოსვლაში ასევე ქვეყნის მთავარ გამოწვევას, ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს შეეხო.
„ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება, რამაც უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგები მოიტანა, ასე ვთქვათ, დაიწყო და მოიტანა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის.
რა თქმა უნდა, მე კარგად მესმის ის სირთულეები, რომლებიც დღეს რჩება ჩვენს ქვეყანაში. მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და, სამწუხაროდ, 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა არის ოკუპირებული და ვერ ვახორციელებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაა. ორდღიან კონფერენციაზე მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოებისა და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში, ასევე − ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა, მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და აფხაზეთის მთავრობის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც დევნილი საზოგადოების საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.
იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ სოციალური, ინფრასტრუქტურული, დევნილთა მხარდაჭერისა და სამოქალაქო სერვისების მიმართულებებით განხორციელებული საქმიანობა.
პრეზენტაციის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერან ქართველ სპორტსმენს, საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელსა და კვიპროსის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას უმასპინძლა. მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერან ფეხბურთელს სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დიპლომით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. ნომინანტების შერჩევა სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
ბიუროს უფროსმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრზე, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, სასწავლო პროგრამების შესწავლისა და მათ ქართულ საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მიზნით.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო წლის განმავლობაში შემოწმებული თანამდებობის პირების, დასრულებული მონიტორინგისა და დაჯარიმებულ პირთა რაოდენობების შესახებ სტატისტიკა, ასევე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესების სტატისტიკური მონაცემები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კავკასიის უნივერსიტეტში, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ საშობაო საგალობლების თვითმასწავლებელი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, თბილისის საკრებულოსა და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის მხარდაჭერით გამოიცა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიმართა, რომელმაც ახალი კრებულის შექმნაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და ანსამბლ „შავნაბადას“ საქმიანობის განსაკუთრებულობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საშობაო საგალობლების სასწავლო კრებულში აუდიო ნიმუშები წარმოდგენილია ერთიან და დაშლილ ხმებად, რომელსაც თან ერთვის ქართულ საეკლესიო გალობის კრებულსა და ქართული გალობის ანთოლოგიაში შესული საგალობელთა სანოტო ვერსიები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და მოზარდების ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით შემეცნებით-სახალისო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში საჩუქრები სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და ვეტერანთა ოჯახის წევრ, 5-12 წლის ასაკის, აფხაზეთიდან დევნილ 50 მოზარდს გადაეცა.
ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2023 წლის წარმატებულ მოსწავლეებს ნოუთბუქები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საჩუქრები 19 აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდას გადაეცა, რომლებმაც 2023 წელს საბაზო საფეხური უმაღლესი შეფასებით დაასრულეს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრთან თანამშრომლობით გამოფენა „აფხაზეთის არქივი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მემატიანე“ მოეწყო.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ მიმართეს.
ღონისძიებაზე პროექტის პრეზენტაცია აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ, გაზეთების მფლობელ როლანდ რუხაძესთან და გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქტორ გულიადა ჭკადუასთან ერთად წარადგინა. როლანდ რუხაძეს, რომელიც 19 წლის განმავლობაში ინახავდა 1986-1992 წლებში გამოცემულ გაზეთებს, აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებებისათვის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე დაფუძნებული საარქივო მასალის გაცნობასა და ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დეოკუპაციასა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე. ასევე, ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას და ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება და აქვე მინდა შევეხო შერიგების პოლიტიკას, რომელიც „ქართული ოცნების" გაცხადებული პოლიტიკაა. ჩვენი გაცხადებული მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროექტები და პროგრამები დავაფინანსეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის მიღმა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ამ პროექტს თუ პროგრამას ყოველგვარი ზედმეტი აფიშირების გარეშე ვახორციელებთ შეგნებულად, მიზანმიმართულად, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთი პროგრამების ხელშეწყობას. მინდა ინფორმაციისთვის გაგიზიაროთ კონკრეტული მონაცემი, რომ 1500-ამდე პაციენტს უმკურნალა სახელმწიფომ, იგივე ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გადმოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოვახდინეთ რუხის საავადმყოფოსა, აქ შეიქმნა მრავალპროფილური სამედიცინო სერვისი, 14-ზე მეტი მიმართულებით ვაწვდით ჩვენ სამედიცინო სერვისებს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სწორედ ამ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო მომსახურეობა.
ჩვენ ვეხმარებით ასევე სტუდენტებს, რომლებიც უგამოცდოდ ირიცხებიან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში.
რა თქმა უნდა, ჩვენი მადლიერება მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმართ, რომელთა დახმარების შედეგად განხორციელდა უკვე 58 პირის ნეშტის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება.
ასე ვთქვათ, 4-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ჟენევის ფორმატის შენარჩუნება, აქაც მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ჟენევის ფორმატში“, - განაცხადა პრემიერმა.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და პროექტის ავტორებმა გადასცეს.
პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ მეოთხე წელია იმართება და მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული აფხაზეთელების საზოგადოებისთვის გაცნობას.
კონკურსის შედეგად შერჩეულ საუკეთესო და საინტერესო ისტორიის მქონე გმირებზე მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდეგ ჟურნალ „სითიში“ გამოქვეყნდება. მასალა განთავსდება ასევე გამომცემლობის ონლაინ პლატფორმასა და სააგენტოს ვებგვერდზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავისუფლების მოედანზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცეს და ქვეყნისთვის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო! პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას! ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. მე გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ისტორიულ გადაწყვეტილებას და ისტორიულ გამარჯვებას, ჩემო მეგობრებო! ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს! დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე“ შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა პრეზენტაციები „დევნილთა სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე“ და ასევე, პროექტის: „ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გამოწვევების კვლევის“ შედეგების შესახებ.
შეხვედრის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება მოქმედ სამართლებრივ სერვისებზე, სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება დევნილთა სამართლებრივი დახმარების კუთხით.
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.
ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი პრობლემები.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა და დელეგაციის მიერ დაიგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას. რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება და დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ─ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, დატოვეს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის აპრილში გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-ს და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 17 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.
90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.
იდენტიფიცირებული მებრძოლების ნეშტებს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.