აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ კუბერნატს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ ჩეხ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.

მთავრობის თავმჯდომარემ ჩეხეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. რუსლან აბაშიძემ ასევე, ელჩს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მიერ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

პეტრ კუბერნატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ, თავის მხრივ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე იანა გაშპარიკოვა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით სტუდენტური კონფერენცია „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება" გაიმართა

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სტუდენტური კონფერენცია „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიიღეს.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა სტუდენტური კონფერენციის „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.  

კონფერენციის გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი რევაზ ბერულავა გახდა, მეორე ადგილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა კესანე არშბამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე კობაიძე გავიდა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში 1996 წლიდან აღინიშნება.

პროექტ „სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა ქვეპროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში, პროექტი „სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისათვის“ განახორციელა.

პროექტი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების იურიდიული/სამართლის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის აფხაზეთიდან დევნილი 30 სტუდენტისთვის 90 დღის განმავლობაში სისხლის სამართლის პროცესის საადვოკატო პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებდა. სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები სისხლის სამართლის პროცესსა და მის შემდეგ დისციპლინებში: კრიმინალისტიკა, კრიმინოლოგია, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, განხილვები სასამართლო ინსტანციებში. ასევე, მონაწილეები დაესწრნენ ყველა ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვებს.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდული ინიციატივებისა და საქმიანობის ხელშეწყობა იყო.

 

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოხუმში დაბადებული ქართველი ებრაელის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორია (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექცია - ლაილაშის ბიბლია, ებრაელთა ისტორიის, მათი შემოსვლის ამსახველი „ქართლის ცხოვრების“ ფურცლები, ებრაული კოლექციის ხელნაწერთა ფოტორეპროდუქციები და საინფორმაციო ბანერები.

ღონისძიება კავკასიის სოციო (ეთნო) ლინგვისტური ასოციაცია „ებრაული სააგენტო ისრაელისთვის“ და ქართულ-ებრაული სამეცნიერო-კვლევითი და კულტურული ცენტრის „ფესვები“  პარტნიორობით განხორციელდა და მისი მიზანია ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების წარმოჩენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წიგნი „საქართველოს ებრაელთა ისტორია“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით გამოიცა და მასში შესულია უნიკალური საარქივო მასალები.

რუსლან აბაშიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე სამუშაო დღე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივი, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ ეკონომიკას. მინისტრმა ფორუმის დელეგატებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნის პროცესში გადადგმული ნაბიჯების და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

საერთაშორისო ფორუმი ქვეყნებს, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დიალოგისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელმაც ორი დღის განმავლობაში 60-მდე ქვეყნიდან 2000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.

რუსლან აბაშიძე „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის გახსნას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ოპერისა და ბალეტის თეატრში „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის გახსნას დაესწრო.
 
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წელს დააფუძნა და მისი პატრონაჟით იმართება. ღონისძიება თბილისში უკვე მეოთხედ ტარდება, ის საერთაშორისო მნიშვნელობის, მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც წელს მონაწილეობას იღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის მთავარი თემა წელს დაკავშირებადობაა.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მიმართეს.

შეხვედრის მონაწილეებმა იმ შემოთავაზებებსა და პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს განვითარებისა და ინტეგრაციის საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს. ასევე, მოისმინეს ახალგაზრდების ინიციატივები და მოსაზრებები მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ მიმართა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავამ სტუმრებს სამინისტროს კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები გააცნო, ხოლო აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის მიზანს ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარება და მხარდაჭერა, უკვე არსებული შედეგების გაცნობა, ასევე კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სამომავლო საქმიანობის პროცესში, სიახლეების შეტანა წარმოადგენდა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით. ასევე, შეხვედრებისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების ხელშეწყობას ემსახურება.

შეხვედრის მიმდინარეობისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ პერსონალს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც უნივერსიტეტი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ახორციელებს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლის „უეცრად გასულ ზაფხულს“ პრემიერა გაიმართა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის 138-ე სეზონი სპექტაკლის „უეცრად გასულ ზაფხულს“ პრემიერით გაიხსნა. სპექტაკლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.

სპექტაკლი ამერიკელი მწერლისა და დრამატურგის ტენესი უილიამსის პიესის მიხედვით რეჟისორმა ჯეისონ ჰეილიმ დადგა. პიესა ფსიქოლოგიური დრამაა, რომელშიც მოქმედება 1930-იანი წლებში, ახალ ორლეანში ვითარდება.

პრემიერის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით საყვარელიძეს თეატრის ახალი სეზონის გახსნა მიულოცა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

სპექტაკლის პრემიერას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიების ბოლოს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ოფიციალური მიღება გაიმართა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოხუმის დრამატული თეატრის ისტორიის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალას გასცნობოდნენ - მიწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

რუსლან აბაშიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ იაპონელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის თავმჯდომარემ იაპონიის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

იშიძუკა ჰიდეკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ოტარო ივატარე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს თეიმურაზ დოჭვირს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებით აღნიშნა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, საერთო კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების სათანადოდ შესწავლის, თავმოყრისა და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემის, ახლად მოძიებული ისტორიული ფაქტებისა და მდიდარი საარქივო დოკუმენტების მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის მთავრობის სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა აღნიშნა, რომ რუსთაველის ფონდი ახორციელებს და მომავალშიც მხარს დაუჭერს მსგავსი მიმართულების მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მსოფლიო კულტურულ და სამეცნიერო სივრცეში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ემსახურება. 

შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა უწყებებს შორის სამომავლოდ განსახორციელებელი ერთობლივი ღონისძიებები.

სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.

რუსლან აბაშიძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე ვეტერანებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძემ მიმართეს.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში. მისივე თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული და მალე გამოაცხადებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის.

ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს პატრიარქის მილოცვა წაიკითხა.

ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახალხო დამცველთან კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველმა კონფლიქტურ რეგიონებში და უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, USAID/კავკასიის, დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კორინ როთბლუმი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი საბედაშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, ძირითადი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის სავარაუდო გზები. ისაუბრეს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ამოცანებზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო თანამეგობრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის როლზე.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

რუსლან აბაშიძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო.

სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

სვეტიცხოველში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.